ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის ორგზის ჩემპიონი, რეიტინგსიის მეორე ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი წლევანდელი გათამაშების მეოთხე წრეში 25 წლის კოლუმბიელი ალეხანდრო გონსალესის 6:1, 3:6, 6:1 დამარცხების შემდეგ გავიდა. კლასიფიკაციის 91-ე ადგილზე მყოფი სამხრეთამერიკელის წინააღმდეგობის დასაძლევად საათი და 37 წუთი დასჭირდა.
ჯოკოვიჩი და გონსალესი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. “ნოლეს” აქტივში 4 ბრეიკი და 6 ეისია, მისი მომდევნო მეტოქე კი ხორვატი მარინ ჩილიჩია. ამ უკანასკნელმა კალიფორნიის შტატის მესამე ეტაპზე ესპანელ ტომი რობრედოს მოუგო.
გონსალესთან მატჩის დასრულებისთანავე ჯოკოვიჩი ჟურნალისტებს გაესაუბრა, კოლუმბიელთან დაპირისპირებაზეც თქვა და ჩილიჩთან მომავალ შეხვედრაზეც გაამახვილა ყურადღება: “დრო დამჭირდა, რათა თამაშში “შევსულიყავი”. თუმცა, პირველივე სეტში კარგად ვითამაშე. Aმის შემდეგ კონცეტრაცია მოვადუნე და მოწინააღმდეგეს მეორე პარტიის მოგების საშუალება მივეცი. მოვლენათა ამგვარი განვითარება ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. გადამწყვეტ სეტში ყურადღების მაქსიმუმით ვითამაშე და საქმე მოგებამდე მივიყვანე.
მომდევნო პაექრობებში ოდნავი მოდუნების შმთხვევაში მეტოქეები მკაცრად დამსჯიან. ჩილიჩთან რთული ორთაბრძოლა მელის. ბოლო რამდენიმე თვეა მარინი გორან ივანიშევიჩთან თანამშრომლობს და საგრძნობლად მოუმატა. მასთან დაპირისპირებისას საუკეთესო თვისებები ბოლომდე უნდა გამოვავლინო”.