მიუნხენის “ბაიერნის” 3 ფეხბურთელი მარიო გიოტცე, მარიო გომესი და იან კირხოფი კლუბმა იმის გამო დააჯარიმა, რომ ისინი ოფიციალურ ღონისძიებებზე “დაუშვებელი სამოსით” გამოცხადდნენ.
საქმე ეხება “ნაიკის” ლოგოტიპიან მაისურებსა და ქუდს. გიოტცე და კირხოფი პრეზენტაციაზე თავიანთი პირადი სპონსორის ლოგოიანი მაისურებით გამოცხადდნენ, ხოლო გომესმა, ღია ვარჯიშის დროს, “ნაიკის” ქუდი დაიხურა. როგორც ირკვევა, ეს დისციპლინის დარღვევაა. ამის მიზეზი “ბაიერნსა” და “ადიდასს” შორის არსებული სპონსორული შეთანხმებაა.
გერმანული პრესის ცნობით, ფეხბურთელებს მინიმუმ 10-10 ათასი ევროს გადახდა მოუწევთ. ეს თანხა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდება.