ფეხბურთი

2:58 | 3.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნის” დიდი უპირატესობა და “ბარსას” დიდი დანაკლისი

მთავარი კითხვა: ითამაშებს მესი “კამპ ნოუზე”?

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალების პირველი დღის შემდეგ, კმაყოფილების საბაბი მხოლოდ “ბაიერნის” გულშემატკივრებს აქვთ. მიუნხენელებმა “იუვენტუსს” 2:0 მოუგეს და ანგარიშს რომ თავი დავანებოთ, გუნდების მიერ ნაჩვენები ფეხბურთი ტურინული გუნდის ქომაგებს ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ აძლევს. მე-2 შეხვედრაში, “ბარსამ” პარიზში 2 გოლი გაიტანა და არ წააგო, მაგრამ კატალონიელები შინ 2 ტრავმირებული ფეხბურთელით ბრუნდებიან. პუიოლის არყოფნაში, მასკერანოს ტრავმა დიდი დანაკლისი კი არის, მაგრამ “ბარსას” მე-14 ნომრის გამოკლება მესის ტრავმასთან შედარებით აბა რა მოსატანია. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა მუხლი დაიზიანა და დიდი ალბათობით, ის განმეორებით შეხვედრაში ვერ ითამაშებს.

როგორც ჩანს, “ბაიერნის” ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგაზე სწრაფი გოლების გატანა უყვართ. 2007 წელს, მიუნხენელთა შემტევს, როი მაკაის “რეალის” კარის ასაღებად მხოლოდ 10 წამი დასჭირდა, რაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ამჯერად, “ბაიერნმა” გონს მოსვლა “იუვენტუსს” არ დააცადა. მიმდინარეობდა 23-ე წამი, როდესაც ალაბას შორეული დარტყმისა და მცირე რიკოშეტის შემდეგ, ბურთმა ისეთი ტრაექტორია მოხაზა, რომ ჯიჯი ბუფონიც კი უძლური იყო. ეს გოლი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფებში სისწრაფით მეორეა, უკვე ნახსენები მაკაის გოლის შემდეგ. საინტერესოა, რომ ორივე შემთხვევაში, თამაში “ბაიერნის” მეტოქემ დაიწყო.

ძნელი სათქმელია, სწრაფმა გოლმა იმოქმედა ასე ცუდად, თუ კონტეს გუნდი ასეთი ძლიერი მეტოქისთვის კონკურენციის გასაწევად ჯერ მზად არაა. ფაქტია, რომ “ბაიერნმა” მეტოქე ყველაფერში დაჩაგრა. განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მოედნის ცენტრში და მე-2 სართულზე მიუნხენელთა უპირატესობა. პირველ ტაიმში, მასპინძლებს კიდევ არაერთი გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ “იუვე” ბუფონმა და იღბალმა იხსნა. შესვენებამდე, სტუმრებს ერთადერთი რეალური მომენტი შეექმნათ, მაგრამ ბონუჩის თავურის შემდეგ, ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.

პირველი ტაიმის მსგავსი სცენარით წარიმართა მე-2 ნახევარიც. მასპინძლები სტუმართა მცველებს გასაქანს არ აძლევდნენ, უჩვეულოდ სუსტი იყო ანდრეა პირლო და აქედან გამომდინარე, “იუვეს” მოედნის ცენტრი მეტოქისთვის ჰქონდა ჩაბარებული. “ბაიერნი” კი სახიფათო მომენტების შექმნას განაგრძობდა. 63-ე წუთზე, ალაბას მორიგი შორეული დარტყმის შემდეგ, ბუფონმა ბურთი იქვე მდგომი მანჯუკიჩის მიმართულებით მოიგერია. ხორვატმა შემტევმა ძალიან კარგად ითამაშა. მახვილი კუთხიდან დარტყმას მან ბურთის გაჩერება ამჯობინა, რასაც ცარიელი კარის წინ მყოფი მიულერისთვის გადაცემის გაკეთება და მე-2 გოლის გატანა მოჰყვა. თამაშის დარჩენილ ნაწილში, სახიფათო მომენტის შექმნა ორივე გუნდმა მოახერხა, მაგრამ მეკარეები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და მეტი გოლი აღარ გასულა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბაიერნი” ტურინში დიდი უპირატესობით მიემგზავრება. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთადერთხელ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ფლეი ოფის პირველი თამაშის 0:2 წაგების შემდეგ, გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა. ეს ცოტა ხნის წინათ “ბარსელონამ” მოახერხა.

სწორედ “ბარსელონა” თამაშობდა დღის მე-2 შეხვედრაში. პარიზში გამართული მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. საწყის წუთებში, პსჟ უფრო სახიფათოდ უტევდა და ერთ-ერთ ეპიზოდში, ლავესის დაარტყმის შემდეგ, ვალდესის კარი ძელმა იხსნა. ნათლად ჩანდა, რომ კატალონიელებს პარიზელთა შემტევებთან გამკლავება უჭირდათ. სტუმართა მცველები ხშირად ცდებოდნენ და ჯარიმდებოდნენ, რის შედეგადაც, კატალონიელთა ოთხივე უკანახაზელმა ყვითელი ბარათი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში, მასპინძლებმა სტუმრებზე მეტი სახიფათო მომენტი შექმნეს, ვიქტორ ვალდესმა შესვენებამდე კარის მშრალად შენახვა მაინც მოახერხა. სათადარიგოთა სკამზე დაბრუნებული ტიტო ვილანოვას შეგირდები, პირველ ტაიმში, მეტოქის კარს სერიოზულად 2-ჯერ დაემუქრნენ. ჯერ ანდრეს ინიესტას მოჭრილი დარტყმა იყო, რომელიც მიზანს ოდნავ აცდა. 38-ე წუთზე, “ბარსამ” კუთხური ტრადიციულად უშედეგოდ მოაწოდა, მაგრამ პარიზელთა მიერ მოგერიებული ბურთი დანი ალვესთან აღმოჩნდა, ხოლო მეტოქის კარისკენ დაძრულ მასპინძლებს მესი გამოეპარათ და ბრაზილიელმაც არგენტინელს შესაშნიშნავი გადაცემა გაუკეთა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი სირიგუსთან პირისპირ გავიდა და ის ამ შანსს ხელიდან აბა როგორ გაუშვებდა. ამ ზუსტი დარტყმის წყალობით, მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა 20 ქალაქში მოახერხა. აქამდე, ის პირველობას რაულთან იყოფდა. გარდა ამისა, არგენტინელმა ლიგის მეოთხედფინალში თავისი მე-10 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებელით სწორედ რაულს გაუთანაბრდა.

დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონამდე, მესი 1/4-ფინალში გოლის გატანას ვეღარ მოახერხებს. იმ დროს, როდესაც არგენტინელმა გოლი გაიტანა, მას ტრავმა უკვე მიღებული ჰქონდა. არგენტინელმა შესვენებამდე მოიცადა, მაგრამ მე-2 ტაიმის დასაწყისში ის ფარბეგასმა ჩაანაცვლა. პირველადი და არაოფიციალური ინფორმაციით, “ბარსას” ათიანი განმეორებით შეხვედრას ხომ დააკლდება და თუ კატალონიელები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, მისი 1/2-ფინალის პირველ მატჩში თამაშიც საეჭვო იქნება.

“ბარსას” დანაკლისი ამით არ შემოიფარგლება. 6-კვირიანი ტრავმა მიიღო მასკერანომ და პუიოლის არყოფნაში, ტიტო ვილანოვას განკარგულებაში 2 ცენტრალური მცველი, ხერარდ პიკე და მარკ ბარტრა არიან. რამდენად ხელეწიფება ამ უკანასკნელს პსჟ-ს შეტევების ჩაშლა, ამას, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გავიგებთ.

დავუბრუნდეთ თამაშს. გატანილი გოლის შემდეგ, “ბარსამ” უპირატესობა ხელთ სრულად იგდო. კატალონიელთა კარნახით წარიმართა მე-2 ტაიმის უდიდესი ნაწილიც. მასპინძლები შეხვედრის ბოლო 15 წუთში გააქტიურდნენ, მათ ხელი გვერდითმა არბიტრმაც შეუწყო და ანგარიშიც გათანაბრდა. მე-8 წუთზე, მასპინძლებმა ჯარიმა მოაწოდეს, ტიაგუ სილვას თავურის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ დამატებაზე იბრაჰიმოვიჩმა ითამაშა და თავისი ყოფილის კლუბის კარი დალაშქრა. გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ტიაგუ სილვას დარტყმის დროს, იბრაჰიმოვიჩი იმდენად აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ ამის დაფიქსირება მხოლოდ გვერდით მსაჯს კი არა, მთავარ არბიტრსაც შეეძლო. შვედი “ბარსას” ბოლო მცველზე მთელი კორპუსით წინ იყო.

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, პსჟ-მ უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა, მაგრამ მორიგი გოლი მაინც მასპინძელთა კარში გავიდა. მე-2 ტაიმში არაერთ სიტუაციაში ცუდად მოთამაშე ალექსის სანჩესი გუნდს მაინც გამოადგა. სირიგუს მიერ მის საჯარიმოში წაქცევას თერთმეტმეტრიანის დანიშვნა და ჩავის ზუსტი დარტყმა მოჰყვა.

ანგარიშში მეორედ დაწინაურებულმა “ბარსელონამ” მოგება მაინც ვერ მოახერხა. მე-3 დამატებულ წუთზე, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ზლატანმა მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთისთვის ბრძოლა, რა თქმა უნდა, მოიგო და მასზე უკან მყოფ მატუიდის უპასა, ხოლო ამ უკანასკნელის დარტყმისა და რიკოშეტის შემდეგ, ვალდესმა ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა.

განმეორებითი თამაშის წინ, ანგარიში “ბარსელონას” სასასრგებლოდ მეტყველებს, მაგრამ დანაკლისი იმხელაა...

 

ბაიერნი-იუვენტუსი 2:0 (1:0)

მიუნხენი, “ალიანც არენა” 68000

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა, შვაინშტაიგერი, გუსტავო, მიულერი, კროოსი (რობენი 16), რიბერი (შაქირი 90+1), მანჯუკიჩი (გომესი 90).

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი.

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, პელუზო (პოგბა 75), მატრი (ვუჩინიჩი 65), კვალიარელა (ჯოვინკო 65).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლები: 1:0 ალაბა (1), 2:0 მიულერი (63).

გაფრთხილებები: მანჯუკიჩი 44, გუსტავო 82 – კიელინი 54, ვიდალი 67, ლიხტშტაინერი 76.

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 21 (12)-6 (2), კუთხური: 8-4, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-10, ჯარიმა: 16-17.

 

პსჟ-ბარსელონა 2:2 (0:1)

პარიზი, “პარკ დე პრენსი” 45336

პსჟ (4-4-2): სირიგუ, ჟალე, ალექსი, სილვა, მაქსველი, მოურა, ბექჰემი (ვერატი 70), მატუიდი, პასტორე (გამეირო 76), იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (მენესი 66).

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, მასკერანო (ბარტრა 84), ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, სანჩესი, მესი (ფაბრეგასი 46), ვილია (ტელიო 81).

მწვრთნელი: ტიტო ვილანოვა.

გოლები: 0:1 მესი (38), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (79), 1:2 ჩავი (89, პენ), 2:2 მატუიდი (90+3).

გაფრთხილებები: მატუიდი 65, ბექჰემი 68, იბრაჰიმოვიჩი 87, სირიგუ 89 - პიკე 18, ალბა 62, მასკერანო 75, ალვესი 85.

მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია).

ბურთის ფლობა: 35%-65%, დარტყმა: 10 (8)-10 (5), კუთხური: 4-7, თამაშგარე: 5-1, სეივი: 4-6, ჯარიმა: 12-12.

0.114124