ფეხბურთი

2:58 | 23.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” და “ბარსელონა” ერთმანეთს გამოცდიან

დღეს, მიუნხენის “ალიანც არენაზე”, სუპერმატჩი გაიმართება. მთელი სეზონის განმავლობაში ერთი ამოსუნთქვით მოთამაშე “ბაიერნი” იმ “ბარსელონას” უმასპინძლებს, რომელიც ბოლო წლებში, მსოფლიო ფეხბურთში სტანდარტებს აწესებდა და შესაძლოა, ახლაც ასეა. საქმე ისეთ ორრაუნდიან დაპირისპირებასთან გვაქვს, რომლის ფავორიტის დასახელებაც ძალიან ძნელია, თუ არა შეუძლებელი.

რთულია იმის გარკვევა, რომელი გუნდისთვის უფრო დიდი გამოცდა იქნება დღევანდელი მატჩი. ერთის მხრივ, ევროწარმატებას მოწყურებული “ბაიერნი” ბოლო 4 სეზონში ჩემპიონთა ლიგის 2-ჯერ მომგებ “ბარსელონას” მასპინძლობს. მეორეს მხრივ, მიმდინარე სეზონში მრავალჭირნახული “ბარსელონა” დაუჯერებელი შედეგების მქონე მიუნხენელებს უპირისპირდება.

მიმდინარე სეზონში, მიუნხენელებმა იმ საქმეს მიჰყვეს ხელი, რასაც ბოლო წლებში “ბარსელონა” და მისი არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი აკეთებენ – იუპ ჰაინკესის გუნდი არაერთი რეკორდის მესაკუთრე გახდა. ბუნდესლიგის სტარტზე ზედიზედ 8 მოგება, ჩემპიონობის 29 ტურში გაფორმება, 30 თამაშში 81 ქულის მოპოვება, სტუმრად 14-ჯერ გამარჯვება, ზედიზედ 13 თამაშის მოგება, გასვლაზე ჩატარებულ მატჩებში მხოლოდ 3 გოლის გაშვება... ეს არასრული ჩამონათვალია იმ რეკორდებისა, რომლების დასამყარებლადაც “ბაიერნს” მხოლოდ ერთი სეზონი დასჭირდა.

ბუნდესლიგის გასულ ტურში, “ბაიერნმა” დაამტკიცა, რომ არა ინდივიდუალისტების კრებული, არამედ გუნდია, რომელსაც ნებისმიერი ფეხბურთელის შეცვლა შეუძლია. დანტეს, ლამის, შვაინშტაიგერის, კროოსის, მანჯუკიჩისა და ხავი მარტინესის გარეშე მოთამაშე მიუნხენელებმა ევროსაგზურისთვის მებრძოლი “ჰანოვერი”, მისსავე მოედანზე, 6:1 გაანადგურეს. ასეთი გოლუხვი თამაშის ჩატარება “რეკორდმაისტერისთვის” სიახლე ნამდვილად არაა. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მიუნხენელებისთვის 4, 5, 6 ან თუნდაც 9 გოლის გატანაც კი არა უცხო.

“ბარსელონა” “ბაიერნის” მსგავსი შედეგებით ვერ დაიკვეხნის. მიუნხენელებისგან განსხვავებით, კატალონიელები ქვეყნის თასზე აღარ ასპარეზობენ და შესაბამისად, მათ 3 ტიტულის მოგების შანსი აღარ აქვთ. თუმცა, ტიტო ვილანოვას შეგირდები ესპანეთის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს არიან (არსებობს შანსი, რომ “ბარსამ” ჩემპიონობა მიმდინარე კვირის ბოლოს გაიფორმოს) და გარდა ამისა, ისინი ზედიზედ მეექვსედ მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ეს მიუხედავად იმისა, რომ “ბლაუგრანასთვის” სეზონი იოლი ნამდვილად არ ყოფილა. საკადრო პრობლემები ყველა გუნდს აწუხებს, მაგრამ 3 თვით მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩენა ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავი ნამდვილად არაა. თუ “ბაიერნისთვის” მიმდინარე სეზონს უპრობლემო ეთქმის, “ბარსელონაზე” შეიძლება ითქვას, რომ ეს გუნდი მის წინაშე არსებული პრობლემების გამკლავებას ახერხებს. კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იმისდა მიუხედავად გავიდნენ, რომ მათ ხან მთავარი მწვრთნელი აკლდათ, ხან გუნდის კაპიტანი, ხანაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.

გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია სათავეს 1996 წელს იღებს. უეფას თასის ნახევარფინალში, მიუნხენში გამართული დაპირისპირება 2:2 დასრულდა, ხოლო ბარსელონაში სტუმრებმა 2:1 მოიგეს. 2 წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ბაიერნმა” უკვე ორივე თამაში მოიგო – მიუნხენში 1:0 და ბარსელონაში კვლავ 2:1. 2009 წელს, “ბარსელონას” ჯერი დადგა. “ბაიერნის” მომავალი დამრიგებლის, პეპ გვარდიოლას მიერ გაწვრთნილმა კატალონიელებმა, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში, მიუნხენელებს 4 უპასუხო გოლი პირველივე ტაიმში გაუტანეს, ხოლო განმეორებითი თამაში 1:1 დასრულდა. ბოლო ორი მატჩიდან, დღეს გუნდში მყოფი ფეხბურთელებიდან, ორივეში ითამაშეს “ბარსელონას” მხრიდან ვალდესმა, ალვესმა, პიკემ, პუიოლმა, ჩავიმ, ინიესტამ და მესიმ, ხოლო “ბაიერნის” მხრიდან რიბერიმ. მონაწილეობა თითო შეხვედრაში მიიღეს ბუსკეტსმა, აბიდალმა და შვაინშტაიგერმა. ადვილი შესამჩნევია, ბოლო 4 წელიწადში, რომელი გუნდი რამდენად შეიცვალა.

“ბაიერნს”, ესპანურ გუნდებთან სულ 43-ჯერ უთამაშია. “რეკორდმაისტერმა” 20-ჯერ მოიგო, 12-ჯერ ფრედ ითამაშა და 11-ჯერ წააგო. საკუთარ კედლებში, მიუნხენელებმა 14-ჯერ იმარჯვეს, 5-ჯერ ფრედ ითამაშეს და მეტოქეს მოგების საშუალება მხოლოდ ერთხელ მისცეს.

გერმანიის წარმომადგენლებთან ჩატარებულ 51 თამაშში “ბარსას” 29 მოგება, 11 ფრე და ამდენივე წაგება დაუგროვდა. სტუმრად, კატალონიელებმა 9-ჯერ მოიგეს, 8-ჯერ ფრედ ითამაშეს და 5-ჯერ წააგეს.

მართალია, უშუალოდ დღევანდელ თამაშთან კავშირი არ აქვს, მაგრამ “ბაიერნისა” და “ბარსელონას” დაპირისპირების დროს, არ შეიძლება ცალკე არ გამოვყოთ პეპ გვარდიოლა. კატალონიელმა სპეციალისტმა, რომელიც “ბარსელონას” ჩაბარებამდე კლუბის ლეგენდა უკვე იყო, 4 სეზონში, 14 ტიტული მოიგო. მომდევნო სეზონიდან, ის მწვერვალების დაპყრობას უკვე “ბაიერნთან” ერთად შეეცდება. ან, შესაძლოა, მისი საზრუნავი გუნდის მწვერვალზე დატოვებაც იყოს.

ცნობისთვის – ერთადერთი შემთხვევა, როდესაც გვარდიოლა, როგორც მწვრთნელი, ჩემპიონთა ლიგის მატჩში სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს, სწორედ “ბაიერნთან” გამართულ შეხვედრაში მოხდა. თამაში, რომელიც “ბარსამ” 4:0 მოიგო, კატალონიელებმა უმწვრთნელოდ ჩაამთავრეს, ხოლო მიუნხენში გამართულ განმეორებით მატჩში, სტუმრებს ტიტო ვილანოვა წვრთნიდა. ასე რომ, კატალონიელთა ამჟამინდელი დამრიგებელი იმ სტადიონს უბრუნდება, რომელზეც მისი, როგორც მთავარი მწვრთნელის ნათლობა შედგა.

შეხვედრას უნგრელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის ვიქტორ კაშაის მეთაურობით. ეს არბიტრები “ბარსელონასთვის” წარმატების მომტანნი არიან. მიმდინარე სეზონში, როდესაც ვილანოვას გუნდმა “მილანი” 4:0 გაანადგურა, თამაშს სწორედ ისინი სჯიდნენ. იგივე ბრიგადა ემსახურებოდა 2011 წელს, “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩატარებულ შეხვედრას, რომელიც ესპანელებმა 3:1 მოიგეს. ვიქტორ კაშაი და მისი გუნდი წარმატებულია “ბაიერნისთვისაც”. 2011 წელს, ლიგის 1/8-ფინალში, მიუნხენელებმა “ინტერი” მილანში 1:0 დაამარცხეს. მომდევნო სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ჰაინკესის გუნდმა “სიტის” 2:0 სძლია. იმავე სეზონის ნახევარფინალში, “ბაიერნმა” “რეალთან” მადრიდში 1:2 კი წააგო, მაგრამ მიუნხენელები ფინალში მაინც გავიდნენ.

დღევანდელ მატჩში, მასპინძელთაგან, ტონი კროოსი, ჰოლგერ ბადშტრუბერი და მარიო მანჯუკიჩი ვერ ითამაშებენ. პირველი 2 მათგანი ტრავმირებულია, ხოლო ხორვატი თავდამსხმელი – დისკვალიფიცირებული. მართალია, მანჯუკიჩი “ბაიერნის” ძირითად ცენტრფორვარდად ითვლება, მაგრამ მარიო გომესისა და კლაუდიო პისაროს შედეგიანობის შემხვედვარე ვილანოვას სიხარულის მიზეზი ნამდვილად არ აქვს.

უფრო სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს “ბარსელონას”. კარლეს პუიოლი და ხავიერ მასკერანო ტრავმირებულნი არიან, დისკვალიფიკაცია აქვს ადრიანოს. შედეგად, ტიტო ვილანოვას მთავარი თავისტკივილი დაცვის ცენტრში ხერარდ პიკეს მეწყვილის მოძებნაა. კანდიდატი ორია – მარკ ბარტრა და ერიკ აბიდალი. გასულ უქმეებზე, აბიდალმა სრული მატჩის ჩატარება მიმდინარე სეზონში პირველად მოახერხა. ხსენებულმა ორივე მცველმა თავისი ბოლო თამაში ძალიან კარგად ჩაატარა. განსაკუთრებით ეს აბიდალზე ითქმის, მაგრამ ძირითადში მოხვედრის უფრო მეტი შანსი ალბათ მაინც ბარტრას აქვს. კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ლიონელ მესის თამაში. არგენტინელმა სრული დატვირთვით ვარჯიში კი დაიწყო, მაგრამ ექიმებისგან თამაშის ნებართვა მას ჯერ არ მიუღია. არადა, თუ რა ძალაა მესი “ბარსელონასთვის”, ეს მანამდეც ხომ კარგად ჩანდა და პსჟ-სთან გამართულ ორრაუნდიან დაპირისპირებაში კიდევ უკეთ გამოჩნდა.

  • ყველა ტურნირის გათვალისწინებით, “ბაიერნმა” ბოლო 19 თამაშიდან 18 მოიგო. ერთადერთი გამონაკლისი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, “არსენალთან” საკუთარ კედლებში 0:2 წაგებაა;
  • 2013 წელს, ბუნდელისგაში ჩატარებული 13 თამაშიდან “ბაიერნმა” ყველა მოიგო;
  • ესპანურ გუნდებთან საკუთარ კედლებში ჩატარებული 20 თამაშიდან “ბაიერნმა” მხოლოდ 1 წააგო;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 25 თამაშიდან “ბაიერნმა” 21 მოიგო;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, ესპანეთის წარმომადგენლებთან ჩატარებულ ბოლო 12 საშინაო თამაშში, “ბაიერნმა” კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა. თუმცა, მიუნხენელებს გოლი ყოველთვის გაჰქონდათ;
  • ესპანურ გუნდებთან გამართულ ორრაუნდიან დაპირისპირებებში “ბაიერნს” 8 მოგება და 6 წაგება დაუგროვდა;
  • როდესაც იუპ ჰაინკესი “რეალს” წვრთნიდა (1997-98 წლების სეზონში), მისი გუნდი “ბარსელონას” 2-ჯერ დაუპირისპირდა. ორივე “ელ კლასიკო” კატალონიელებმა მოიგეს, საერთო ჯამში 6:2. ლა ლიგის იმ გათამაშებაში გამარჯვება “ბარსამ” იზეიმა, ხოლო “რეალი” მე-4 ადგილს დასჯერდა;
  • “რეალის” გარდა, იუპ ჰაინკესი კიდევ ორ ესპანურ გუნდს, “ბილბაოსა” და “ტენერიფეს” წვრთნიდა. “ბარსელონას” წინააღმდეგ მისი შედეგი 4 მოგება, 3 ფრე და 5 წაგებაა;
  • 1/4-ფინალის პირველ მატჩში, “იუვენტუსის” კარში გოლის გასატანად დავიდ ალაბას 25.02 წამი დასჭირდა, რაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში სისწრაფით მე-7 გოლია;
  • “ბაიერნს”, ევროტურნირებზე, 399 გოლი აქვს გაშვებული;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “ბაიერნის” ფეხბურთელებმა მოაწოდეს ყველაზე მეტი კუთხური (89) და განახორციელეს ყველაზე მეტი არაზუსტი დარტყმა (77);
  • განვლილ 10 თამაშში, “ბაიერნის” ფეხბურთელებმა თამაშის წესები 137-ჯერ დაარღვიეს და 24 ყვითელი ბარათი მიიღეს, რაც, ნახევარფინალისტთა შორის, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია;
  • ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე, “ბაიერნმა” 2 რეკორდი უკვე გაიმეორა. მიუნხენელებმა 81 ქულა მოაგროვეს და კარის მშრალად შენახვა 19-ჯერ მოახერხეს. ერთ გათამაშებაში 26 მოგება და სტუმრად 14 მოგება კი ბუნდესლიგის აბსოლუტური რეკორდია;
  • “ბარსელონამ”, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო;
  • ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 8 გასვლითი თამაშიდან “ბარსელონამ” მხოლოდ 2 მოიგო;
  • გერმანული გუნდების წინააღმდეგ, “ბარსას” 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ჩავიმ 1005 გადაცემა გააკეთა, რაც მე-2 ადგილზე მყოფი ფეხბურთელის შედეგს 470 პასით აღემატება. კატალონიელი ნახევარმცველის პასის სიზუსტის მაჩვენებელი 88 პროცენტია;
  • “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს, რაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო შედეგია;
  • ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, სტუმრად ჩატარებული ბოლო 15 თამაშიდან “ბარსამ” მხოლოდ 3 მოიგო. აქედან ერთი გერმანიაში;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ზუსტად დარტყმა 56-ჯერ მოახერხეს, რაც ნახევარფინალისტთა შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია;
  • განვლილ 10 თამაშში, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ყველაზე მეტი, 7912 გადაცემა გააკეთეს. 4665 პასით, მე-2 ადგილზე “ბაიერნია”. კატალონიელთა პასების 83% ზუსტი გამოდგა, რაც ტურნირის საუკეთესო შედეგია;
  • გერმანულ გუნდებთან გამართულ ორრაუნდიან დაპირისპირებებში “ბარსელონას” 13 მოგება და 4 წაგება აქვს;
  • მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 52 თამაშში “ბარსელონას” დაცვის ხაზმა 26 სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშა;
  • ლიონელ მესის ანგარიშზე 59 საჩემპიონთალიგო გოლია. არგენტინელი მხოლოდ რაულს (71 გოლი) ჩამორჩება;
  • “ბარსელონამ” კარის მშრალად შენახვა ლა ლიგის ბოლო 3 მატჩში მოახერხა. ასეთი რამ უკანასკნელად 2011 წლის ოქტომბერში მოხდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა, ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი, რობენი, მიულერი, რიბერი, გომესი.

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ალვესი, პიკე, ბარტრა, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, პედრო, მესი, ვილია.

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.233813