სხვა

16:00 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ჩემპიონატი და სასიამოვნო სიახლეები

 

ხვალ, სპორტკომპლექს “არენაში” ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატი იწყება. მასში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს, რომლებიც უკვე გადანაწილდნენ ორ ქვეჯგუფში.  აღმოსავლეთ ქვეჯგუფში თელავი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, “იმედი” და “პეგასი” ითამაშებენ, ხოლო დასავლეთში - სამტრედია, ბათუმი, ქუთაისი და საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები. ჩემპიონატი საერთო ტურით დაიწყება. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეჯგუფების ტურები ნოემბერში, თბილისსა და სენაკში შედგება და ამით, პირველი წრე დასრულდება. საქართველოს ახალი ჩემპიონი კი გაზაფხულზე, სამწრიანი ტურნირის შედეგად გამოვლინდება.

დღეს, მომავალ ჩემპიონატთან დაკავშირებით, საქართველოს ხელბურთის ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტებს ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე და საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ვახტანგ ბერიაშვილი შეხვდნენ.

“ეს ჩემპიონატი წინამორბედებზე უკეთესი უნდა გამოვიდეს. საკმაოდ საინტერესო და დაძაბულ კონკურენციას ველით. საინტერესო იქნება ტურნირში ჭაბუკთა ნაკრების ჩართვა. ეს ის გუნდია, რომელმაც 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში უნდა მიიღოს მონაწილეობა. მართალია, ამჯერად თავისზე უფროს და გამოცდილ ხელბურთელებთან მოუწევთ თამაში, მაგრამ სამაგიეროდ, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნებათ, რაც ამ ეტაპზე, მათთვის ძალიან საჭიროა. საინტერესო გუნდი იქნება “პეგასი”, რომელშიც, ძირითადად, 1996 წელს დაბადებული ხელბურთელები ირიცხებიან. მათ მხარდამხარ კი ისეთი გამოცდილი მოთამაშეები გავლენ მოედანზე, როგორებიც ტიტე კალანდაძე და ლევან გელაშვილი არიან. სასიამოვნოა თელავისა და სამტრედიის გუნდების შემომატებაც. აქვე, ერთი საინტერესო სიახლეც – საქართველოს ჩემპიონატის თამაშების უმრავლესობის პირდაპირი რეპორტაჟები, ინტერნეტის მეშვეობით განხორციელდება”, – განაცხადა ზურაბ კაკაბაძემ.

ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს ნაკრების გეგმებსა და 19-წლამდელთა მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის შანსზეც გააკეთა მოკლე კომენტარი.

“ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადება უკვე დაიწყო. ეროვნული გუნდის 9 წევრი, რომლებიც საქართველოში არიან, ბექა ორჯონიკიძისა და ირაკლი კეკელიძის ზედამხედველობით ვარჯიშობენ. ოქტომბრის შუა რიცხვებში, თბილისში ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი სერბი ჯორჯე რასიჩი ჩამოვა და ინტენსიური წვრთნებიც დაიწყება. 22-დან კი, გუნდს უცხოეთში მოთამაშე ლეგიონერებიც შეუერთდებიან. 26 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები უკრაინაში გაემგზავრება და მასპინძლებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, საიდანაც ლიტვაში გადავა და 30 ოქტომბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ჩაერთვება. მეორე თამაშს 3 ნოემბერს, თბილისში, “არენას” დარბაზში გავმართავთ, ფინეთის წინააღმდეგ. ეს პერიოდი, ქართული ხელბურთისთვის სხვა მხრივაც დატვირთული იქნება - 27 ოქტომბერს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე გადაწყდება 19-წლამდელთა შორის 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ვინაობა. კანდიდატთა შორის 2 ქვეყანა დარჩა: საქართველო და ხორვატია. იმედია, არჩევანი ჩვენ ქვეყანაზე გაკეთდება. მით უმეტეს, როცა სახელმწიფოსგან სპორტული ინფრასტრუქტურის საკითხის მოგვარების პირობა უკვე მივიღეთ”, – დასძინა კაკაბაძემ.

ეროვნული ჩემპიონატის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა კი თქვა, რომ პირველობაში რვა გუნდის მონაწილეობა სასიამოვნო სიახლეა. ვახტანგ ბერიაშვილის აზრით, ტურნირს ახალგაზრდების ჩართვა მუხტს შემატებს, ამასთან, გუნდების უმეტესობა თანაბრადაა დაკომპლექტებული, რაც საინტერესო სეზონის იმედს იძლევა.

 

საქართველოს ჩემპიონატი 2013-14. კაცები

პირველი ტური. 10-13 ოქტომბერი

 

10 ოქტომბერი. სპორტკომპლექსი “არენა”

13:00 იმედი - ჭაბუკთა ნაკრები

14:20 ქუთაისი - თელავი

15:40 სტუ - სამტრედია

17:00 ბათუმი - პეგასი

 

11 ოქტომბერი

13:30 თელავი - ბათუმი

14:50 სამტრედია - იმედი

16:10 პეგასი - ქუთაისი

17:30 ჭაბუკთა ნაკრები - სტუ

 

12 ოქტომბერი

14:30 პეგასი - ჭაბუკთა ნაკრები

15:50 ბათუმი - იმედი

17:10 სამტრედია - თელავი

18:30 სტუ - ქუთაისი

 

13 ოქტომბერი

11:00 სტუ - ბათუმი

12:30 სამტრედია - პეგასი

14:00 ქუთაისი - იმედი

15:30 ჭაბუკთა ნაკრები - თელავი

0.138979