საქართველოს ჩემპიონატში ბოლო პერიოდში ახალგაზრდა მწვრთნელების მომრავლება შეინიშნება. აქ მათ ჩამოვწერთ, რომლებიც 40 წლისანიც არ არიან. მათ განსხვავებული ხედვა აქვთ, განსხვავებული დონის გუნდები ჰყავთ და ძნელია ერთმანეთს შეადარო, თუმცა შედეგებს და სტატისტიკას შემოგთავაზებთ.
ახალგაზრდა მწვრთნელის დანიშვნა წნეხია, რისკია, მაგრამ ხშირად ამართლებს. აბა, გავიხსენოთ თბილისის "თბილისი", 2003 წელს უმაღლეს ლიგაში პირველად რომ ითამაშა და თავიდან არაერთი გამოცდილი მწვრთნელი გამოუცვალეს. შემდეგ დანიშნეს სრულიად ახალგაზრდა, 30 წლის გიორგი დევდარიანი და რადიკალურად განსხვავებული, მშვენიერი შედეგი მიიღეს. თამაშზე აღარაფერს ვამბობთ: დევდარიანის "თბილისს" ბევრი გულშემატკივარი გაუჩნდა და გვახსოვს "დინამოსთან" 5:0 მოგებაც...
მალხაზ ჟვანია
15 ტურში "მერანს" 4 მოგება აქვს და ოთხივე ჟვანიას თავკაცობით მოიპოვა. როცა ის "დინამო2"-ში წავიდა, მარტვილელები მეხუთე საფეხურზე იყვნენ, ახლა კი ბოლოსწინაზე არიან. ამასთან, ჟვანიას "მერანმა" თასზე ჯერ "სამტრედია" გამოთიშა, შემდეგ კი "გურიას" გასვლაზე 2:1 მოუგო პირველი მატჩი.
ჟვანია ახლა გაცილებით მაღალ მიზნებს ეჭიდება. "დინამო" სხვა სიმაღლეა და საინტერესოა, როგორ გაართმევს თავს. "დინამო2"-ში მშვენიერი შედეგი ჰქონდა და რომან ფიფიამ დიდი ნდობა გამოუცხადა ძირითადში დაწინაურებით.
მალხაზ ჟვანია 37 წლის გახლავთ, საბერძნეთში მუშაობდა და იქ დაეუფლა სამწვრთნელო ცოდნას. "მერანს" 2007 წლიდან წვრთნიდა და შეიძლება ითქვას, ამ კლუბის წინსვლა მისი დამსახურებაა – ბევრი ფეხბურთელი შვილივით ჰყავდა გაზრდილი. მასზე ბევრ ქართველ ფეხბურთელს უთქვამს, რომ საინტერესო ვარჯიშები აქვს და განსწავლული კაცია.
რამაზ სოღოლაშვილი
დავითვალოთ, რამდენი მწვრთნელი გამოიცვალა "დილამ" ბოლო 3 წელიწადში: გია ცეცაძე, რამაზ სოღოლაშვილი (დროებით), თემურ მახარაძე, თემურ შალამბერიძე, გიორგი დარასელია, ვალდას ივანაუსკასი, გიორგი დევდარიანი და ახლა ისევ სოღოლაშვილი.
მძიმე ტვირთი ერგო "შუმახერას" (სოღოლაშვილის მეტსახელი), მაგრამ ბოლო ტურებში აშკარად კარგ თამაშს აჩვენებს მისი გუნდი და შედეგიც გამოჩნდა. უშუალო კონკურენტებთან, ქუთაისის "ტორპედოსთან" და 'ზესტაფონთან" დამაჯერებლად მოიგო, თბილისის "დინამოსთან" გასვლაზე ფრედ ითამაშა.
36 წლის სოღოლაშვილი "დილაში" კარგი მეკარე გახლდათ, ერთი პერიოდი "დინამოშიც" იყო, კარიერის დასრულების შემდეგ კი, მეკარეების მწვრთნელად მუშაობდა "დილაში". ახლა სხვა გამოწვევაა და "შუმახერა" კარგად ართმევს თავს.
ლადო ბურდული
ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია უმაღლესში და ყველაზე ასაკოვანი გუნდი ჰყავს. ლადო ბურდულმა ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელობისას დაიწყო მწვრთნელობის შესწავლა, ინტერესდებოდა და აი, 33 წლის ასაკში "სიონის" თავკაცი გახდა.
შედეგი? თავად განსაჯეთ. ბურდულის ხელმძღვანელობით, "სიონმა" თასიდან გამოთიშა "ზესტაფონი", ჩემპიონატში ზედიზედ მოიგო 4 შეხვედრა და მხოლოდ გუშინ შეწყვიტა "ვიტ ჯორჯიასთან" (0:0). "სიონის" ექვსეულში გასვლა ერთი თვის წინ წარმოუდგენელი ჩანდა, ახლა კი რეალურია.
ბურდული კარგი მარჯვენა ნახევარმცველი გახლდათ, სისწრაფითა და ზუსტი დარტყმებით გამოირჩეოდა. ახლა საინტერესოა, აკმაყოფილებს თუ არა ბურდულს ფეხბურთელთა ეს კონტიგენტი. რამდენიმე ფეხბურთელი ჯერ კიდევ ბავშვობისას იყო ბურდულის თანაგუნდელი, ბევრიც მისი თანაგუნდელი იყო "დინამოში". ასე რომ, მეგობრული ატმოსფეროც გასათვალისწინებელია.
გელა სანაია
ახალი სახე არ ეთქმის, რადგან ჯერ კიდევ 6 წლის წინ მუშაობდა თბილისის "ლოკომოტივში". ასევე გვახსოვს, ფინანსურად გაძვალტყავებულ "სამტრედიას" კარგად უძღვებოდა უმაღლესში, ზაფხულიდან კი "მეტალურგშია". რუსთაველები ექვსეულში გასასვლელად იბრძვიან, მიჯნაზე არიან, არადა, ცოტა მეტს ველოდით ამ გუნდისგან. კარგი შეკრება თურქეთში "ფენერბახჩეს" ბაზაზე, გამოცდილი ფეხბურთელების დამატება – საფუძველი გვქონდა გვეფიქრა, რომ "მეტალურგი" წლეულს უკეთესი იქნებოდა, ვიდრე წინა სეზონში.
კახა ჩხეტიანი
მისი ხელმძღვანელობით 8 მატჩი ჩაატარა "მერანმა" და აქედან 6 წააგო, 2 კი ფრედ დაასრულა. ჩხეტიანი პირველად წვრთნის უფროსთა გუნდს, მას დიდი ნდობა გამოუცხადეს და ჯერჯერობით, ვერ ამართლებს. ისე, მოსალოდნელიც იყო, ვინც არ უნდა მისულიყო ჟვანიას ადგილზე, გაუჭირდებოდა. ამ ორი ფრიდან, ერთი თასზეა მიღწეული "გურიასთან", რაც საკმარისი გამოდგა მეოთხედფინალში გასასვლელად.
ჩხეტიანი საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე საუკეთესო არა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელი გახლდათ: "ტორპედოსა" და 'ზესტაფონში" კარგი სახელი დატოვა.
... სიაში მხოლოდ ქართველები გვყავს და ამიტომაც არ შევიყვანეთ ესპანელი ჟერარდ სარაგოსა მულეტი, რომლის "ტორპედომაც" სეზონი მშვენივრად დაიწყო, მაგრამ კარგად ვეღარ გააგრძელა და ზედიზედ 5 მატჩი წააგო. მხოლოდ წინა ტურში შეწყვიტეს ქუთათურებმა სერია და "სპარტაკს" 1:0 სძლიეს. ესპანელი მწვრთნელი ძალიან ემოციურია, მოედნის კიდესთან გაჩერებულს თითქმის ვერ ნახავთ და სულ კარნახშია.
სიაში არ შეგვიყვანია 40 წელს გადაცილებულნი, თუმცა რა თქმა უნდა, ისინიც პერსპექტიული მწვრთნელები არიან. გია გეგუჩაძე, ვფიქრობთ, ყველასგან განსხვავებული სპეციალისტია და "ზესტაფონსაც" უცებ დაატყო ხელი – გუნდი აშკარად განსხვავებულია რატკო დოსტანიჩის დროინდელისგან. გიორგი დარასელიამ კი "დილაში" დაამტკიცა კვალიფიკაცია, ახლა კი "ზუგდიდშია", რომელიც დარასელიას მოსვლამდეც აუტსაიდერი იყო და ცხრილის ფსკერიდან ვერ ამოდის. ასე რომ, დარასელიას რთული მისია აკისრია.