ფეხბურთი

14:39 | 22.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ კაპანაძე: “კალაძის წინააღმდეგ თამაში რთული იყო”

ავთანდილ კაპანაძემ უკრაინის ჩემპიონატში თავის კვალი დატოვა. შეპეტოვკის “ტემპისა” და ტერნოპოლის “ნივას” შემადგენლობაში, უკრაინის უმაღლეს ლიგაში ის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. სხვათა შორის, “ნივას” ისტორიული გამარჯვება აქვს ვალერი ლობანოვსკის მიერ გაწვრთნილ კიევის “დინამოსთან” მოპოვებული და ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ კაპანაძე აღმოჩნდა. მან უკრაინის უმაღლეს ლიგაში 189 მატჩი ჩაატარა და 57 გოლი გაიტანა. პირველ ლიგაში კი, 21 თამაშში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. დღესდღეობით ავთანდილ კაპანაძე, რომელმაც კარიერა 42 წლის ასაკში დაასრულა, ნიჟნი ნოვგოროდში ცხოვრობს და ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში მუშაობს. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მას უკრაინულმა ინტერნეტგამოცემა profootball.ua-მ ჩამოართვა.

- ალბათ, მამის დამსახურებაა, რომ თქვენ და თქვენი ტყუპისცალი ტარიელი ფეხბურთელები გახდით...

- დიახ. სწორედ მამამ მიგვიყვანა საფეხბურთო სექციაში. ძმასთან ერთად მთელი ბავშვობა დილიდან საღამომდე ფეხბურთს ვთამაშობდით.

- რომ წარმოიდგინოთ, ვარჯიში ძმის გარეშე დაგეწყოთ, თქვენი საფეხბურთო გზა რამდენად შეიცვლებოდა?

- რთული წარმოსადგენია, მის გარეშე რას გავაკეთებდი. ჩვენ მუდამ ერთად ვიყავით – ბავშვთა გუნდებიდან დაწყებული კარიერის დასრულებამდე.

- იყო შემთხვევები, როდესაც თამაში სხვადასხვა გუნდებში მოგიწიათ?

- ასეთი რამ ერთხელ მოხდა. ჩვენ თბილისის “ლოკომოტივში” ვთამაშობდით და ტარიელი თბილისის “დინამოში” მიიწვიეს. ჩემი ძმა ნოდარ ახალკაცის წინადადებას დათანხმდა. მან დუბლშემადგენლობაში ითამაშა და დებიუტი უკვე სასტარტო შემადგენლობაში უნდა ჰქონოდა. თუმცა, იმ დროს “დინამოში” მთავარი მწვრთნელი შეიცვალა – ახალკაცის მაგივრად გუნდი დავით ყიფიანმა ჩაიბარა. ახალ მწვრთნელს ყოველთვის ახალი ფეხბურთელები მოჰყავს და თამაშის თავისი ხედვა აქვს.

- “ლოკომოტივში” გატარებული რამდენიმე სეზონის შემდეგ, ლანჩხუთის “გურიაში” მიგიწვიეს. თუმცა, “გურიას” მაისური მხოლოდ ორჯერ მოირგეთ...

- ამ გუნდში არცთუ ბევრი მატჩი ჩავატარეთ. თუმცა, მხოლოდ კარგი მოგონებები დაგვრჩა. “გურიაში” უკრაინელი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობ ვიქტორ ხლუსს დავუმეგობრდი. “გურიადან” წასვლის შემდეგ, მე და ტარიელი ქუთაისის “ტორპედოში” ჩავირიცხეთ. არც იქ გაგვიმართლა, რადგან ვოროშილოვგრადში “ზარიასთან” მატჩში ხელი მოვიტეხე, ხოლო ტარიელი გააძევეს და 10-თამაშიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. შემდეგ ჩვენს კარიერაში იყო რუსთავის “გორდა”. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდისთვის საქართველოს ნაკრებში უკვე ამხანაგური მატჩი მქონდა ჩატარებული.

- უკრაინაში როგორ მოხვდით?

- ალექსანდრე ჩივაძის დამსახურებით. მან გვითხრა, რომ უკრაინაში კარიერის გაგრძელების ვარიანტი იყო. ბედის საცდელად ერთბაშად ექვსნი გავეშურეთ. შეპეტოვკაში ბრძოლისუნარიან გუნდს აყალიბებდნენ. ადგილობრივმა ბიზნესმენმა ჯუმბერ ნიშნიანიძემ თავისებური პროექტი ჩაიფიქრა. ის ამ საქმეში აღმომჩენად შეიძლება მივიჩნიოთ. შეპეტოვკის “ტემპმა” არცთუ ცუდად დაიწყო თავისი საფეხბურთო გზა და უმაღლეს ლიგაშიც თამაშობდა. სამწუხაროდ, გასული მარტის ბოლოს ჯუმბერი გარდაიცვალა...

- შეპეტოვკელ ბიზნესმენზე ბევრ ისტორიას გაიგებ. მის შესახებ რას იტყვით?

- პირველ ყოვლისა, ნიშნიანიძე ჩემი ნათესავი იყო. ჩემი მეუღლე მისი ძმისშვილია. ჯუმბერი საფეხბურთო გუნდს ძმასთან ერთად ქმნიდა. ჩვენ ზოგჯერ ერთმანეთს ტელეფონით ვესაუბრებოდით. ვიცი, რომ დიაბეტი ჰქონდა და ბოლოს ყირიმის საავადმყოფოში იწვა. სამწუხაროდ, ჯუმბერი ვერ გადაარჩინეს.

- წარმატებული ხელმძღვანელის წყალობით, “ტემპში” ძალიან საინტერესო შემადგენლობა შეიკრიბა – ოლეგ კოლესოვი, გიორგი ჩიხრაძე, არსენ ავაქოვი, გეორგი კონდრატიევი, სერგეი სკაჩენკო...

- მართლაც, ნებისმიერი ფეხბურთელი პროფესიონალი იყო. მწვრთნელშიც გაგვიმართლა. ლეონიდ ტკაჩენკომ არცთუ ცუდი გუნდი ჩამოაყალიბა.

- გუნდი ავტონომიურ დაჯგუფებებად იყო გაყოფილი – ადგილობრივი ფეხბურთელები, ქართველები, სხვა ლეგიონერები?

- დაამატეთ ხარკოველი ბიჭები, რომლებიც ტკაჩენკოსთან ერთად ჩამოვიდნენ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ფეხბურთელებს შორის რაიმე კონფლიქტი არ მახსენდება. მონოლითური კოლექტივი გვყავდა და გუნდის შიგნის საუცხოო ატმოსფერო იყო.

- ბუნებრივია, ახლაც გახსოვთ 20 წლის წინანდელი მატჩი, როდესაც შეპეტოვკაში კიევის “დინამო” ჩავიდა და 1:0 გაიმარჯვა. იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ სტადიონზე 20000 გულშემატკივარი შეიკრიბა, გამოდის ქალაქის ყოველი მეორე მაცხოვრებელი თამაშს დაესწრო (შეპეტოვკაში 50000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს)...

- რა თქმა უნდა, მახსოვს. პატარა სტადიონი გვქონდა და ხალხი იქაც კი განთავსდა, სადაც დასაჯდომი ადგილები არ იყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ისინი ყველგან იყვნენ. ასეთი მხარდაჭერის დროს თამაში ადვილია. აღსანიშნავია, რომ ხალხი თამაშის სანახავად სხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან ჩამოვიდა. ჩემთვის უფრო დასამახსოვრებელი “დინამოსთან” ჩატარებული თამაშია, როდესაც ტერნოპოლში გამოვდიოდი.

- “დინამოსთან” თამაშიდან ცოტა ხანში, “ტემპმა” დონეცკის “შახტარი” 3:1 დაამარცხა და ერთი გოლი გაიტანეთ. დონეცკური გუნდის ამჟამინდელი გამოსვლის გათვალისწინებით, გათავისებული გაქვთ იმ გამარჯვებებისა და გოლების მნიშვნელობა?

- რა თქმა უნდა. “შახტარი” უკვე მაშინ ძლიერი გუნდი იყო და ახლა უფრო გაძლიერდა. დონეცკელებს მაღალი დონის ლეგიონერები ჰყავთ. მათი თამაშის ყურება გსიამოვნებს.

- 1995 წელს, გუნდს სათავეში თქვენი თანამემამულე რევაზ ძოძუაშვილი ჩაუდგა. მასთან ერთად შეპეტოვკაში ქართველები მრავლად ჩამოვიდნენ. “ვოლინის” წინააღმდეგ მატჩში “ტემპის” შემადგენლობაში მოედანზე 10 ქართველი ფეხბურთელი გავიდა. თქვენ სწავლობდით რუსულ-უკრაინულს თუ ადგილობრივი ფეხბურთელები ქართულს სწავლობდნენ?

- რევაზს ადრეც ვიცნობდი. ცხადია, კარგია, როდესაც გუნდში შენი თანამემამულეები არიან. თუმცა, რა საჭირო იყო ამდენი ქართველის ჩამოყვანა? ზოგიერთი ახალწვეული არცთუ ცუდად თამაშობდა, მაგრამ “შემთხვევითი მგზავრებიც” იყვნენ. რა საჭიროა ლეგიონერების მიწვევა, თუ ისინი ადგილობრივებს არაფრით სჯობიან. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ქართულ გუნდში 10 უკრაინელი ლეგიონერი?

- საბოლოოდ, “ტემპი” ფულის არქონის გამო დაიშალა?

- ნიშნიანიძეს მუდმივად გუნდის შენახვა საკუთარი ჯიბიდან არ შეეძლო. ქალაქის ხელმძღვანელობა მას საერთოდ არ ეხმარებოდა. ჯუმბერს როგორც შეეძლო ინფრასტრუქტურას ავითარებდა. ჩვენ შეპეტოვკიდან 7 კილომეტრის დაშორებით საკუთარი საწვრთნელი ბაზა გვქონდა. თუმცა, ეს საკმარისი არ იყო. ამიტომ, “ტემპმაც”, ვერ შეძლო მუდმივად ზედაპირზე ყოფილიყო.

- ტერნოპოლის “ნივა” კაპანაძეებისთვის ცხოვრების გუნდი გახდა, ხოლო კაპანაძეებმა “ნივას” ისტორიაში ყველაზე ნათელი ფურცელი ჩაწერეს...

- შემიძლია ვთქვა, რომ ტერნოპოლში აბსოლუტურად ბედნიერი ვიყავი. გუნდი, ქალაქი, გულშემატკივრები... ყველაფერი ერთმანეთს აეწყო.

- შემადგენლობაც კარგი გყავდათ: კურაევი, ბისკუპი, ტურიანსკი, დემიანჩუკი, რუდნიცკი...

- არ დაგავიწყდეთ მთავარი მწვრთნელი იგორ იავორსკი. სხვათა შორის, ორი წლის წინ ტერნოპოლში ვიყავი და ორივე იგორი ვნახე – იავორსკი და ბისკუპი.

- 1997 წლის აპრილი ტერნოპოლური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. კიევის “დინამომ”, რომელსაც ვალერი ლობანოვსკი ხელმძღვანელობდა, ადგილობრივ “ნივასთან” 0:1 წააგო და ერთადერთი გოლი ალექსანდრ შოვკოვსკის კარში თქვენ გაიტანეთ...

- თუ არ ვცდები, “დინამოს” კარში საერთო ჯამში 6 გოლი გამიტანია. მახსოვს, საშინელი წვიმა იყო და მოედანი ჭაობს დაემსგავსა. ამ თამაშიდან რამდენიმე დღის შემდეგ, უკრაინის ნაკრები ბრემენში გერმანიას ეთამაშა და უკრაინელთა სასტარტოში “დინამოს” 8 ფეხბურთელი იყო. საგოლე პასი სერგეი ტურიანსკიმ მომცა. თამაშის მერე ლობანოვსკის ჰკითხეს, თუ რა შთაბეჭდილება დარჩა. ვალერი ვასილიჩმა უპასუხა: “ჩვენ უკრაინის ყველაზე ძლიერ გუნდთან დავმარცხდით”.

- თქვენ ბევრი გოლი გაგქონდათ და ამას ძალიან სადად აკეთებდით. იყო პერიოდი, როდესაც ზედიზედ 6 მატჩში გაიტანეთ...

- ყველაფერი კარგად მიდიოდა როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის. პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ – “ნივაში” განაპირა ნახევარმცველად მივედი. თუმცა, ტრავმა მივიღე და რამდენიმე დღით ტერნოპოლიდან წავედი. როდესაც გამოვჯანმრთელდი, იავორსკიმ ერთი თამაში თავდასხმაში დამაყენა სერგეი შიშჩენკოს ნაცვლად. თუ არ ვცდები, ცსკა-ს სტუმრად ვეთამაშებოდით და გოლი გავიტანე. შემდეგ ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა. სხვათა შორის, ჩემს ძმას ტარიელს თავდასხმაში თამაში არ შეეძლო.

- ტერნოპოლში თამაშის პერიოდში, ალბათ, ქუჩაში ყველა გცნობდათ...

- დიახ, ხალხი მცნობდა. ეს ძალიან მეხმარებოდა ავტოინსპექტორებთან უსიამოვნო ისტორიებში. როდესაც მილიციონერები მცნობდნენ, მაშინვე მიშვებდნენ. ხან მართვის მოწმობა დამრჩენია, ხან მოძრაობის წესები დამირღვევია – ყველაფერს მპატიობდნენ. როდესაც რუსეთის საზღვართან ვიყავი, იქაც კი მიცნეს.

- არცთუ ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მუდმივად უკრაინის ჩემპიონატის ბომბარდირებს შორის იყავით და ისეთ ფეხბურთელებთან მეტოქეობდით, როგორიც ანდრეი შევჩენკო და სერგეი რებროვი არიან...

- ისინი უდიდესი ფეხბურთელები არიან. მართლაც, მაღალი დონის მოთამაშეები, რომელთაც საკუთარი კლასი ევროპაშიც დაამტკიცეს.

- უკრაინელი მცველები ფეხებში მაგრად გირტყამდნენ?

- არც ამის გარეშე იყო. ძალიან ძნელი იყო თამაში “შახტარისა” და “დინამოს” მცველების წინააღმდეგ, რომლებიც ფიზიკურად ძლიერები და ხისტები იყვნენ, თან გასაქანს არ გაძლევდნენ. აღვნიშნავ კალაძესა და ვაჩშუკს. მათ წინააღმდეგ თამაში რთული იყო.

- მსაჯები “ნივას” ხშირად ჩაგრავდნენ?

- კონკრეტულ მატჩს ვერ გავიხსენებ, მაგრამ სხვადასხვა სიტუაციები იყო – ხან ჯარიმას დადებდნენ ისეთს, რომ არ იყო, ხან პენალტს. სხვათა შორის, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში ჩავდიოდით, “ბანდერებს” გვეძახდნენ. ამ სიტყვაში ცუდი არაფერია. მართალია, მთლად “ბანდერა” არ ვარ, მაგრამ ამას პოზიტიურად აღვიქვამ.

- თუ შეპეტოვკაში გუნდს ნიშნიანიძეს ხელმძღვანელობდა, “ნივას” მეპატრონე ვინ იყო?

- თავდაპირველად პრეზიდენტი ვლადიმირ კოვალი იყო. შემდეგ კლუბს ვლადიმირ მარინოვსკი ხელმძღვანელობდა. გარკვეული ხნის განმავლობაში “ნივას” პრეზიდენტი ალექსანდრ კრივოი იყო. სხვათა შორის, მარინოვსკის ორ ბიზნესმენთან – რუსლან იზორიასა და ავთანდილ მდინარაძესთან მეგობრობდა. მათ არც კი იცოდნენ, ტერნოპოლში სტადიონი სად იყო. თუმცა, ჩვენს ერთ თამაშს დაესწრნენ და მოეწონათ. მას შემდეგ იზორია და მდინარაძე “ნივას” ხელმძღვანელობენ. თუმცა, ნიშნიანიძესთან შედარებით განსხვავება ისაა, რომ ტერნოპოლელი ბიზნესმენები ფულს თავისი ჯიბიდან არ ხარჯავენ. 

თეგებიკაპანაძე
0.122339