რაგბი

18:52 | 10.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

აშშ “მაორს” კანადაზე უკეთ ეომა, სამოა ირლანდიაში შერცხვა

ნოემბრის ტესტ-მატჩებზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მომავალმა მეტოქეებმა აშშ-მ და სამოამ, შაბათს თავიანთი პირველი მატჩები გამართეს და მართალია ორივე მათგანი დამარცხდა, მაგრამ განსხვავებული მატჩები აჩვენეს.

16 ნოემბერს “ბორჯღალოსნები” რუსთავში აშშ-ს დაუხვდებიან და მათ საქართველოში გამომგზავრებამდე ფილადელფიაში “მაორი ოლ ბლექსს” უმასპინძლეს. მკვიდრმა ზელანდიელებმა ერთი კვირის წინ კანადა დაამარცხეს 40:15 და ორის წილ ექვსი ლელო გაუტანეს, ახლა კი, ისინი “არწივებისგან” უფრო დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ და მართალია ამჯერად მეტოქის 1 ლელოს ოთხით უპასუხეს, მაგრამ გამარჯვებულის ბედი მხოლოდ დასკვნით წუთებში გახდა ცნობილი.

ტრიბუნაზე შეკრებილი 18 500 მაყურებლის გასახარად, მასპინძლებმა პირველი ნახევარი 9:7 მოიგეს და სტუმრები იძულებულნი გახდნენ მეორე ნახევარში მაქსიმალური სიჩქარეები ჩაერთოთ. “მაორებმა” 29:19 იმარჯვეს და ამაში დიდი წვლილი მათ შუამარბ ტიმ ბატემანს მიუძღვის, რომელმაც მეორე ნახევარში ორი ლელო გაიტანა. მიუხედავად მარცხისა, ამერიკელ მორაგბეთა თავდადებული თამაში პატივისცემას იმსახურებს და ისეთი პირი უჩანს, სამი წლის წინანდელი სტუმრობის მსგავსად, ერთი შეხედვით კანადაზე სუსტი ამერიკა საქართველოს “ნეკერჩხლებზე” უფრო დიდ წინააღმდეგობას გაუწევს.

ამერიკელი მაყურებელი “მაორთა” ჰაკას აშშ-ს შეძახილებით შეხვდა და პირველი წუთებიც მასპინძელთა იერიშებით დაიწყო, მაგრამ ანგარიში ზელანდიელებმა გახსნეს. “არწივები” მე-6 წუთზე დაჯარიმდნენ, სტუმრებმა კარგ პოზიციაში დერეფანი მიიღეს, მოლიდან ბურთი ჯემისონ გიბსონ-პარკმა მიიღო, ბოლო მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და ლელოთი ანგარიში გახსნა, ხოლო რობი რობინსონმა გარდასახვა გამოიყენა. მასპინძლებმა მალევე უპასუხეს, როდესაც მათმა კაპიტანმა ტოდ კლევერმა მეტოქის დერეფანი მოიგო, რამდენიმე ფაზის შემდეგ “მაორი” დაჯარიმდა და ადამ შიდალმა 25 მეტრიდან ჩამორჩენა 3 ქულით შეამცირა.

სტუმრების მაღალი სათამაშო კლასი თვალსაჩინო იყო, ისინი კონტაქტში კარგად ინარჩუნებდნენ ბურთს, მაგრამ მასპინძლებმა მათი სწრაფი გარღვევები მოიგერიეს და ტაიმის ნახევარზე მეტი გასული იყო, როდესაც მეორედ მიიღეს ჯარიმის შესრულების უფლება - შიდალმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. მერე “არწივები” ლელოს გატანასთანც ახლოს იყვნენ, მათმა შერკინების შემკვრელმა კამერონ დოლანმა რობი რობინსონის გადაცემა ჩაჭრა, მაგრამ კურტ ბეიკერმა დიდი მანძილი ძალიან სწრაფად დაფარა, მოიერიშე ჩათვლის მოედნიდან ორიოდე მეტრში შეაჩერა და მასპინძლებს ლელოს გატანა არ დაანება.

მიუხედავად ამისა, დასკვნით წუთებში ბურთზე კონტროლი ამერიკელებმა დაამყარეს და ისინი სახიფათოდაც უტევდნენ, რასაც ჯოე ველერის სინბინი მოყვა. აშშ რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების ეცადა და ლელოს გატანის რამდენიმე შესაძლებლობაც ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. სამაგიეროდ, შიდალმა ჯარიმა კარში დაარტყა და მასპინძლებმა ტაიმი 9:7 მოიგეს.

“მაორმა” უპირატესობა 44-ე წუთზე დაიბრუნა, როდესაც ტიმ ბატემანმა კარგი გადაცემა მიიღო, ორ მცველს დაუსხლტა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო რობინსონმა გარდასახვით ანგარიში 14:9 გახადა. ამას სტუმართა გააფთრებული იერიშები მოყვა, მაგრამ მასპინძლებმა დიდი ძალისხმევის ხარჯზე თავის დაცვა მოახერხეს და სიტუაცია განუმხტეს. და მაინც, ბურთზე კონტროლი “მაორებმა” რომ დაამყარეს, აღარ გარისკეს, ფლანგების ცვლით მეტოქის დაცვაში სივრცე გაჩნდა, ბატემანმა მეორედ გაჭრა ხაზი და მეორე ლელო გაიტანა. ამჯერად რობისნონმა გარდასახვა გააფუჭა.

ახლა აშშ-ს ჯერი დადგა, მაგრამ შეტევის ლელოთი დაგვირგვინება კვლავაც რომ ვერ შეძლეს, სწორი გადაწტცვეტილება მიიღეს და შიდალმა ჯარიმით ჩამორჩენა მისაწვდომ 7 ქულამდე დაიყვანა. ასეთ სიტუაციაში აღარც “მაორმა” გარისკა და 69-ე წუთზე პირველად დაარტყა ჯარიმა კარში - 22:12. სიტუაცია კიდევ ერთხელ 73-ე წუთზე დაიძაბა, როდესაც კამერონ დოლანმა ამერიკელთა ერთადერთი ლელო გაიტანა და გარდასახვით სხვაობა 3 ქულამდე დავიდა, მაგრამ “მაორმა” წლის პირველი მარცხის საფრთხე რომ იგრძნო, კვლავ ჩართო სიჩქარეები და ლუკ კატენმა ლელოთი საკუთარი გუნდის გამარჯვება გაამყარა - 29:19.

შეურაცხმყოფელი მარცხი იწვნია “ბორჯღალოსანთა” კიდევ ერთმა მეტოქე სამოამ ირლანდიაში. კუნძულელები საქართველოს 23 ნოემბერს ეთამაშებიან, ნოემბრის სერიის პირველ შეხვედრაში კი, მათ დუბლინში ირლანდიისგან ხუთი უპასუხო ლელო მიიღეს და 9:40 შერცხვნენ.

ირლანდიელთა ახალ მთავარ მწვრთნელ ჯო შმიდტს შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა. სამოას ნაკრებმა ბოლო დროს “რაგბის გიგანტების მკვლელის” სახელი დაიგდო და მის ასე იოლ დამარცხებას ტრიბუნაზე შეკრებილი 45 ათასი მაყურებელიც არ ელოდა, მაგრამ დახურული, არცთუ საყურებელი პირველი ტაიმის შემდეგ, რომლის დროსაც ორივე გუნდი ბევრ შეცდომას უშვებდა, ირლანდიელებმა დაღლილი სამოელების დაცვაში ხვრელები იპოვეს და ისინი სათანადოდ გამოიყენეს.

გადამწყვეტი მომენტი პირველი ტაიმის მიწურულს ჯორჯ პისის სინბინი აღმოჩნდა. ამ დროს ანგარიში 11:6 იყო, მაგრამ მასპინძლებმა მეტობა კარგად გამოიყენეს და 10 ქულა აიღეს. მართალია საათის თავზე სტუმრებმა ჯარიმით ჩამორჩენის შემცირება შეძლეს, მაგრამ ირლანდიელთა შეჩერება ვეღარ მოახერხეს, კიდევ სამი უპასუხო ლელო გაუშვეს და ორშაბათის რეიტინგში მე-7 პოზიციასაც ირლანდიას დაუთმობენ.

0.218733