ფეხბურთი

19:35 | 5.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ასაკი და გამოცდილება: “სასკომ” “საბურთალოს” მომენტების გაცუდება არ აპატია

“ბენდელაზე” გამართული მატჩით დასრულდა პირველი ლიგის “ბ” ზონის პირველი წრე. “საბურთალო”-“სასკოს” შეხვედრა გადადებული იყო და დღეს ჩატარდა. თბილისური დერბი გაცილებით გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა “სასკომ” 1:0 მოიგო. სასკოელებს ზურაბ ხიზანიშვილის ძმა, გიორგი ხიზანიშვილი თავკაცობს, გუნდში კი საკმაოდ არიან 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელები: ედიკ საჯაია, ლექსო ინწკირველი, დავით ლომაია, რევაზ ჯიქია, დავით დიღმელაშვილი.

“საბურთალო” კი, გეცოდინებათ, მეტწილად 1996-1997 წელს დაბადებული ჭაბუკებითაა დაკომპლექტებული, რომელთაგან დიდი უმრავლესობა ასაკობრივ ნაკრებშია. თემურ შალამბერიძის გუნდს აკლდა ტრავმირებული ზურაბ მენთეშაშვილი და ეს დაეტყოთ კიდეც.

ორი განსხვავებული ტაიმი ვნახეთ; პირველში “საბურთალო” ფლობდა უპირატესობას და საგოლე მომენტებიც ჰქონდა. დასაწყისშივე, გაგი მარგველაშვილმა ძელს მოარტყა ბურთი, რამდენიმე წუთში კი ახლოდან ფეხით დაურტყა მეკარე ლაშა ბრაჭულს და მანაც აკრობატულ ნახტომში მოიგერია. მარგველაშვილი მცველია და აქტიურად ერთვებოდა შეტევებში. კიდევ ერთი შანსი კოტდივუარელმა ფორვარდმა ვიანემ გააცუდა, რომელმაც ლერკი-გოცირიძის კომბინაციის შემდეგ ააცილა. “სასკოდან” გამოირჩეოდა გიორგი ქუცურუა და ორჯერ დაემუქრა ოთო გოშაძის კარს – მეკარემ ორივეჯერ იმარჯვა.

მეორე ნახევარში სურათი შეიცვალა, “სასკოს” გამოცდილებამ იჩინა თავი და მასპინძლებს გაუჭირდათ. 63-ე წუთზე ლექსო ინწკირველს ახლო კუთხიდან აუღო გოშაძემ, თუმცა მალე მეკარე უძლური გახდა: მარგველაშვილმა ბურთი კარგად ვერ გააჩერა, შეცვლაზე შესულმა გიორგი რეხვიაშვილმა მიიღო, თავზე გადაუგდო მარგველაშვილს და ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში – 0:1. კარგი გოლი იყო. ეს ის რეხვიაშვილია, “სიონსა” და “ტორპედოში” რომ თამაშობდა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს ჰქონდა შანსები. “სასკოდან” საუკეთესოდ გია არახამიას დავასახელებდით, რომელმაც კონტრშეტევებზე ბევრ პრობლემას უქმნიდა “საბურთალოს”. სუპერ-მომენტი ჰქონდა მასპინძელთა ფორვარდ ვიანეს და როგორ ვერ მოახერხა გატანა, ძნელი სათქმელია: ახლოდან ურტყამდა, ხელს არავინ უშლიდა და ბრაჭულმა კარის ხაზიდან ფეხით გამოიტანა ბურთი. არადა, მეკარეს თითქოს დაკარგული ჰქონდა პოზიცია.

“სასკომ” ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და ”ბ” ზონის ხუთეულში შევიდა, თუმცა 9 ქულითაა დაშორებული ბათუმის “დინამოსგან” და “სამტრედიისგან”. ცხრილში ორხელისუფლებიანობაა ქულების მხრივ, ეგაა, ბათუმელები ბურთების შეფარდებით წინ არიან. მესამეზე ხელვაჩაურის “მაჭახელაა”, რომელიც ხსენებულ ორ კლუბს 5 ქულით ჩამორჩება

 

5.12.2013. 14:00. თბილისი. “ბენდელა”. 300 მაყურებელი

საბურთალო (თბილისი)-სასკო (თბილისი) 0:1 (0:0)

საბურთალო: გოშაძე, კაკიაშვილი, მარგველაშვილი (წოწონავა 82), ტაბიძე, თევზაძე, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, წივილაშვილი, ვიანე, ლარკი (რუხაძე 69), გოცირიძე.

მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე.

სასკო: ბრაჭული, ბერიშვილი, საჯაია, ინწკირველი, ელიავა, სარჯველაძე, დიღმელაშვილი, სეფიაშვილი, არახამია, ქუცურუა (ლომაია 77), რევაზ ჯიქია (გიორგი რეხვიაშვილი 68). 

მწვრთნელი: გიორგი ხიზანიშვილი.

გოლი: 0:1 რეხვიაშვილი (72).

B”ბ” ზონა


 

1 დინამო (ბთ)                  
13     10    1     2     26:8     31   
2 სამტრედია           
13 10 1 2 25:13 31
3 მაჭახელა               
13 9 3 1 23:6 30
4 ჭიათურა               
13 8 1 4 19:14 25
5 სასკო                 
13 7 1 5 22:12 22
6 სამგურალი          
13 6 3 4 25:22 21
7 ბეთლემი               
13 6 1 6 19:17 19
8 საბურთალო                
13 5 2 6 20:16 17
9 დილა 2              
13 5 2 6 19:24 17
10 ლოკომოტივი           
13 4 1 8 18:23 13
11 კოლხეთი (ხობი)       
13 3 3 7 15:29 12
12 სტუ                   
13 3 1 9 22:30 10
13 ბახამრო             
13 0 6 7 11:30 6
14 სულორი               
13 1 2 10 7:26 5

 

ბომბარდირი: გიორგი ერისთავი (“სამტრედია”) – 9 გოლი

A “ა” ზონა


1 კოლხეთი (ფოთი)      
12      10    1       1      28:7     31    
2 შუქურა (ქობულეთი)      
12 9 2 1 42:11 29
3 საპოვნელა (თერჯოლა)
12 8 2 2 23:10 26
4 დინამო 2 (თბილისი)    
12 7 1 4 30:14 22
5 ალგეთი (მარნეული)           
12 7 1 4 16:11 22
6 გაგრა                  
12 5 5 2 23:13 20
7 მეშახტე (ტყიბული)     
12 5 2 5 22:20 17
8 ჩხერიმელა (ხარაგაული)
12 4 3 5 19:23 15
9 სქური (წალენჯიხა)         
12 3 1 8 14:29 10
10 იმერეთი (ხონი)         
12 2 3 7 10:26 9
11 ადელი (ბათუმი)        
12 2 2 8 13:35 8
12 კახეთი (თელავი)       
12 2 1 9 11:31 7
13 მერცხალი (ოზურგეთი)  
12 1 2 9 8:29 5

 

ბომბარდირი: გიორგი ჩელებაძე (“შუქურა”) – 14 გოლი

 

შენიშვნა: წლეულს, პირველი ლიგის გათამაშება განსხვავებული ფორმატით ტარდება. შარშანდელივით ისევ ორი – “ა” და “ბ” ზონებია, თუმცა “ა” ზონაში 13 გუნდი ასპარეზობს (აჩაბეთის “ლიახვი” მოიხსნა გათამაშებიდან), “ბ” ზონაში კი – 14. გათამაშება ტარდება 2 წრედ. ორივე ზონაში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები პლეი ოფში იასპარეზებენ. პლეი ოფის გათამაშება, 4 გუნდს შორის, ჩატარდება თბილისში, ერთ წრედ. საუკეთესო 2 უმაღლესი ლიგის საგზურს მოიპოვებს. “ა” და “ბ” ზონებში ბოლო სამ ადგილებზე გასულები, მეორე ლიგაში დაქვეითდებიან.

 

0.213279