ფეხბურთი

22:34 | 1.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

არველაძემ ყოფილ გუნდს ვერ მოუგო, დვალის დებიუტი მარცხიანი გამოდგა

აზერბაიჯანის ჩემპიონატი განახლდა და ლიდერმა "ყარაბაღმა" მოულოდნელად შინ წააგო მეშვიდე ადგილზე მყოფ ლენქორანის "ხაზართან" – 0:1. ნიკა გელაშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია, სამაგიეროდ დებიუტი ჰქონდა ჯაბა დვალს, რომელიც 69-ე წუთზე შევიდა მინდორზე. ბოლოს "ყარაბაღი" მუდმივად უტევდა, თუმცა გათანაბრება ვერ მოახერხა. დვალისა და გელაშვილის გუნდი ჯერ ლიდერობს, თუმცა "გაბალასა" და "ნეფთჩის" ტურში სათამაშო აქვთ და თუ ორივე მოიგებს, მაშინ გადაუსწრებენ "ყარაბაღს".

შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" გასვლაზე 0:0 ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორთან". ბევრი ელოდა, რომ შოთა ყოფილ გუნდთან შეწყვეტდა მოუგებელ სერიას, თუმცა... ხიზანიშვილს რაც შეეხება, მან შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილებაც მიიღო. "ქაისერისფორი" ბოლოსწინა ადგილზეა, "ქასიმფაშა" კი – მეხუთეზე.

შოთა გრიგალაშვილის 'ანორთოსისმა" გასვლაზე 2:1 მოუგო "ეთნიკოს აშნას" და მეხუთე საფეხურზეა. ქართველ ნახევარმცველს არ უთამაშია.

აქვე ვთქვათ ერთ ამხანაგურზეც: ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" 5:1 მოუგო სომხურ "ალაშკერტს". ქართველმა ნახევარმცველმა პირველ ტაიმში ითამაშა და საგოლე პასიც გააკეთა.

  

 

0.113232