საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ნიუკასლის" ყოფილი მცველი მატიე დებიუში კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია "მეთოფეთა" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
კლუბს კონტრაქტის დეტალები ჯერ არ გაუხმაურებია. ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონელებს ფრანგის ტრანსფერი 12 მილიონი გირვანქა დაუჯდებათ, ხოლო ტრანსფერმარკეტ.ცომ-ის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი "არსენალის" მაისურით 2019 წლის ზაფხულამდე გაირჯება.
"ვამაყობ, რომ შევუერთდი ისეთ დიდებულ კლუბს, როგორიც "არსენალია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მოუთმენლად ველოდები არსენ ვენგერთან მუშაობას. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემთვის ამაღელვებელია და შევეცდები გუნდს ახალი ტიტულები მოვაპოვებინო." - განაცხადა დებიუშიმ.
"მოხარულები ვართ დებიუშის ტრანსფერით. მან თავისი მაღალი სათამაშო კლასი ყოფილ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში დაამტკიცა. იგი მაღალი ხარისხის მცველია, პრემიერიგაში თამაშის გამოცდილება აქვს და ჩვენს გუნდს ადვილად შეეწყობა." - განაცხადა ვენგერმა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი პრემიერლიგამდე ლიგა ერთში თამაშობდა. "ლილის" შემადგენლობაში დებიუშიმ 289 მატჩი ჩაატარა და 18 გოლთან ერთად 16 საგოლე გადაცემაც მიითვალა. "კაჭკაჭების" მაისურით 28 წლის მცველმა 46 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში "არსენალის" ახალწვეული 2011 წლიდან ასპარეზობს და 25 მატჩში 2 გოლი გაუტანია.
გიორგი ბალახაძე