ლონდონის “არსენალის” აღმასრულებელმა დირექტორმა ივან გაზიდისმა დაადასტურა, რომ კლუბმა სარეკორდო-სასპონსორო კონტრაქტი გააფორმა გერმანულ ფირმა Puma-სთან. სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ფირმისგან უახლოესი 5 წლის განმავლობაში “მეთოფეები” ყოველსეზონურად 30 მილიონ გირვანქას (37 მილიონი ევრო) მიიღებენ.
ხელშეკრულება ძალაში 2014 წლის ივნისიდან შედის, რაც იმის მაუწყებელია, რომ ამავე დროს დასრულდება “არსენალისა” და Nike-ის თანამშრომლობა. ეს უკანასკნელი ჩრდილოლონდონელთა მეოხი ბოლო 20 წელია და ამ ხნის განმავლობაში კანონირებმა Nike-ისგან 55 მილიონი გირვანქა მიიღეს.
“მოხარულები ვართ Puma-სთან თანამშრომლობის დაწყებით. ჩვენი კლუბი და ახალი სპონსორი ერთი და იმავე ფილოსოფიის მიმდევარია – ვაღრმავებთ საფეხბურთო მემკვიდრეობას და ვნერგავთ ინოვაციებს. ახალი კონტრაქტი “არსენალის” კიდევ უფრო განვითარებას ხელს შეუწყობს”, - განაცხადა გაზიდისმა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
არსენალელთა აღმასრულებელმა დირექტორმა არსენ ვენგერთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, კლუბის მეპატრონე სტენ კრონკე ფრანგი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილია, მთავარ მწვრთნელს ყოველმხრივ ენდობა და ვენგერთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკების დაწყებას მალე შესთავაზებს.
შეგახსენებთ, არსენ ვენგერი “არსენალს” 1996 წლიდან დამრიგებლობს.