რასაც ამ გუნდს ნამდვილად ვერ დავუწუნებთ, ეს თავდადება და ბოლომდე ბრძოლაა. ზედიზედ მე-2 სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, “არსენალმა”, შეიძლება ითქვას გამოუვალ სიტუაციას თავი თითქმის დააღწია. ერთი წლის წინათ, მილანში 0:4 წაგების შემდეგ, ლონდონელებმა შინ 3:0 იმარჯვეს. არსენ ვენგერის შეგირდებს ამჯერადაც მხოლოდ ერთი გოლი დააკლდათ.
საკუთარ კედლებში 1:3 წაგების შემდეგ, “არსენალი” ძალიან ცუდ სიტუაციაში იყო. ლონდონელებს ბრწყინვალე ფორმაში მყოფ “ბაიერნთან”, მიუნხენში, მინიმუმ 3 ბურთის გატანა მართებდათ. რთული გეგმის შესრულებას ინგლისელებმა ხელი თავიდანვე მიჰყვეს და 2005 წლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის უსწრაფესი გოლიც გაიტანეს.
მიმდინარეობდა მე-3 წუთი, როდესავ სტუმართა კარგი შეტევის დროს, მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შესულმა უოლოტმა ბურთი კარის წინ ჩააწოდა, სადაც ჟირუმ ზუსტად ითამაშა და ანგარიში გაიხსნა.
მთელი შეხვედრის განმავლობაში, უპირატესობას “ბაიერნი” ფლობდა. მიუნხენელებს გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი მიეცათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-2 ტაიმში, რობენის მეკარესთან პირისპირ გასვლა, მაგრამ ჰოლანდიელმა ფაბიანსკის ვერ აჯობა.
მე-2 გოლის გატანამდე, “არსენალის” მხრიდან, ყველაზე სახიფათო მომენტი ჟერვინიოს შეექმნა. ლონდონელთა აფრიკელმა შემტევმა მეტოქის საჯარიმოში კარგად კი ითამაშა მაგრამ მას დარტყმა აღარ გამოუვიდა.
86-ე წუთზე, ორრაუნდიან დაპირისპირებაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. კასორლას მიერ კუთხურის მოწოდების შემდეგ, კოსილნიმ თავით ზუსტად ითამაშა და სტუმრები 2:0 დააწინაურა. ეს ნიშნავდა, რომ კიდევ ერთი გოლის გატანის შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე “არსენალი” გადიოდა, მაგრამ “ბაიერნმა” იმდენი მოახერხა, რომ დარჩენილი დრო მეტოქის ნახევარზე გაატარა და “არსენალს” მომენტიც აღარ შეაქმნევინა.
“არსენალი” ინგლისური ფეხბურთის ბოლო, ძალიან მცირე იმედი იყო. “მეთოფეების” გამოვარდნის შემდეგ, ინგლისს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში წარმომადგენელი არ ჰყავს. ასეთი რამ უკანასკნელად 1995-96 წლების სეზონში მოხდა.
ინგლისელებისგან განსხვავებით, წარმატებით ასპარეზობენ ესპანური გუნდები. 2003 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ 1/4-ფინალში სამმა ესპანურმა გუნდმა გააღწია. აღსანიშნავია, რომ სამივე შემთხვევაში, პირენელებს პირველი მატჩების შემდეგ საქმე არცთუ კარგად ჰქონდათ. “რეალისა” და “ბარსელონას” შემდეგ, რთული სიტუაციიდან თავის დაღწევა ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა, “მალაგამ” მოახერხა.
3 კვირის წინათ, “მალაგას” “პორტუსთან” 0:1 ჰქონდა წაგებული. ეს ანგარიში საგანგაშო არა, მაგრამ სახიფათო ნამდვილად იყო, რადგან გოლის გაშვების შემთხვევაში, ანდალუსიელები ძალიან რთულ სიტუაციაში ვარდებოდნენ.
შეხვედრა მანუელ პელეგრინის გუნდის დიდი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში, ანდალუსიელებმა წესების დაცვით 2 გოლი გაიტანეს, მაგრამ პირველ შემთხვევაში, არბიტრმა სავიოლას მიერ კარის აღება არ დააფიქსირა. 43-ე წუთზე, ისკოს შესანიშნავი შორეული დარტყმის შემდეგ, პორტუგალიელთა კიპერიც უძლური იყო და მსაჯიც.
მე-2 ტიამის დასაწყისში, “მალაგას” სახიფათო იერიშის ჩაშლის გამო, დეფურმა მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და “პორტუ” რთულ სიტუაციაში ჩავარდა
შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით 20 წუთი რჩებოდა, როდესაც პელეგრინიმ მოედანზე როკე სანტა კრუსი შეიყვანა და პარაგვაელმა ჩილელს გაუმართლა. ისკოს მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, სამხრეთ ამერიკელმა თავდამსხმელმა მე-2 სართულზე ყველას აჯობა და ის გოლი გაიტანა, რომელსაც შემდეგ ეტაპზე “მალაგა” გაჰყავდა.
2:0 “პორტუს” ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას ნიშნავდა და პორტუგალიელები გააქტიურდნენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო. 1/4-ფინალში დებიუტანტი “მალაგა” გავიდა.
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შემდეგი გუნდები გავიდნენ: ბარსელონა, რეალი, მალაგა, პსჟ, ბაიერნი, დორტმუნდი, იუვენტუსი, გალათასარაი. 1/4-ფინალის წილისყრა პარასკევს, 15 მარტს, თბილისის დროით 15 საათზე გაიმართება. აქვე ერთი ინფორმაცია – ბოლო წლებისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე, მხოლოდ 1/4-ფინალების წილისყრა გაიმართება. ნახევარფინალების წილისყრა საუკეთესო 4 გუნდის გამოვლენის შემდეგ ჩატარდება.
ბაიერნი-არსენალი 0:2 (0:1)
მიუნხენი, “ალიანც არენა” 68000
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა, მარტინესი, გუსტავო, მიულერი, კროოსი (ტიმოშჩუკი 80), რობენი, მანჯუკიჩი (გომესი 73).
მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი.
არსენალი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ჯენკინსონი, მერტეზაკერი, კოსილნი, გიბსი, არტეტა, რემსი (ჟერვინიო 71), უოლკოტი (ჩერმბერლენი 72), როსიცკი, კასორლა, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
გოლები: 0:1 ჟირუ (3), 0:2 კოსილნი (86).
გაფრთხილებები: ლამი 57, მარტინესი 83, გომესი 89 – გიბსი 44, როსიცკი 62, ჟირუ 74, მერტეზაკერი 80, კასორლა 83, კოსილნი 86.
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 17 (6)-5 (2), კუთხური: 6-1, თამაშგარე: 3-1, სეივი: 0-7, ჯარიმა: 13-25.
მალაგა-პორტუ 2:0 (1:0)
მალაგა, “ლა როზალედა” 27451
მალაგა (4-4-2): კაბალიერო, გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ანტუნესი, სანჩესი (კამაჩო 88), ტულალანი, იტურა, ისკო, ბაპტიშტა (სანტა კრუსი 73), სავიოლა (პიასონი 78).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
პორტუ (4-3-3): ჰელტონი, დანილო, ოტამენდი, მანგალა, ალექს სანდრო (აცუ 69), მოუტინიო (როდრიგესი 46), ფერნანდო, ლუჩო გონსალესი, ვარელა (მაიკონი 58), მარტინესი, დეფური.
მწვრთნელი: ვიტორ პერეირა.
გოლები: 1:0 ისკო (43), 2:0 სანტა კრუსი (77).
გაფრთხილებები: დემიკელისი 28, გამესი 33, ტულალანი 64 – ოტამენდი 17, დეფუ 24, ალექს სანდრო 30, მანგალა 83.
გაძევება: დეფუ 49.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 10 (6)-4 (1), კუთხური: 8-2, თამაშგარე: 6-4, სეივი: 1-4, ჯარიმა: 18-17.