ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იმედოვნებს, რომ "მილანის" და იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ლონდონურ კლუბში ჩაირიცხება.
როგორც ცნობილი ხდება, იტალიური კლუბი ლონდონელთა ახალ შეთავაზებას 29.5 მილიონ გირვანქას დასთანხმდა და ტრანსფერი მუნდიალის დასრულების შემდეგ შედგება. SKy Sport-ის ინფორმაციით, ბალოტელიმ და "არსენალმა" პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს და 23 წლის თავდამსხმელს კვირაში, ხელფასის სახით 180 000 გირვანქა ექნება.
იტალიელი ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ "არსენალი" ფანტასტიკური კლუბია და მისი კლიენტი კლუბის გამოცვლას არ გამორიცხავს. შეგახსენებთ, რომ ბალოტელის შეძენა "მონაკოსაც" სურს და მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მარიო ბალოტელიმ გასულ სეზონში "მილანის" რიგებში 41 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი. ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 26.4 მილიონ გირვანქას შეადგენს.
გიორგი ბალახაძე