ფეხბურთი

14:18 | 11.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინა ბრაზილიაში მიდის

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სამხრეთ ამერიკის ზონაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შედეგადაც არგენტინის ნაკრებმა ბრაზილიის საგზური დაიბევა.

არგენტინელები პარაგვაის ეწვივნენ, რომლებმაც ეს შესარჩევი ეტაპი პირწმინდად ჩააგდეს, ბოლო ადგილზე არიან და მთავარი საკითხავი ის იყო, ხომ არ გაიჯახუნებდნენ კარს მასპინძლები. მაგრამ მოხდა პირიქით, შესარჩევი ეტაპის კარი სტუმრებმა გაიჯახუნეს და ორი ტურით ადრე დაიბევეს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური.

ლიონელ მესიმ ანგარიში მე-12 წუთზე, აგუეროს წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანიდან გახსნა, რაზეც მასპინძლებმა ძალიან მალე აურელია ნუნიესის გოლით უპასუხეს. მიუხედავად ამისა, 32-ე წუთზე აგუერომ ამჯერად მესის გადაცემით ისარგებლა და არგენტინა შესვენებაზე კარგ ხასიათზე გავიდა. მატჩის ბედი მეორე ტაიმის დასაწყისში, სამწუთიან ინტერვალში გადაწყდა, როდესაც ჯერ დი მარიამ იხეირა კონტრშეტევაზე, 53-ე წუთზე კი, მესიმ მეორე თერთმეტმეტრიანიც გამოიყენა. დარჩენილ დროში სანტა კრუზმა და მაქსი როდრიგესმა გოლები გაცვალეს, არგენტინამ გადახალისებული შემადგენლობით 5:2 იმარჯვა და მშვიდად დაიბევა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური.

კოლუმბია მონტევიდეოს იმ განწყობით ეწვია, რომ იქიდან მინიმუმ ქულას წამოიღებდა და ამით ბრაზილიის საგზურს ნაადრევად დაიბევებდა, მაგრამ ურუგვაელებს სხვა გათვლები ჰქონდათ. პირველმა ტაიმმა მშვიდად ჩაიარა და სტუმრებს ბედი ცუდს არაფერს უქადდა, მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და კავანის დარტყმული ზედა ძელმა აისხლიტა. თითქოს, ფრე მაინც გარდაუვალი იყო, მაგრამ მატჩის მიწურულს კოლუმბიელებმა დაცვის ცენტრში ორი შეცდომა დაუშვეს, რაც კავანიმ და სტუანიმ 77-ე და 81-ე წუთებზე გოლებად აქციეს და ურუგვაიმ 2:0 იმარჯვა. ამრიგად, კოლუმბიელთა ბრაზილიაში გამგზავრება გადაიდო, ურუგვაის კი, მინიმუმ მე-5 ადგილის შენარჩუნების, ანუ გადათამაშებაში მონაწილეობის კარგი შანსი გაუჩნდა.

ეკვადორმა ბოლო თამაშები აშკარად ჩააგდო და ახლა მისი საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსები დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. მათ იმედგადაწურული ბოლივიის დამარცხება ვერ შეძლეს, მხოლოდ 1 ქულას დასჯერდნენ და ახლა ძალების მობილიზება უშუალო კონკურენტ ურუგვაისთან შინ და ჩილესთან სტუმრად მოუწევთ. კიდევ ერთ შეხვედრაში ვენესუელამ პერუ 3:2 დაამარცხა, მაგრამ მის შედეგს პრაქტიკული აზრი უკვე დაკარგული ჰქონდა.

 

პარაგვაი - არგენტინა 2:5

გოლები: 0:1 მესი (12 პ.). 1:1 ნუნიესი (17), 1:2 აგუერო (32), 1:3 დი მარია (50), 1:4 მესი (53 პ.), 2:4 სანტა კრუზი (86), 2:5 მაქსი როდრიგესი (90)

 

ურუგვაი - კოლუმბია 2:0

გოლები: 1:0 კავანი (77), 2:0 სტუანი (81)

 

ბოლივია - ეკვადორი 1:1

გოლები: 1:0 არასკაიტა (47) 1:1 კაისედო (58 პ.)

 

ვენესუელა - პერუ 3:2

გოლები: 0:1 ურტადო (20), 1:1 რონდონი (37), 2:1 სესარ გონსალესი (62 პ.), 3:1 ოტერო (77), 3:2 სამბრანო (87)

 

1.          არგენტინა           14     8       5       1      30:11       29
2. კოლუმბია 14 8 2 4 22:9 26
3. ჩილე 14 8 0 6 24:21 24
4. ეკვადორი 14 6 4 4 18:14 22
5. ურუგვაი 14 6 4 4 22:22 22
6. ვენესუელა 15 5 4 6 13:19 19
7. პერუ 14 4 2 8 15:22 14
8. ბოლივია 15 2 5 8 16:29 11
9. 14 3 2 9 15:28 11


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11823