საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მადრიდში ესპანეთი 24:17 დაამარცხა, მაგრამ პრემიალური ქულა ვერ აიღო, პირველი ადგილი დაკარგა და ერთა თასის შესანარჩუნებლად და მსოფლიო თასზე სასურველ ჯგუფში მოსახვედრად ერთ კვირაში თბილისში რუმინელთა უცილობლად დამარცხება მართებს.
მხოლოდ ის ფაქტი, რომ პრემიალური ქულის აღება ვერ მოხერხდა დიდად საწუხარი არ იქნებოდა, მაგრამ არ ივარგა თამაშის ხარისხმა და უმთავრეს მეტოქესთან მატჩის წინ ეს მართლაც საფიქრალია. სწორედ არასათანადო გარჯის ბრალია ის, რომ სასურველი შედეგი არ დადგა და ამის რამდენიმე მიზეზი უნდა იყოს. ერთი ისაა, რომ მილტონ ჰეიგმა რუმინელებთან ჯახის წინ რამდენიმე წამყვან მორაგბეს დასვენების საშუალება მისცა და უახლოესმა რეზერვმა მათი სრულფასოვანი შეცვლა ვერ მოახერხა, მაგრამ ამ შემადგენლობასაც კი, თავისუფლად შეეძლო ესპანეთისთვის ოთხი ლელოს გატანა და მადრიდიდან ხუთი ქულის წამოღება.
ეს იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ გუნდი სათამაშოდ ერთგვარად მოდუნებული გავიდა. თუ არ ჩავთვლით მეორე ტაიმის მცირე მონაკვეთს და ერთეული მორაგბეების პერიოდულ გაბრწყინებას, გუნდს აკლდა ის აუცილებელი აგრესია, რაც თამაშის მაღალ დონეზე ჩასატარებლადაა საჭირო. ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრები ჯერ კიდევ ვერაა იმ დონის გუნდი, რომ ყველა თამაშში შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოს და ამის გაკეთებას მხოლოდ ერთეულ, გადამწყვეტ მატჩებში ახერხებს.
ის, რომ პრინციპული თამაშებისთვის კონცენტრირება ხერხდება, იძლევა ფიქრის საფუძველს, რომ ერთ კვირაში “მიხეილ მესხზე” სულ სხვა საქართველოს ნაკრები გავა. თანაც, გუნდს დაუბრუნდებიან ლიდერები, შემადგენლობაში მნიშვნელოვანი გადახალისება მოხდება და ამით სათამაშო ხარისხიც ამაღლდება. და მაინც, რუმინეთს წელს ძლიერი ნაკრები ჰყავს, ახლა ის საქართველოზე ერთი ნაბიჯით წინაა, მას ფრეზე თამაშიც აძლევს ხელს და აქედან გამომდინარე, ჰეიგს მთელი კვირის განმავლობაში დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს, რათა ინგლისში ახალ ზელანდიასთან თამაში მოგვიწიოს.
განვლილ მატჩში აგრესიის და კონცენტრაციის არქონა ვახსენეთ და ამის ბრალი უნდა იყოს ის ტექნიკური წუნი, რაც გადაცემების შესრულებისას, ბურთის მიღებისას თუ ფეხით თამაშისას შეინიშნებოდა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ისიც, რომ 9 ნომრის პრობლემური პოზიცია კვლავაც პრობლემურად რჩება და ამ პოზიციის მორაგბეებმა რამდენჯერმე დააგვიანეს გადაწყვეტილებების მიღება, ან არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს, რიგ შემთხვევებში კი, ჩანაფიქრი სათანადოდ ვერ შეასრულეს. გარდა ამისა, რამდენიმე მორაგბემ თამაში ჩვეულზე დაბალ დონეზე ჩაატარა და მათ თავადაც მოუწევთ საკუთარ თავზე მუშაობა, რათა რუმინეთთან მაქსიმუმი თუ ვერა, სასურველთან მიახლოვებული თამაში მაინც აჩვენონ.
ამ ყველაფრის ფონზეც გამოჩნდა, რომ თუნდაც მნიშვნელოვნად გადახალისებულ საქართველოს ნაკრებთან და ისიც ნახევარი ძალით მოთამაშესთან, ესპანეთი ახლოსაც ვერ მივა. რომ არა პირველი ტაიმის მიწურულს შეცდომების ხარჯზე მიღებული ორი ლელო, “ბორჯღალოსნები” გამარჯვებას უპრობლემოდ მიაღწევდნენ. როცა გაჭირდა, მოედანზე მყოფმა ლიდერებმა თამაში თავის თავზე აიღეს, ამით თანაგუნდელების შეცდომებიც გადაფარეს და მატჩის ბედიც ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე გადაწყვიტეს.
მზიან ამინდში გამართული მატჩის დებიუტში ქართველი მორაგბეები კარგად წევდნენ დაცვის ხაზს და მასპინძლები საკუთარი ნახევრიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებდნენ. მიუხედავად ამისა, ხშირი იყო ტექნიკური წუნი და ჯარიმები. საწყის 20 წუთში რეფერის წესების დარღვევის გამო 10-ჯერ მოუწია თამაშის შეჩერება, ეს კი, მართლაც ბევრია. მოულოდნელობა იყო ესპანეთის ნაკრების შერკინების მდგრადობა. პირველ ორ ჯერზე მათ “ბორჯღალოსნებს” დაჯარიმება აიძულეს, მაგრამ ამის შემდეგ ამ კომპონენტში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და როგორც ჩანს, მანამდე საქმე მეტოქის დაუფასებლობასთან გვქონდა, რაც მალევე გამოსწორდა.
მასპინძლებმა საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ რომ გადაწყვიტეს შეტევის წამოწყება, მე-9-ე წუთზე დაჯარიმდნენ და მერაბ კვირიკაშვილმა ანგარიში გახსნა. სამიოდე წუთში ესპანელებმა კუთხიდან ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში ამჯობინეს, მაგრამ საკუთარი დერეფანი წააგეს. მერე კვირიკაშვილმა ჯარიმით უპირატესობის გაზრდის შანსი მიიღო, თუმცა კარის გასწვრივ 40 მეტრიდან მიზანმა უმტყუნა. ამას იერიშის გაშლა მოჰყვა, მაგრამ შარიქაძეს 22-ის ხაზთან ბურთი გაუვარდა. სამაგიეროდ, მესამე ჯერზე ქართველთა შერკინებამ მეტოქისა დაჯაბნა, ჯარიმის უფლება მოიპოვა და ამჯერად კვირიკაშვილმა ზუსტად დაჰკრა.
სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ და ლელოს გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ, როდესაც თამაზ მჭედლიძემ შებრუნებული გადაცემის მიღების შემდეგ დაცვის ხაზი გაჭრა და მეტოქის ჩათვლის მოედანს 7-8 მეტრამდე მიუახლოვდა, მამუკა გორგოძემ კიდევ უფრო წინ წაიწია და მორკინალების რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ, მანვე რაქიდან ატაცებული ბურთი რთულ სიტუაციაში ესპანელთა ჩათვლის მოედანში დაამიწა. რადგან ერთა თასის თამაშებზე ვიდეორეფერი არაა, უელსელი დამხმარეს დაეკითხა და მის სიტყვაზე დაყრდნობით ლელოს ნაცვლად მეტოქეს შერკინება უბოძა.
ეს იერიში უქულოდ მაინც არ დასრულდა, შერკინებამ მეტოქეს ბურთი აართვა, კვირიკაშვილმა კარის გასწვრივ 15 მეტრიდან არეკნი დაჰკრა და ანგარიში 9:0 გახადა. სათამაშო უპირატესობის ფონზე, “ბორჯღალონები” უკვე აქტიურად ცდილობდნენ ფლანგების გამოყენებას და ყველა ქართველთა ლელოს მოლოდინში იყო, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა. 33-ე წუთზე მოედნის ცენტრში ლაშა ხმალაძე კვირიკაშვილს უკეთებდა გადაცემას, თუმცა ის სესარ სემპერემ ჩაჭრა და ლელომდე 50 მეტრი ირბინა, ხოლო მატიო პელიუშონიმ გარდასახვა გამოიყენა. ამან ქართველები დააბნია, ესპანეთი გამოცოცხლდა და ვაჟა ხუციშვილმა გადაცემა რომ დააგვიანა პირველხაზელმა მარკო პინტომ ისე შებოჭა, ბურთი გააგდებინა.
ამ ეპიზოდში საქართველოს ნაკრები დაჯარიმდა, ესპანელებმა ბურთი აუტში გაიტანეს, იქ ჯარიმის უპირატესობა მიიღეს და შარლი მალიემ ხეირზე ითამაშა - ბურთი ფეხით 22-ში ჩაჰკიდა. ირაკლი მაჩხანელი და კვირიკაშვილი ვერ გაერკვნენ, ბურთს რომელი უნდა დაუფლებოდა და ის პელიუშონმა მათ ცხვირწინ ააცალა. ლელოს ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და არაფრისგან ესპანეთის ნაკრებმა ტაიმი 14:9 მოიგო.
მეორე ტაიმის დებიუტში ქართველმა მორაგბეებმა კიდევ სამჯერ დაუშვეს უაზრო შეცდომა და ამას მაღალი დონის გუნდი ნაღდად არ გვაპატიებდა, მაგრამ ბედად მეტოქე ესპანეთი იყო. 50-ე წუთზე ქართველებმა ნაცად ხერხს მიმართეს და მოლით 15-20 მეტრი იარეს, პინტო ჩაქცევისთვის დაჯარიმდა და სინბინით დაისაჯა. ისე, როგორც მაღალი კლასის გუნდებს შეეფერებათ, მეტობა საქართველოს ნაკრებმა სათანადოდ გამოიყენა.
დასარტყმელი ჯარიმის 5-მეტრა აუტში გატანის შემდეგ, თამაში გორგოძემ გამოაცოცხლა. მან ჯერ იქვე შეუტია და ხაზზე შეაჩერეს, მერე ხუციშვილი ბურთის გატანისას შეცდა და მეტოქემ 10 მეტრით უკან დაგვახევინა, მაგრამ მორკინალები მოკლე დარტყმებით კვლავ წითელ ზოლში დაბრუნდნენ და იერიშის წამომწყებმა ის ლელოთი დააგვირგვინა - გორგოძემ რაქიდან გამოსული ბურთი მიიღო, მძლავრად დაჰკრა და სამ მეტოქესთან ჭიდილში ის ჩათვლის მოედანში დაამიწა. შედეგად, საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მელელოვეების დავაში გორგოძე ირაკლი მაჩხანელს გაუტოლდა (24-24 ლელო). გარდასახვა კარგი პოზიციიდან შესრულდა, მაგრამ კვირიკაშვილმა არაზუსტად დაარტყა და გუნდის დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა.
შეცვლაზე შესული მორაგბეები თამაშში კარგად ჩაერთვნენ და სანამ გასინბინებული მეტოქე მოედანს დაუბრუნდებოდა, მეორე ლელოც გავიდა. შალვა მამუკაშვილმა ჩვენი 22-იდან კარგად აიტანა ბურთი, ცენტრალური ხაზის გადაკვეთის შემდეგ, ხმალაძემ ხაზი გაჭრა და ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, მაგრამ ბურთი მიმყოლმა გიორგი თხილაიშვილმა აიტაცა და ლელო მაინც გავიდა. ეს მისი პირველი ლელოა ნაკრებში ჩატარებულ მეათე მატჩში. კვირიკაშვილმა ამჯერად გარდასახვა ზუსტად შეასრულა და 57-ე წუთზე ანგარიში 21:14 გახდა.
გაჩნდა იმედი იმისა, რომ დარჩენილ 20 წუთში “ბორჯღალოსნები” პრემიალური ქულისთვის საჭირო კიდევ ორ ლელოს გაიტანდნენ, მაგრამ თამაში რომ აირია, ესპანეთმა აქეთ შემოგვიტია და მარცხენა ფლანგზე ლელოს გატანის შანსი მიეცა, მაგრამ ისინი თავადაც ვერ გაერკვნენ სიტუაციაში და თედო ზიბზიბაძემ მდგომარეობა განმუხტა. მერე კვირიკაშვილმა 40 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და ქართველთა უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა. 70-ე წუთზე მას კიდევ ერთი ჯარიმა უნდა გაეტანა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა.
სულ ბოლოს ესპანელებმა გაიბრძოლეს და 75-ე წუთზე ანტონ ფეიქრიშვილის სინბინს გამორჩნენ, ჯარიმაც ზუსტად შეასრულეს და ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანეს. მათთვის პრემიალური ქულის ართმევა ბექა წიკლაურს შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა არაზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრებმაც 24:17 იმარჯვა. ამრიგად, ესპანელებმა პრემიალური ქულა ჩაიწერეს, ბელგია 5 ქულით მოიტოვეს და რადგან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვთ, გაისად “ლომები” კვლავ ამ დონეზე ითამაშებენ, ხოლო ბელგია ქვედა დივიზიონში დაბრუნდება.
2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
მეორე წრე. მეოთხე ტური
8 მარტი
ესპანეთი. მადრიდი. უნივერსიტეტი
ესპანეთი - საქართველო 17: 24 (14:9)
ესპანეთი: 15. მატიო პელიუშონი, 14. მარკო პოჟი, 13. სესარ სემპერე, 12. დანიელ სნი (21. ხაიმე ნავა 58), 11. პიერ ბელზიუნსი (22. მატია ტუდელა 72), 10. შარლი მალიე, 9. გიომ რუე (20. პაბლო ფეიხო 60); 1. ფრანკ ლაბე, 2. ბენია ოსკი (23. აგუსტინ ორტისი 69), 3. ხესუს მორენო (16. მარკო პინტო 31), 4. ანიბალ ბონანი (19. დავიდ ბარერა 54), 5. ხესუს რეკუერდა (კაპ.), 6. მეთ ქუქი, 7. გოტიე ჟიბუენი, 8. ფედერიკო ნეგრიო (18. დამიან ელგუაენი 48).
არ უთამაშია: 17. სრანსისკო სანსი.
2 ლელო: სემპერე, პელიუშონი
2 გარდასახვა: პელიუშონი
1 ჯარიმა: პელიუშონი
1 სინბინი: პინტო
მთავარი მწვრთნელი: სანტიაგო სანტოსი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (23. ბექა წიკლაური 76), 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.), 13. თედო ზიბზიბაძე (22. ლაშა მალაღურაძე 73), 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვაჟა ხუციშვილი (21. გიორგი ბეგაძე 62); 1. ზურაბ ჟვანია (17. კარლენ ასიეშვილი 70), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. შალვა მამუკაშვილი 48), 3. ლევან ჩილაჩავა (18. ანტონ ფეიქრიშვილი 48), 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი (19. შალვა სუთიაშვილი 62), 7. მამუკა გორგოძე, 8. გიორგი ჩხაიძე (20. გივი ბერიშვილი 62).
2 ლელო: გორგოძე, თხილაიშვილი
1 გარდასახვა: კვირიკაშვილი
3 ჯარიმა: კვირიკაშვილი
1 არეკნი: კვირკაშვილი
1 სინბინი: ფეიქრიშვილი
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
რეფერი: ნილ ჰენესი (უელსი)
ასისტენტები: გრეგ მორგანი, ჰიუ ლუისი
რუსეთი - პორტუგალია 34:18
რუმინეთი - ბელგია 29:10
1 | რუმინეთი | 9 | 8 | 1 | 0 | 233-84 | 38 |
2 | საქართველო | 9 | 8 | 1 | 0 | 264-97 | 37 |
3 | რუსეთი | 9 | 5 | 0 | 4 | 185-229 | 23 |
4 | პორტუგალია | 9 | 2 | 1 | 6 | 121-194 | 11 |
5 | ესპანეთი | 9 | 1 | 2 | 6 | 131-219 | 11 |
6 | ბელგია | 9 | 0 | 1 | 8 | 114-225 | 6 |
მომდევნო ტური. 15 მარტი
საქართველო - რუმინეთი
პორტუგალია - ესპანეთი
ბელგია - რუსეთი