რაგბი

1:28 | 15.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

არადამაკმაყოფილებელი გამარჯვება და ფავორიტი არგენტინა

“თბილისის თასი 2014”-ის პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ჯილდოს დაუფლების მთავარი კანდიდატი, შემადგენლობის მიუხედავად, არგენტინის “იაგუარებია”, საქართველოს ნაკრებს კი, მათთან თანასწორად სათამაშოდ უდიდესი სამუშაო აქვს ჩასატარებელი.

“ბორჯღალოსნები” მასპინძლის სტატუსით სარგებლობენ, 10-მდე მორაგბის დანაკლისის მიუხედავად, თითქოს შემადგენლობასაც არაუშავს, მაგრამ ასევე შესუსტებულ ესპანეთთან ნაჩვენებმა თამაშმა უამრავი კითხვის ნიშანი დაბადა. პირველ ტაიმს არაუშავდა, ეგებ ყველაფრის გათვალისწინებით, საშუალოზე მეტიც იყო, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი თავდაყირა დადგა და სადღაც მადლობელნი უნდა ვიყოთ გამარჯვება ჩვენ რომ დაგვრჩა.

“თამაშის ხარისხით მარტო მე კი არა, მთელი გუნდი საშინლად უკმაყოფილოა და საფინალო სასტვენისთანავე, ეს ყველამ ერთხმად აღნიშნა. არ შეიძლება სარეიტინგო მატჩში თუნდაც ერთი წუთით მოდუნება. პირველ ტაიმში არაგვიშავდა და ორი ძალიან კარგი ლელოც გავიტანეთ, მაგრამ მეორე ნახევარი კატასტროფა იყო. ზუსტად ვიცით, თუ ყველაფერი არ გამოვასწორეთ, არგენტინელებთან შანსი არ გვექნება.

ვერავის გამოვარჩევ, რადგან გუნდმა სათანადოდ ვერ ითამაშა. მაგრამ ჩვენ ამ ბიჭებს უნდა დავეყრდნოთ არა მხოლოდ ახლა, არამედ 2015 წლის მსოფლიო თასზეც და მომავალი თამაშისთვისაც გაფართოებულ შემადგენლობაში ცვლილებები არ იქნება. ეს ტურნირი სწორედ სათამაშო ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება და ამ მოკლე დროში ხარვეზების აღმოფხვრას ვეცდებით. ჩემი სურვილი იყო, რომ გუნდს ლელოზე ეთამაშა, ამას გავიძახდი გადამცემში, მაგრამ მათ არაფრისმომცემი ჯარიმა გაიტანეს და პრემიალური ქულის გარეშე დავრჩით” - განაცხადა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

პირველ ტაიმს მართლაც არაუშავდა, საქართველოს ნაკრები საგრძნობ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ რაღაც აკლდა და ანგარიში მხოლოდ მე-16 წუთზე, ბექა წიკლაურის ჯარიმით გაიხსნა. “ბორჯღალოსნები” შერკინებაშიც რომ დომინირებდნენ, ტაიმის შუაში ჯარიმა ლაშა მალაღურაძემ აუტში გადაიტანა, 5-მეტრა დერეფანს მოლი მოყვა და მისი ხაზთან ჩაქცევის შემდეგ მალაღურაძემ ბურთი მარჯვენა ფლანგზე ფეხით ჩაკიდა, სადაც მას ჰაერშივე თამაზ მჭედლიძე დაეუფლა და 23-ე წუთზე ტურნირის პირველი ლელოც გავიდა. წიკლაურის გარდასახვა არაზუსტი იყო - 8:0.

რადგან ბურთს უმეტესად საქართველო აკონტროლებდა, ესპანელები ფაქტობრივად უშანსოდ იყვნენ და მათ ჯარიმის შესრულების უფლება პირველად 29-ე წუთზე მიიღეს, კარში დარტყმა გადაწყვიტეს, მაგრამ დენიელ-როს სნის 30 მეტრიდან მიზანმა უმტყუნა. ამას მოჰყვა უწყინარ სიტუაციაში წიკლაურის შეცდომა, რომელმაც 22-ში ფეხით ჩაკიდებული ბურთი ვერ დაიჭირა, იგნასიო გუტიერეს-მიულერი ფლანგზე გაიჭრა და ცენტრში ლელოს გატანის პატივი ადამ-რობერთ ნიუთონს დაუთმო, ხოლო სნიმ გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.

შესვენებამდე დარჩენილი დრო სრულად ქართველების იყო, შალვა სუთიაშვილის გარღვევის შემდეგ, მალაღურაძემ ფლანგზე კვლავ მჭედლიძეს ჩაუკიდა, ამჯერად ლელო არ შედგა, მაგრამ ქართველმა ბურთი შეინარჩუნა და იერიში ლელოთი შალვა მამუკაშვილმა დააგვირგვინა, ხოლო წიკლაურმა ზუსტად გარდასახა. 37-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან იერიშში სანდრო თოდუა ჩაერთო, ორ მბოჭავს ისე დაუსხლტა, რომ მათ გვერდით ხაზს იქით გადაყვანის საშუალება არ მისცა და კიდევ ერთ მცველთან ჭიდილში ლელო გაიტანა. გარდასახვა ისევ არაზუსტი იყო, მაგრამ 20:7 უპირატესობა და პირველ ტაიმში გატანილი სამი ლელო, მეორე ნახევარში საუკეთესოს იმედს იძლეოდა.

სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა უამრავი შეცდომა დაუშვეს და ესპანელების თუნდაც ამ შემადგენლობას ოდნავი სითამამე რომ გამოეჩინა, კაცმა არ იცის რა მოხდებოდა. დიახ, ქართველმა მორაგბეებმა უჩვეულოდ სუსტად ითამაშეს, უაზროდ კარგავდნენ ბურთებს და ისინი 54-ე წუთზე მიღებულმა ჯარიმამაც ვერ გამოაფხიზლა. მერე იყო სტუმართა მხრიდან კოტრშეტევის მცდელობები და ლელოს მხოლოდ მოიერიშეთა უნიათობით დავაღწიეთ თავი, 74-ე წუთზე მარიანო-ესეკიელ გარსიამ ჯარიმით სხვაობა ერთ გარდასახულ ლელომდე დაიყვანა და ალბათ გამარჯვების ხელიდან გაშვების შიშით იყო გამოწვეული, სულ ბოლოს წიკლაურმა კარში გატანილი ჯარიმით საბოლოო შედეგი რომ დააფიქსირა (23:13), თორემ ამ ესპანეთის ნაკრებთან მოქოქილ საქართველოს ნაკრებს სარეკორდო სხვაობითაც უნდა ემარჯვა.

სანტიაგო სანტოსი (ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “თამაშითაც და ანგარიშითაც კმაყოფილი ვართ. ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ და პირველი თამაში ძალიან კარგად ჩავატარეთ. კარგად ვიცავდით თავს და რამდენჯერმე შეტევის ფაზებიც ავკინძეთ. ჩვენი შეცდომების გამო ლელოები გავუშვით და ბოლოს გვსურდა, მცირე სხვაობისთვის ქულა აგვეღო, მაგრამ ეს არ გამოვიდა. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო - მე ვამაყობ ჩემი გუნდით და კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით”.

ხაიმე ნავა (ესპანეთის ნაკრების კაპიტანი): “ჩვენ ამ ტურნირზე თამაში არ დაგვიმსახურებია, უბრალოდ ირბ-მ და საქართველოს რაგბის კავშირმა მოგვიწვია და კარგი შედეგი უნდა ვაჩვენოთ, რათა მსგავსი პატივი მომავალშიც დავიმსახუროთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს ჩვენს წინააღმდეგ არ უთამაშია საქართველოს პირველ ნაკრებს, მაგრამ ჩვენ ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებით დაკომპლექტებული გუნდი ვართ და ნებისმიერ შემთხვევაში გოლიათის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში. სწორედ ამიტომ, ამაყი ვარ ამ ახალგაზრდული გუნდის, რომელმაც თავი კარგად წარმოაჩინა და უბრძოლველად არ დანებდა”.

 

მეორე მატჩში მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველი 40 წუთი მეტნაკლებად თანაბარი იყო, საწყის 20 წუთში თითო-თითო გაცუდებულ ჯარიმას გუნდებმა თითო-თითო ზუსტი დარტყმა მიაყოლეს, 24-ე წუთზე კი, დევიდ-მაიქლ ოდიეტემ ხაზი გაჭრა და ლელო სიმონე რაგუზის გაატანინა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. ამის შემდეგ ინიციატივა არგენტინელთა მხარეს გადავიდა და ხუან-პავლო სოსინომ ორი ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა - 10:9 იტალიის სასარგებლოდ.

მეორე ტაიმში არგენტინელებმა ცეცხლი დაანთეს, თამაში გაშალეს და მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანეს, რითაც პრემიალური ქულაც მიითვალეს. სწრაფმა სამხრეთელებმა ნათლად აჩვენეს, რომ ტურნირზე ისინი ფავორიტები არიან, საწყისი 40 წუთი უბრალოდ ადაპტაციისთვის სჭირდებოდათ. იტალიელებს გამარჯვების ელემენტარული შანსიც არ მისცემიათ და ეს მთლიანად არგენტინელების დამსახურებაა, რომელმაც კარგად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.

ვერნარდო ურდანეტა (არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მეორე ტაიმში ხასიათი გამოვავლინეთ და ძალიან კარგი ლელოები გავიტანეთ. პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომები გაკვეთილად გამოგვადგება და მათ მომავალი შეხვედრისთვის გამოვასწორებთ. აქ ჩამოსვლამდე მხოლოდ ერთი თამაში ჩავატარეთ და ჩვენზე ამანაც იმოქმედა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენს გუნდში ერთგვარი რევოლუცია მოხდა და ეს 6 ლელოში აისახა. გუნდში ის მორაგბეები გვყავს, რომლებიც ახალგაზრდული ნაკრებიდან დაწინაურდნენ და მათ გამოცდილება უნდა შეიძინონ. მე მათ გაშლილი თამაში დავავალე და ბრწყინვალედ გაართვეს ამ ამოცანას თავი. საქართველოს ნაკრებს კარგი შერკინება ჰყავს და ვერ გეტყვით მათთან რას ვიზამთ. პირველ მატჩში ვიხილე ტიპიური მეორე სარაგბო დონის ნაკრებების შეხვედრა, თუმცა, საქართველოს ნაკრებში გულიანი ბიჭები თამაშობენ და მათი ცქერით სიამოვნება მივიღე”.

ანდრეა კავინატო (იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ეს შედეგი იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ არჩევანი მხოლოდ შიდა ჩემპიონატის მორაგბეებზე შევაჩერეთ. რა დონეზეცაა იტალიის ჩემპიონატი, სწორედ ის შედეგი გვქონდა დღეს. მეორე ტაიმში ამ ბიჭებს არც ძალა ეყოთ და არც ცოდნა. ალბათ, რაღაცას გავაუმჯობესებთ, მაგრამ დღეს ჩვენ მაქსიმუმი ვაჩვენეთ”.

ტომაზო კასტელო (იტალიის ნაკრების კაპიტანი): “მეორე ტაიმით იმედგაცრუებულნი ვართ, არადა, კარგი პირველი ნახევრის შემდეგ, მეტის მოლოდინში ვიყავით. “იაგუარებს” ტემპში ვერ ავყევით, ძალა არ გვეყო. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მომავალ შეხვედრებში კონცენტრაცია მთელი 80 წუთი შევინარჩუნოთ”.

 

თბილისის თასი 2014. 14-22 ივნისი. “ავჭალა”

14 ივნისი

საქართველო - ესპანეთი 23:13 (20:7)

საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. რეზო გიგაური, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე (20. გიორგი როხვაძე 67); 1. ზურაბ ჟვანია (17. გიორგი მჭედლიშვილი 61), 2. შალვა მამუკაშვილი (16. სიმონ მაისურაძე 49), 3. დუდუ ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე (18. ლაშა ლომიძე 61), 5. კოტე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი (კაპ.) (22. მურაზ გიორგაძე 75), 7. გიორგი თხილაიშვილი (19. გივი ბერიშვილი 61), 8. დიმიტრი ბასილაია.

სათადარიგოები: 21. ირაკლი ყიასაშვილი.

3 ლელო: მჭედლიძე, მამუკაშვილი, თოდუა

1 გარდასახვა: წიკლაური

2 ჯარიმა: წიკლაური

ესპანეთი: 15. ხავიერ კარიონი (20. ფრანსისკო კოპლეტი 65), 14. ალბერტო დიასი (22. პაბლო ფონტესი 49), 13. იგნასიო გუტიერეს-მიულერი (21. ალეხანდრო გუტიერეს-მიულერი 33), 12. დენიელ-როს სნი, 11. სერხიო ფერნანდესი, 10. მარიანო-ესეკიელ გარსია, 9. ფაკუნდო მუნიჯა; 1. ფრანსისკო-ხავიერ სანსი (16. გაბრიელ-აგუსტინ ორტისი 45), 2. ხუან ანაია , 3. ხესუს მორენო (18. გიჯერმო ესპინოსი 50), 4. ალეხანდრო ბლანკო, 5. ვიკტორ სანჩესი (17. რომენ აზენსი 56), 6. მანუელ მორა, 7. ადამ-რობერთ ნიუთონი, 8. ხაიმე ნავა (კაპ.) (19. ხოსე-ლუის დელ-ვაჯე 13).

1 ლელო: ნიუთონი

1 გარდასახვა: სნი

2 ჯარიმა: მარიანო-ესეკიელ გარსია

 

იტალია “ა” - არგენტინა “იაგუარები” 20:45 (10:9)

მზარდი იტალია: 15. დევიდ-მაიქლ ოდიეტე, 14. სიმონე რაგუზი, 13. ჯულიო ბიზენი (20. ენრიკო ბაკინი 54), 12. ტომაზო კასტელო (კაპ.), 11. მიკელე ვიზენტინი, 10. ედოარდო პადოვანი (ენრიკო ბაკინი 75), 9. ჯეიმზ ამბროზინი (21. მარჩელო ვიოლი 48); 1. ანდრეა ლოვოტი (17. ლუკა სკარსინი 70), 2. ორნელ ჯეგა, 3. ლორენცო რომანო, 4. მატეო ფერო, 5. ფილიპო ჯეროზა (19. მაკსიმე მბანდა-მატა 51), 6. ნიკოლა ბელარდო, 7. ემილიანო კაფინი, 8. გაბრიელე ჩეკინელი (18. იაკოპო სარტო 28).

2 ლელო: რაგუზი, ვიზენტინი

2 ჯარიმა: პადოვანი

2 გარდასახვა: პადოვანი

1 სინბინი: ჯეგა

არგენტინის “იაგუარები”: 15. გონსალო გუტიერეს-ტავოადა, 14. ფაკუნდო ვარეა, 13. ხუან-იგნასიო ვრექსი, 12. ხუან-პავლო სოსინო, 11. რამირო მოჟანო (22. მატიას მასერა 71), 10. სებასტიან პოეტი, 9. მარკოს ვოჟინი (21. ფელიპე ესკურა 65); 1. სანტიაგო გარსია-ვოტა (16. ნაუელ ლოვო 56), 2. ტომას ვარავაჟე, 3. დამიან არიასი (18. გასტონ კორტესი 61), 4. მარტინ ჩიაპესონი (19. ფრანკო ვალდონი 65), 5. ლუკას პონსე, 6. ლუკას მაგვაიერი, 7. ფაკუნდო ისა (20. ლაუტარო კასადო 61), 8. ლისანდრო აუალი (კაპ.).

6 ლელო: ვრექსი, პოეტი, საჯარიმო, მოჟანო, გუტიერეს-ტავოადა, მასერა

3 გარდასახვა: სოსინო

3 ჯარიმა: სოსინო

სინბინი: ლოვო

 

1. იაგუარები 1      1      0      0      45-20   
2. საქართველო 1       1 0 0  23-13   4
3. ესპანეთი 1 0 0 1  13-23   0
4. მზარდი იტალია    1 0 0 1  20-45 0

 

18 ივნისი

საქართველო - არგენტინა “იაგუარები” (17:00 საათი)

იტალია “ა” - ესპანეთი (19:00 საათი)

22 ივნისი

საქართველო - იტალია “ა” (17:00 საათი)

ესპანეთი - არგენტინა “იაგუარები” (19:00 საათი)

0.207424