ფეხბურთი

12:43 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: “ეკონომიკური ასპექტით “ბარსელონას” და “ბაიერნს” ვერ გავუმკლავდებით”

 იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” წინასასეზონოდ საინტერესო სატრანსფერო პოლიტიკა განახორციელა და ანტონიო კონტეს მეთაურობით მონდომების ემზადება არა მარტო ტიტულის დასაცავად, არამედ საერთაშორისო არენაზეც წარმატებით გამოსასვლელად. “იუვე” საწვრთნელი შეკრების ჩასატარებლად შატიონში გაემგზავრა და მზადების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ “ბებერი ქალბატონის” მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებს შეხვდა.

 - გულშემატკივრები და სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მომავალი სეზონის სტარტის წინ “იუვენტუსმა” სატრანსფერო პოლიტიკით სხვა გრანდებს აჯობა. თქვენც თვლით, რომ გუნდმა მომავალი სეზონის წინ მძლავრი ფუნდამენტი ააგო საშინაო და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით გამოსასვლელად?

- “იუვენტუსი” ყველაფერს აკეთებს შემდგომი ზრდისთვის. ჩვენი უპირველესი მიზანი სწორედ ესაა. კლუბში მთავარმწვრთნელად მოსვლის პირველსავე დღეს ყველას განვუცხადე, რომ დასახული მიზნების მიღწევის ქვაკუთხედი მიზანმიმართული, მონდომებული და ინტენსიური მუშაობაა. წლიდან წლამდე ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოს მოცულობა იზრდება და “იუვე” წინ მიიწევს. ეს იმის მიუხედავად ხდება, მთელ ევროპასა და ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს. ამის ფონზე კლუბის ხელმძღვანელობის საქმიანობა აღტაცებას იწვევს. სულ რაღაც 9 მილიონ ევროდ შეტევის ხაზი საგრძნობლად მოვაძლიერეთ. დავიმატეთ კარლოს ტევესი და ფერნანდო ლიორენტე. “იუვენტუსის” საკლუბო სისტემაში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მომავლისკენ იმზირებიან და დასახული გეგმის აღსასრულებლად არაფერს იშურებენ.

- იმ ტრანსფერების წყალობით, რომლებიც “იუვენტუსმა” განახორციელა, გუნდი ევროპულ გრანდებს, მაგალითად მიუნხენის “ბაიერნს”, კიდევ უფრო დაუახლოვდა?

- თქვენთვის, ჟურნალისტებისთვის კლუბებს შორის დისტანციის გაზრდა-შემცირებასთან დაკავშირებით საუბარი ადვილია. “ბარსელონამ” ნეიმარი დაიმატა, “ბაიერნმა” 3 ტიტული მოიგო და მარიო გიოტცე შეიძინა. გამოდის, ეს კლუბები სხვებს კიდევ უფრო მეტი დისტაციით დაშორდნენ? ამგვარი მსჯელობა არასწორად მიმაჩნია. თუმცა, ერთს ვიტყვი – ეკონომიკური ასპექტით, კატალონელებსა და ბავარიელებს ვერ გავუმკლავდებით. ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია 36 მილიონი გადავიხადოთ გიოტცეში, 30 მილიონად მხითარიანი შევიძინოთ ან კავანის სანაცვლოდ 63 მილიონი გადავურიცხოთ “ნაპოლის”. მეორეს მხრივ, თუკი ნეაპოლელებმა ურუგვაელი ფორვარდის გასხვისებაში ეს თანხა აიღეს, ფულს ისევ სატრანსფერო ბაზარზე დააბრუნებენ და გვარიანადაც მომძლავრდებიან. პირადად ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, ვისურვებდი კავანი “სან პაოლოზე” დარჩენილიყო.

- არცთუ უსაფუძვლოდ ამბობენ, რომ ტურინის “იუვენტუსის” ისტორია დიდწილად მისი ლეგენდარული “ათიანების” ისტორიაა. ამჟამად “ბებერი ქალბატონის” შავ-თეთრი 10 ნომრიანი მაისურათი კარლოს ტევესი ითამაშებს...

- ფეხბურთელის კლასს, გუნდისთვის მნიშვნელობას მაისურაზე მიწერილი ნომერი კი არ განსაზღვრავს, არამედ ის, რის შესრულებასაც ეს მოთამაშე წლიდან წლამდე და კონკრეტულად ყველა მატჩში მინდორზე, შეხვედრის მსვლელობისას ახერხებს. მე, მაგალითად, 8 ნომერი გახლდით, ჩემი წასვლის შემდეგ ეს ეკიპირება სხვას ერგო. ამჟამად გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარ, სამომავლოდ დამრიგებელი სხვა სპეციალისტი იქნება. ყველაფერი იცვლება, უცვლელი მხოლოდ ტურინის “იუვენტუსის” მიზანი და მისწრაფებაა. ასე რომ, მნიშვნელობას არ ვანიჭებ მაისურას ნომერს, მხოლოდ იმ ფეხბურთელს დავაფასებ, რომელიც ვარჯიშზე ბევრს მუშაობს, თამაშისას კი ბრძოლის ჟინითაა აღსავსე.

- ტევესისა და ლიორენტეს გადაბირების შემდეგ გუნდის სათამაშო ტაქტიკა შეიცვლება?

- ტევესი და ლიორენტე იმიტომ დავიმატეთ, რომ ისინი “იუვეს” სათამაშო პრინციპეპს კარგად მიესადაგებიან. ჩვენთან ითამაშებს ოგბონაც. იგი მეტად ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია და სათანადოდ გაწეული შრომის შედეგად მას არა მარტო იტალიის, ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო უკანახაზელად ჩამოყალიბება შეუძლია. ჩვენ ჩამოყალიბებული კონცეფცია გვაქვს და ტრანსფერები ბრმად არ განგვიხორციელებია. ჩამოთვლილი ფეხბურთელები ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკის ცენტრში იყვნენ. კონკრეტულად კარლოს ტევესს რაც შეეხება, როდესაც არგენტინელ ფორვარდს პირველად გავესაუბრე, მისმა სითამამემ, ჟინმა და “იუვენტუსში” თამაშის დაუოკებელმა სურვილმა მომხიბლა. ტევესთან პირველსავე შეხვედრამ დამარწმუნა, რომ მისთვის ასახსნელი ბევრი არაფერი მაქვს. 

0.137879