ფეხბურთი

12:14 | 20.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: “სკუადრა აძურა” არასდროს ნებდება”

 ანდრეა პირლო მილანის “სან სიროზე” დაბრუნდა. ეს გასულ პარასკევს იტალიისა და გერმანიის ნაკრებთა მატჩის დროს მოხდა. ამჟამად ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველს RaiSport 1-ის კორესპონდენტი შეხვდა და ლოგიკურია, პირველი კითხვა მილანის სარბიელზე გასვლით ემოციასთან დაკავშირებული რომ დაუსვა.

- გერმანიასთან ტესტ-მატჩში ბრწყინვალედ გამოიყურებოდით, “სან სიროზე” შეკრებილმა მაყურებელმა კი გასახდელისკენ მიმავალ გზაზე აპლოდისმენტებით გაგაცილათ...

- ყოველთვის სასიამოვნოა იმ სტადიონზე დაბრუნება და თამაში, რომლის მინდორზეც 10 წლის განმავლობაში ასპარეზობდი. კარგი მატჩი გამოგვივიდა, კმაყოფილი ვარ.

- გერმანელებთან შეხვედრის მსვლელობისას გული არ გადწყდათ, “მილანის” წევრო რომ არ ხართ?

- არა. გაკეთებული არჩევანით სინანული გრძნობა არასდროს დამუფლებია. ტურინის “იუვენტუსში” 3 წლის წინათ გადავედი და ახალი საფეხბურთო ცხოვრებით კმაყოფილი გახლავართ. “იუვეს” საკეთილდღეოდ ძალასა და ენერგიას არ ვიშურებ.

- გავრცელებული ინფორმაციით “მილანს” ადრიანო გალიანი დატოვებს და კლუბში პაოლო მალდინი დაბრუნდება. ეს პერტურბაცია “როსონერისთვის” სასარგებლო იქნება?

- პაოლოს მილანში, გერმანელებთან მატჩამდე წინა დღეს შევხვდი. მან “სკუადრა აძურას” წარმატება უსურვა, ჩვენ კი კარგა ხანს ვისაუბრეთ. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, გული მწყდება, “მილანი” გათამაშების ცხრილში ასე ქვემოთ რომაა. მალდინის მშობლიურ კლუბში დაბრუნებას რაც შეეხება, პაოლოს “როსონერისთვის” სარგებლობის მოტანა ნამდვილად შეუძლია.

- იტალიის ნაკრებზე რას გვეტყვით? სპეციალისტთა და გულშემატკივართა სოლიდური ნაწილი მიიჩნევს, რომ “სკუადრა აძურა” ნელი ტემპით ვითარდება და ახალგაზრდა მოთამაშეების პროგრესიც შენელებულია...

- ჩეზარე პრანდელის მუშაობას დადებითად შევაფასებ. ნაკრებში კარგადაა გამოყენებული ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების პლუსები. გერმანიასთანაც დავამტკიცეთ, მაღალ დონეზე გამოსვლა რომ შეგვიძლია.

- იტალიის ნაკრები შედეგიანობით ვერ დაიკვეხნის...

- “სკუადრა აძურა” არასდროს გამოირჩეოდა გოლების ფოიერვერკით. ჩვენ აქცენტს ყოველთვის გუნდურ თამაშზე ვაკეთებთ და ხშირად გადამწყვეტი ბურთები თავდამსხმელების ნაცვლად სხვა ამპლუის ფეხბურთელებს გააქვთ. მთავარია, მინდორზე გასულმა თერთმეტივე მოთამაშემ საერთო წარმატებისთვის იზრუნოს.

- გერმანელთა დამრიგებელმა იოაჰიმ ლიოვმა ნამატჩევს განაცხადა, რომ იტალიელები მოწინააღმდეგეს ბურთს “უთმობენ”, მაგრამ არასდროს ავიწყდებათ შეტევა – პირველივე შესაძლებლობისას მწვავე იერიშს ახორციელებენ და მეტოქეს ოდნავ მოდუნებას გოლით უპასუხებენ...

- “სკუადრა აძურა” არასდროს ნებდება, ყოველთვის ცდილობს ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და გამარჯვებისკენ მიისწრაფის. ეს ბოლო ტურნირებზეც დავამტკიცეთ. თუნდაც, ევროპის ბოლო ჩემპიონატი ავიღოთ. იტალიის ნაკრებს ფავორიტად არავინ გვთვლიდა, ფინალში კი გავედით.

- სკუდეტოს რომელი გუნდი მოიგებს?

- სადღეისოდ “რომას” ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვს, მაგრამ “იუვენტუსი” ბოლომდე იბრძოლებს, მით უმეტეს, დედაქალაქელებს უკვე მცირედით ჩამოვრჩებით.

- “იუვენტუსთან” თქვენ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე კლუბის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებას აწარმოებთ?

- მაისამდე საკმარისი დროა. თავს კარგად ვგრძნობ, ფეხბურთის თამაშის ჟინიც არ გამნელებია. ჯერ ვერ გეტყვით, რომელ გუნდში გავაგრძელებ კარიერას. დიდი ალბათობით, ეს “იუვე” იქნება, თუმცა, სხვაგან გადასვლასაც არ გამოვრიცხავ. აი, ნაკრებიდან კი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დანამდვილებით წავალ. ბრაზილიის მუნდიალის შემდეგ გზას ახალგაზრდა ფეხბურთელებს დავულოცავ.

- თქვენი ნება რომ იყოს, “ოქროს ბურთს” კრიშტიანუ რონალდუს მიანიჭებდით თუ ფრანკ რიბერის?

- ჩემი აზრით, აღიარებას ამჯერად რიბერი უფრო იმსახურებს. მან ხომ საკლუბო დონეზე ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.

0.113237