ფეხბურთი

22:19 | 11.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძის თავური “გრასჰოპერთან”

შვეიცარიული შეკრების დასკვნით სპარინგ-მატჩში მოსკოვის “სპარტაკმა” “გრასჰოპერს” 2:0 სძლია, რუსული გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო კი ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე გახლდათ, რომელმაც გოლის გატანაც მოახერხა.

მოსკოვური გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა ანანიძე მარცხენა ფლანგზე შეუცვლელად ათამაშა და არც შემცდარა. 31-ე წუთზე ჯანო პარშივლიუკის ჩაწოდებას გამოეხმაურა და მეტოქის კარი თავური დარტყმით დალაშქრა, მანამდე კი “სპარტაკი” კოსტას გოლით იგებდა.

პირველი ტაიმის მიწურულს ქართველმა ფეხბურთელმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა, როდესაც ცენტრიდან ძიუბას კარგი პასი მისცა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში შესვლა მოახერხა, თუმცა, ბოლო მომენტში შვეიცარიელებმა მისი ბლოკირება შესძლეს.

მე-2 ტაიმში თამაშს სრულად სპარტაკელები აკონტროლებდნენ, თუმცა, მატჩში ანგარიში არ შეცვლილა. ისიც ვთქვათ, რომ “გრასჰოპერი” 28-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, რადგანაც სალატიჩი არასპორტული ქმედებისთვის გააძევეს.

აღსანიშნავია, რომ თამაშის შემდეგ ანანიძეს თანაგუნდელი ჩელსტრიომი გაეხუმრა, ეს, ალბათ, თავით გატანილი შენი პირველი გოლი გახლდათო, რაზეც ქართველმა ნახევარმცველმა 2009 წელს მოსკოვის “ლოკომოტივის” კარში შეგდებული ბურთი გაიხსენა და ასევე ხუმრობით დასძინა, გამოდის, თავით ხუთ წელიწადში ერთხელ გამაქვსო.

0.119503