ფეხბურთი

15:15 | 27.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძის 70-ე მატჩი რუსეთის პრემიერლიგაში

რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში, “როსტოვი”, რომლის შემადგენლობაშიც ჯანო ანანიძე გამოდის, სტუმრად პერმის “ამკართან” 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველი “როსტოვის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. სხვათა შორის, ანანიძისთვის “ამკართან” მატჩი პრემიერლიგაში 70-ე აღმოჩნდა (განვლილ პერიოდში მან 9 გოლი გაიტანა).

“როსტოვს” 14 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.

ყაზანის “რუბინმა” საკუთარ მოედანზე მოსკოვის “დინამოს” ვერ მოუგო – 2:2. ყაზანელთა 18-კაციან განაცხადში იყო სოლომონ კვირკველია, რომელმაც 74-ე წუთზე რომან ერიომენკო შეცვალა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ქართველ ცენტრალურ მცველს “რუბინში” თამაშის საშუალება მეორედ მიეცა.

“რუბინს” 13 ქულა აქვს და მე-10 პოზიციაზეა.

ეკატერინბურგის “ურალმა” შინ მოსკოვის “ლოკომოტივთან” 0:3 წააგო. გორის “დილას” ექსნახევარმცველს ლაშა გვალიას “ურალთან” ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმებული კი აქვს, მაგრამ რუსეთის ვიზას ჯერ არ აძლევენ და ამიტომ იძულებით უქმობს.

“ურალს” 6 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა. მხოლოდ ერთუ ქულით სჯობს მახაჩყალის “ანჟის”, რომლის ღირსებასაც გია გრიგალავა იცავს.

თურქეთის თასის მე-3 ეტაპზე გავიდა “ქაისერისფორი”, რომელსაც ზურაბ ხიზანიშვილი კაპიტნობს. “ქაისერმა” საკუთარ მოედანზე ქვედალიგელი “პაზარისფორი” 2:1 დაამარცხა. ისევე როგორც თურქეთის სუპერლიგის განვლილ ტურში, ხიზანიშვილი 18-კაციან განაცხადში არც ამჯერად ყოფილა და ამის მიზეზი დიდი ალბათობით ფეხბურთელის ტრავმაა.

0.130288