კალათბურთი

1:21 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელებმა ბრწყინვალე სტილში იმარჯვეს

აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებმა თავისი ნამდვილი ძალა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გამოაჩინა და სლოვენიის ეროვნული გუნდი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, 43 (!) ქულის სხვაობით – 119:76 გაანადგურა.

მაიკ კრჟიჟევსკის შეგირდებმა ბარსელონაში შეკრებილ მაყურებელს ბრწყინვალე სანახაობა შესთავაზეს და ისიც თვალსაჩინო გახლდათ, რომ ეს ამერიკელთა მაქსიმუმი სულაც არ იყო.

საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ოკეანისგაღმელები მხოლოდ 7 ქულის სხვაობით იგებდნენ, მე-2 ნახევარში კი მათი შეჩერება შეუძლებელი გახლდათ.

გამარჯვებულთა რიგებში 10 და მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო. 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ტომპსონი იყო, ფარიდმა და ჰარდენმა 14-14 ქულა მიითვალეს, პირველის ანგარიშზე კი 10 მოხსნაც იყო. ორმაგი დუბლი (13 ქულა, 11 მოხსნა) გაიფორმა დევისმაც, როუზის და ირვინგის მონაგარი კი 12-12 ქულა გახლდათ.

ამერიკელებმა მეტოქეს მოხსნებში 54:38 აჯობეს და თანაც, შეტევაში 24 (!) მოხსნა ჰქონდათ. კრჟიჟევსკის შეგირდებმა სლოვენიელებს პასებში 21:12 მოუგეს, ჩაჭრებში 7:1, დაფარებებში კი – 7:5, ამასთან სლოვენიელებზე გაცილებით ნაკლები დაკარგვა (11:25) ჰქონდათ.

მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში, რომელიც ამერიკელთათვის ავადსახსენებელ 11 სექტემბერს შედგება, აშშ-ს ნაკრები ლიტვის ეროვნულ გუნდს ეთამაშება. დღეს კი, ტურნირის დანარჩენი ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვევა. თბილისის დროით 20:00 საათზე სერბეთი ბრაზილიას ეთამაშება, 24:00 საათზე კი ესპანეთი და საფრანგეთი ითამაშებენ.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. მეოთხედფინალი. ბარსელონა

სლოვენია – აშშ 76:119 (22:29, 20:20, 22:37, 12:33)

სრული სტატისტიკა

http://www.fiba.com/basketballworldcup/2014/0909/Slovenia-USA/#|tab=boxscore_statistics

0.118738