27-28 ივნისს ქუჩის კალათბურთის ნამდვილი დღესასწაული იყო. ოცდაათმა გუნდმა თბილისს ულამაზესი სანახაობა აჩვენა. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი დღე ისმოდა გამაყრუებელი ტაშის ქუხილი. სპორტსმენები დაუღალავად ეცვლებოდნენ ერთმანეთს მაყურებლისთვის შოუს საჩვენებლად.
წარმატებული და დამღლელი პირველი ეტაპის შემდეგ 28 ივნისს მეორე ეტაპზე უფრო მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. 30 გუნდიდან თავიდანვე გამოირჩეოდნენ ფინალში გასულები: „ენდვანი“, „კაქტუსი“, „ქარიშხალა“ და „ლელო“. ამჯერად, შეჯიბრების პირობები შემდეგნაირი იყო. თითო გუნდში სუპერლიგის მხოლოდ ერთი მოთამაშე დაიშვებოდა. სათამაშოდ თითო გუნდს 16 წამი ეძლეოდა შეტევის განსახორციელებლად. 5 ჯარიმაზე, მსგავსად „დიდი კალათბურთისა“, მოთამაშე ავტომატურად ტოვებდა მოედანს. ტრადიციული ორქულიანი აქ ერთქულიანად აღირიცხებოდა, ხოლო სამქულიანი - ორ ქულად. შერკინება სამი სამზე საკმაოდ დინამიკურად მიმდინარეობდა. ტემპს მხოლოდ იშვიათად თუ დააგდებდნენ სუპერლიგელები თავიანთი პროფესიონალური მანერით. აქ თქვენ შეხვდებოდით ნამდვილ სთრითბოლერებს, რომლებიც თამაშობდნენ არა მოგებაზე, არამედ უნიკალური შოუს ჩვენებაზე, რაც გამოსდიოდათ კიდეც. ყველაზე დაძაბული მატჩი „ენდვანსა“ და „კაქტუსს“ შორის შედგა, სადაც უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი სთრითბოლერი ლაშა ეძგვერაძე პრაქტიკულად შეუჩერებელი გახდა. ნამდვილი ქუჩის კალათბურთის კულტურა, სწრაფი თამაშის სტილი, ზუსტი ტყორცნები, სიმაღლეზე ხტომა, ბურთის „მოპარვა“ - ამ ყველაფრის ფონზე ის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი გახდა, სანამ ნახევარფინალში „კაქტუსთან“ არ დამარცხდა. „კაქტუსიდან“ თესეუელი ნიკა ბაქრაძე დაუპირისპირდა ვარსკვლავს. მისი და ამაშუკელის ზუსტად ნასროლი სამქულიანების ხარჯზე, თითქმის ფინალშიც გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მერვედფინალში დატოვეს თამაში, ასევე, ძალიან ეფექტური იყო ახალგაზრდა გუგა პატარაია, შეჯიბრების ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი და გამარჯვებული გუნდის წევრი დავით ქაცარავა, ვინც ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტიც გახლავთ. ასევე, შედეგიანი მოთამაშეები აღმჩნდნენ მიხეილ ფანჩულიძე და ირაკლი გაბისონია. ამ უკანასკნელმა გუნდი „სანოს“ გამოსვლა ნახევარფინალამდე მიიყვანა და სანახაობრივი თვალსაზრისით დაძაბა კიდეც მაყურებელი. ფინალში დავით ბარბაქაძის გუნდი „ქარიშხალა“ 5-6 ქულით უგებდა „კაქტუსს“. სიტუაცია უიმედო ჩანდა, სანამ გამოცდილმა სთრითბოლერმა მიხეილ ამაშუკელმა და ახალგაზრდა სუპერლიგელმა ნიკა ქაცარავამ სამქულიანების კასკადით ანგარიში 10:6-მდე არ გაზარდეს. გაკეთებული 6 ქულის შემდეგ პრაქტიკულად განძრევის საშუალება აღარ მისცეს მოწინააღმდეგის გუნდს. „კაქტუსს“ თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა და ყველა ისროდა სამქულიანებს და რაც მთავარია, ზუსტადაც. დაძაბულ მომენტებში დასამასოვრებელი იყო დავით ქაცარავას სამქულიანი, რომელსაც უკვე 4 ჯარიმა ჰქონდა და ძალიან ფრთხილად უწევდა თამაში. თუმცა, ყველაზე მეტი სამქულიანის ავტორი ნიკა ბაქრაძე იყო. ფინალისტი კაქტუსელები ნახევარფინალში „ენდვანთან“ დაპირისპირებაში ძლივს „გაძვრნენ“ ფინალაში. მათ ორი ოვერტაიმი ითამაშეს და ბოლო მომენტამდე თანასწორად იბრძოდნენ. ბოლო მომენტამდე მაყურებლისთვის გაურკვეველი იყო, რომელი გუნდი დაუპირისპირდებოდა ბარბაქაძის გუნდს. ბარბაქაძის გუნდი ვეტერანი კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ესენი იყვნენ: დავით მუშკუდიანი, ვაკო ბეჟანიშვილი, ირაკლი ნოზაძე და თავად, დავით ბარბაქაძე. „კაქტუსის“ შემადგენლობა დავით ქაცარავას გამოკლებით შედარებით ახალგაზრდა მოთამაშეებისგან შედგებოდა. ესენი არიან მიხეილ ამაშუკელი, გია ბოხუა და ნიკა ბაქრაძე. ამ უკანასკნელმა თამაშის დასრულების შემდეგ თავად გუნდის ჩამოყალიბების და ჩემპიონატში გამოსვლის იდეაზე მოგვითხრო ორიოდ სიტყვით. აღმოჩნდა, რომ მონაწილეს 26 ივნისს დაბადების დღე ჰქონდა და მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა. როგორც აცხადებს, თავდაუზოგავად ვარჯიშობს და იმისდა მიუხედავად, რომ სმენოდა სთრითბოლის ჩემპიონატის შესახებ, საერთოდ არ გეგმავდა გამოსვლას, რადგან ვარჯიშის გარდა, ცდილობს, თავი არაფრით დაიტვირთოს. შემდეგ მას მიხეილ ამაშუკელმა შესთავაზა გამოსვლა. აღმოჩნდა, რომ მიშას და ნიკა ქაცარავას თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდათ გამოსვლა და ბაქრაძეს შესთავაზეს მათთან ერთად თამაში. შემდეგ დაიმატეს ცენტრი გია ბოხუა, რომელმაც, როგორც შემდგომში გუნდის ყველა წევრმა აღნიშნა, მოაგებინა მათ ეს ჩემპიონატი. ემოციებისგან დაცლილი ორგანიზატორები დღის ბოლოს საკმაოდ კმაყოფილები ჩანდნენ.
დაჯილდოების ცერემონიამ წარმატებით ჩაიარა. ფინალში დამარცხებულ მეორეადგილოსან გუნდს, ჩემპიონატის სპონსორმა „მობიმ“ მობილური ტელეფონები გადასცა (ოთხივე მონაწილეს). პირველადგილოსნები ტური.გე-სგან თურქეთში დასასვენებელი საგზურებით დაჯილდოვდნენ. მათ ასევე გადაეცათ ფიბა 2013- ის თასი. მიხეილ ამაშუკელი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და სპონსორი „ნიუ ბალანსისგან“ 250-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა, რომელიც მან შემდგომში თავის თანაგუნდელს, ნიკა ბაქრაძეს გადასცა.
ბატო ბააკაშვილი (ჩემპიონატის ორგანიზატორი): „ჩემპიონატს, როგორც იცით, ორი ორგანიზატორი ჰყავდა, მე და ლექსო სოხაძე. ორივეს სახელით ვაცხადებ, რომ შეჯიბრება შედგა. ძალიან კმაყოფილები ვართ საშემსრულებლო ხარისხით და მგონი საზოგადოებაც კმაყოფილი დარჩა. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა სპონსორს, განსაკუთრებით, მერიის ახალგაზდულ სამსახურს, ასევე „მობის“, „რედბულს“, „ნიუბალანსს“ და ტურისტულ სააგენტოს ტური.გე- ს. ასევე, უკლებლივ ყველა მონაწილესა და მაყურებელს. ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გამოვიდა, სასიამოვნო სიურპრიზებით. როგორც ორგანიზატორი, ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩემპიონატის ხარიხით, ვგულისხმობ მის დაძაბულობას და გუნდების მომზადების დონეს, აქვე მინდა მივულოცო გამარჯვებულებს, რადგან ნამდვილად იმსახურებდნენ მოგებას. მადლობა ლექსო სოხაძეს დაუღალავი შრომისა და თავდაუზგავი გვერდით დგომისთვის. ასევე, დიდი მადლობა სუპერლიგის დირექორს, გიორგი ზაბახიძეს მხარდაჭერისთვის. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემპიონატის სრულყოფაში“.
ნიკა ბაქრაძე (გამარჯვებული გუნდის წევრი): „ჩემპიონატი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, მეტად კმაყოფილი ვარ. გუნდებიც საკმაოდ ძლიერი და კარგად მომზადებული. სასურველია თუ ასეთი ღონისძიებები უფრო ხშირად ჩატარდება. მინდა აღვნიშნო, რომ ფინალზე მეტად ნაევარფინალი გაგვიჭირდა, თუმცა, ფინალზე გაგვიმართლა, ბევრი სამქულიანი ჩაგვივარდა. აი, ნახევარფინალში კი ბოლო მომენტამდე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა და მოგების აღარც მჯეროდა. ჩვენი გამარჯვება მეტწილად გია ბოხუას დამსაურებაა, რომელიც ჩვენი ცენტრი გახლდათ. მან ჯგუფურ ეტაპზე ათანელიშვილი და ქადარია გააჩერა. რაც შემეხება მე, წლევანდელი სუპერლიგის სტატისტიკას თუ გადახედავთ, არც ისე კარგად გამოიყურება. აქ უფრო კარგად გამოვედი. ორგანიზატორებთან ერთადერთი შესწორება მექნება, სასურველია, შემდეგში წყალიც ჰქონდეთ“.
ლაშა ეძგვერაძე (ნახევარფინალისტი გუნდის გამორჩეული მოთამაშე): „ტურნირი საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული საკმაოდ ძლიერი გუნდებით, მოთამაშეებიც კარგ ფორმაში იყვნენ. ალბათ, პირველი არ ვიქნები, ვინც აღნიშნავს, რომ ასეთ ღონისძიებებს, უფრო სისტემატიური სახე უნდა მიეცეს. ჩვენ წაგებას შემთხვევითობას უფრო დავარქმევდი, რადგან თანასწორი თამაში იყო და თანაბარი შანსი გვქონდა. რა თქმა უნდა, პატარა ხარვეზებიც იყო მსაჯების მხრიდან. რა თქმა უნდა, წაგებას ამას არ ვაბრალებ, თუმცა, თამაშზე მაინც ყოველთვის ნეგატიურად აისახება. საუკეთესო მოთამაშეს რაც შეეხება, ალბათ, ამ პრიზს უფრო ნიკა ბაქრაძეს გადავცემდი, რადგან ძალიან კარგად გამოვიდა და მეტად შედეგიანი იყო გუნდისთვის.