37 წლის იტალიელი ცენტრალური მცველი ალესანდრო ნესტა, ერთ კვირაში, ბუცებს ლურსმანზე ჩამოჰკიდებს და ხელს მწვრთნელობას მიჰყოფს.
ალესანდრო ნესტა, რომელმაც “მილანი” 2012 წელს დატოვა, კანადურ “მონრეალ იმპაკტში” თამაშობს. ცნობილი ხდება, რომ მლს-ის მიმდინარე სეზონის ბოლოს, ნესტა კარიერას დაასრულებს, ეს კი 27 ოქტომბერს მოხდება. იტალიელი უკანახაზელი ბოლო მატჩს “ტორონტოს” წინააღმდეგ ჩაატარებს.
“მინდა, ძალები მწვრთნელადაც მოვსინჯო. ვფიქრობ, სწავლის დაწყებამდე რამდენიმე თვე დავისვენებ.” – აცხადებს ნესტა.
ალესანდრო ნესტას პროფესიონალური კარიერა 1993 წელს, “ლაციოში” დაიწყო. 2002 წელს, მან “მილანს” მიაშურა. ხანგრძლივი საკლუბო კარიერის განმავლობაში, ნესტამ 601 თამაში ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. ამას ემატება იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 78 და ახალგაზრდული ნაკრების მაისურით გამართული 9 თამაში. ნესტა “სკუადრა აძურაში” 1996-2006 წლებში თამაშობდა.
კარიერის განმავლობაში, ალესანდროს ნესტას იტალიის ჩემპიონატი (3-ჯერ), ქვეყნის თასი (3-ჯერ), იტალიის სუპერთასი (4-ჯერ), თასების მფლობელთა თასი, ჩემპიონთა ლიგა (2-ჯერ), უეფას სუპერთასი (3-ჯერ), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, კანადის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოუგია. ნესტა ერთხელ დასახელდა სერია A-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად, 4-ჯერ – სერია A-ს წლის საუკეთესო მცველად, 4-ჯერ უეფა-ს წლის სიმბოლური ნაკრების წევრად, ერთხელ ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრად და 2-ჯერ FIFPro-ს წლის გუნდის წევრად.