ბაქოს “ინტერის” შემტევმა ალექსანდრე იაშვილმა azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ტრომსიო” არაა ის გუნდი, რომლის ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოთიშვა აზერბაიჯანულ კლუბს არ შეეძლოს.
- “ტრომსიოსთან” მატჩის მეტოქისგან ის თამაში იხილეთ, რომელსაც ელოდით?
- მწვრთნელმა ყველაფერი სწორად აგვიხსნა. “ტრომსიო” ისე თამაშობდა, როგრც ჩვენ ველოდებოდით. ფეხბურთი, რომლითაც ისინი შედეგს აღწევენ, ბრიტანულს ჰგავს. მინდა ვთქვა, რომ “ტრომსიო” საკმაოდ კარგი გუნდია და პატივისცემას იმსახურებს. საწყისი 15 წუთი მეტოქე პრესინგს გვეთამაშებოდა. შემდეგ ინიციატივას ჩვენ დავეუფლეთ და არცთუ ცოტა საგოლე მომენტები შევქმენით. პირველ ტაიმში ჩვენი მოთამაშეები მეტოქის მეკარესთან პირისპირ ორჯერ გავიდნენ და რომ გაეტანათ, მატჩის ბედი გადაწყდებოდა. თუმცა, ეს ვერ მოახერხეს და პირიქით, გოლები საკუთარ კარში მივიღეთ.
- იცოდით, რომ ნორვეგიელებს ჰყავდათ ფეხბურთელები, რომლებსაც შორი მანძილიდან გატანა შეუძლიათ?
- მეტოქის თამაშის ანალიზის დროს ეს გვითხრეს. ვიცოდით, რომ ნორვეგიელები შორიდან კარგად ურტყამდნენ. ამიტომ, მათთვის ყურადღება უნდა მიგვექცია. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერ გავაკეთეთ. ერთ-ერთი ასეთი დარტყმის შემდეგ, ბურთი ძელს მოხვდა, ორჯერ კი ჩვენს კარში გავიდა. თანამედროვე ფეხბურთში მსგავსი რამ ხდება – ცოტა მომენტებს ქმნი, მაგრამ შედეგს აღწევ. “ტორმსიოს” შემთხვევაშიც ასე იყო.
- “ინტერის” მარცხის მიზეზად რას მიიჩნევთ?
- ჩემი აზრით, “ინტერი” “ტრომსიოზე” ძლიერია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ “ინტერში” თავად ვთამაშობ. ვინც მატჩს უყურა, დაინახავდა, რომ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მოწინააღმდეგემ გაიმარჯვა. ჩემი აზრით, განვლილი შეხვედრა კარგად უნდა გავაანალიზოთ, რათა სახლში უკეთესად ვითამაშოთ. უბრალოდ, საგოლე მომენტები უნდა გამოვიყენოთ. თუ ვერ გავიტანთ, ვერ მოვიგებთ.
- პირველი თამაშის 0:2 წაგების შემდეგ, ნორვეგიული ბარიერის გადალახვას რეალურად მიიჩნევთ?
- საკუთარ კედლებში ორი გოლის გაქვითვა საკმაოდ რეალურია. ამისთვის შედეგზე უნდა ვითამაშოთ. ჩვენ ლამაზი თამაში არ გვჭირდება. მთავარია, დაცვაში და თავდასხმაში შეცდომები არ დავუშვათ. “ტრომსიოში” უკბილოდ ვუტევდით. საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ და ეს ჩვენს წინააღმდეგ შეტრიალდა. სახლში სწრაფი გოლი უნდა გავიტანოთ და თამაშის სადავეები ხელთ ვიგდოთ.
- თუკი შეტევაში პრობლემები გაქვთ, სამ გოლს როგორ გაიტანთ?
- ორი გოლის გატანა და შემდეგ თამაშის ბედის გადაწყვეტა დამატებით დროში შეიძლება. “ტრომსიოს” კარგი შემადგენლობა ჰყავს. მეტოქეს პატივს ვცემთ. თუმცა, შედარებისას, “ინტერს” ბევრად ჩამორჩებიან. რა თქმა უნდა, ახლა ამის თქმა არასწორია, რადგან წავაგეთ. თუმცა, ფეხბურთში მსგავსი რამ ხდება და ყოველთვის უძლიერესი როდი იგებს. კარგია, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი კიდევ გვაქვს.
- ერთი კვირის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვლება?
- ჩვენ შევძლებთ დამტკიცებას, რომ მესამე რაუნდში გასვლის ღირსნი ვართ. თამაშმა აჩვენა, რომ “ტრომსიო” ასეთი ანგარიშით მოგებას არ იმსახურებდა. მოგება თავად ვაჩუქეთ. დამიჯერეთ, ამ მეტოქის “გავლა” შეიძლება. ნორვეგიელები შუა ხაზში პრესინგს ხშირად მიმართავენ, მაგრამ დიდ ხანს ასეთ ტემპს ვერ გაუძლებენ. ჩვენ ფიზიკურად და ტაქტიკურად უფრო ძლიერები ვართ.
- რა მოხდება, თუ “ტრომსიოს” ბარიერის ვერ გადალახავთ?
- “ინტერმა” “ტრომსიოს” ბაქოში უნდა დაუმტკიცოს, მასპინძელი ვინ არის. გეთანხმებით, რომ თუ ასეთ გუნდს ვერ ვაჯობებთ, ძალიან საწყენი იქნება. მეორე მატჩი დაგვრჩა და შეგვიძლია, მეტოქეს ჩვენი უპირატესობა დავუმტკიცოთ. ვფიქრობ, “ინტერი” ამ შანსს გამოიყენებს.