ფეხბურთი

15:03 | 4.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე ჩივაძე: “ჩვენი მიზანი პირველ ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა”

დღეს, ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია-ცენტრში ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდერე ჩივაძემ პრესკონფერენცია გამართა. მოგეხსენებათ, ორიოდ დღის წინ შვეიცარიულ ნიონში 21-წლამდელთა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. მე-3 ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად ჰოლანდიის, შოტლანდიის, სლოვაკეთისა და ლუქსემბურგის ახალგაზრდული გუნდები მოხვდნენ. ფინალური ეტაპი ჩეხეთში გაიმართება და მასში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. სულ 10 შესარჩევი ჯგუფია, საიდანაც პირველადგილოსნები და 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი ოფში გავლენ. 7 გამარჯვებულს მასპინძელი ჩეხეთი დაემატება.
ჩვენი ჯგუფის აშკარა ფავორიტი, ცხადია, ჰოლანდიის გუნდია, თუმცა არც შოტლანდია და სლოვაკეთი არიან ხელწამოსაკრავნი. წილისყრას სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე და ალექსანდრე ჩივაძე ესწრებოდნენ.
ალექსანდრე ჩივაძე: “თავიდანვე გეტყვით, რომ წილისყრით უკმაყოფილო არ ვარ. ჩვენი მიზანი საუკეთესო ორ გუნდს შორის მოხვედრაა, რაც პლეი ოფის საგზურს მოგვცემს. ამიტომ ნაკრების პირველივე შეკრებაზე ბიჭებს სწორედ ამ მიზანს დავუსახავთ. წილისყრის შემდეგ, საგანგებო ოთახში შევედით, სადაც კალენდარი უნდა დაგვემტკიცებინა. პრეროგატივა, ცხადია, ჰოლანდიას ეკუთვნოდა და ოთახში შესულებს უკვე თავისი გამზადებული ვარიანტი დაგვახვედრეს.Mმაგრამ თავიდანვე გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ, რადგან თვითმფრინავის მიზეზით შოტლანდიის წარმომადგენლებმა დააგვიანეს. შემდეგ ცხარე კამათიც იყო. შევთანხმდით, რომ ზაფხულში არ ვითამაშებდით, რადგან ევროპის ქვეყნებში ჩემპიონატები 18 მაისს მთავრდება და ფეხბურთელები ფორმაში აღარ იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ შარშან, როცა 21-წლამდელთა მწვრთნელად დავინიშნე, გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ ჰქონდა და აქცენტი მომავალ ციკლზე გავაკეთეთ. 1992, 93 და 94 წლებში დაბადებულები ვათამაშეთ. დაახლოებით 50 ფეხბურთელი გამოვცადეთ და ფაქტობრივად, წინა ციკლიც მოსამზადებლად გამოვიყენეთ”.
- მეტოქეებზე რას გვეტყოდით?
- საკმაოდ ძლიერი გუნდებია. ჰოლანდია ევროპის ორგზის ჩემპიონი. შარშან ისინი თავის ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ და ზაფხულში ისრაელში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას. შოტლანდიის ნაკრები ჯგუფში ჰოლანდიასთან იყო და მეორე ადგილზე გავიდა. ასევე მეორე ადგილზე დაამთავრა შეჯიბრი სლოვაკეთმაც, რომელიც საფრანგეთის ჯგუფში ასპარეზობდა.
- ჯგუფის ფავორიტი ალბათ ჰოლანდიაა...
- დიახ. მაგრამ თამაში ყველასთან შეიძლება. მთავარია, კარგად მოვემზადოთ. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი მიზანი პირველ ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა.
- შესარჩევამდე ამხანაგურ მატჩებს თუ გეგმავთ?
- დიახ. 18-დან 27 მარტამდე ავსტრიაში გვექნება შეკრება. 3 თამაშს ჩავატარებთ, სავარაუდოდ ავსტრიასთან, რუმინეთთან და ალბანეთთან. 14 აგვისტოს კი ამხანაგური მატჩი გვექნება. მეტოქე ჯერ უცნობია.
- ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობასთან თუ გექნებათ ფეხბურთელებთან დაკავშირებით კონსულტაციები?
- რა თქმა უნდა. ნაკრების მწვრთნელებთან აუცილებლად გვექნება მოლაპარაკება. ცხადია, მთავარი პირველი ნაკრებია, მაგრამ თუ ჩვენ გადამწყვეტი თამაში გვექნება, ალბათ ანგარიშს გაგვიწევენ. მოგეხსენებათ, პირველი გუნდი ახლა ალბანეთში გაემგზავრა და მისასალმებელია რომ ახალგაზრდულიდან სამი ფეხბურთელია გამოძახებული: ძალამიძე, ოქრიაშვილი და მამუკა კობახიძე. მივესალმები კობახიძის და გიორგი ჭანტურიას ვლადიკავკაზის “ალანიაში” გადასვლას. ეს უპირველესად მათ წაადგებათ. ორივეს დიდი პოტენციალი აქვს და ასე უფრო მალე ჩამოყალიბდებიან კარგ ფეხბურთელებად.
- რუსულ და უკრაინულ ჩემპიონატებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების შესახებ რას გვტყვით?
- კენჭისყრაზე ველაპარაკე უკრაინის ნაკრების მწვრთნელს. ახლახან მათ სანკტ-პეტერბურგში თანამეგობრობის თასზე ითამაშეს. იქ აქუბარდია, მესხია და იაშვილი თამაშობენ, ვკითხე მათ შესახებ. შარშან, როცა ნაკრები ჩავიბარე, სამივეს ვესაუბრე, სამივემ მითხრა: ჩვენ უკრაინის მოქალაქეები ვართ და ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობთო. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ეროვნულ ნაკრებში თამაშზეც უარს იტყვიან. მაგრამ ეს მომავლის საქმეა. ამჟამად ისინი უკრაინელებად ითვლებიან. რუსეთშიც არიან ურიდია და ჭეჟია, მაგრამ მათაც უარი თქვეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშზე.
- ამ თემას არ ეხება, მაგრამ სფფ-ის ვიცეპრეზიდენტიც ბრძანდებით და რას იტყვით შესაძლო რიგგარეშე არჩევნებზე?
- ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ქართულ ფეხბურთში სავალალო მდგომარეობა რომ იყოს, პირველი მე ამოვიღებ ხმას. არც მურთაზ ხურცილავა გაჩერდებოდა და არც რეზო არველაძე. ჩემი აზრით, დღევანდელ პირობებში ფედერაცია მაქსიმუმს აკეთებს, ამიტომ 2015 წლამდე არჩევნების ჩატარება არასწორი მგონია”.
 

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კალენდარი:
2013 წელი
5 სექტემბერი: ლუქსემბურგი – საქართველო
9 სექტემბერი: სლოვაკეთი – საქართველო
10 ოქტომბერი: საქართველო – ჰოლანდია
14 ოქტომბერი: საქართველო – შოტლანდია
14 ნოემბერი: შოტლანდია – საქართველო
18 ნოემბერი: საქართველო – სლოვაკეთი
2014 წელი
5 მარტი: საქართველო – ლუქსემბურგი
4 სექტემბერი: ჰოლანდია – საქართველო
 

სოლომონ გულისაშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119924