ფეხბურთი

16:25 | 30.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე ჩივაძე: “ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, თავად რას წარმოვადგენთ”

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ორი გასვლითი მატჩით იწყებს: 5 სექტემბერს ლუქსემბურგთან და 9 სექტემბერს სლოვაკეთთან.

21-წლამდელები ლუქსემბურგში 2 სექტემბერს შეიკრიბებიან და მანამდე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ალექსანდრე ჩივაძე: “საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის ორ თამაშს 5 და 9 სექტემბერს გასვლაზე ჩავატარებთ. ნაკრებში 22 ფეხბურთელი გამოვიძახეთ. მათ გარდა რეზერვშიც რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს. ხვალ და ზეგ საქართველოს ჩემპიონატის მატჩები ჩატარდება და მინდა გუნდში მიწვეული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად იყო. თუ ვინმემ ტრავმა მიიღო, შემადგენლობის კორექტირება მოგვიწევს”.

- საქართველოს ნაკრების ურთულეს ჯგუფში არაა და ჩვენს მეტოქეებს, ასევე, ჯგუფიდან გასვლის შანსს როგორ შეფასებთ?

- ევროპაში ფეხბურთის თამაში უკვე ყველამ ისწავლა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ახალი შექმნილი გუნდია. ჩვენ ისეთივე რეჟიმში ვიმყოფებით, როგორშიც ეროვნული ნაკრებია. თამაშების ჩატარება ფიფას და უეფას მიერ გამოყოფილ დღეებში გვიწევს, ამიტომ, გრძელი მოსამზადებელი პერიოდი არ გვაქვს. ჰოლანდია, შოტლანდია და სლოვაკეთი ძლიერი გუნდებია. ჩვენ იქიდან უნდა ვიმსჯელოთ, თავად რას წარმოვადგენთ. ევროპაში ნაკრებების 3/4-ზე მეტი განსწავლულია. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ყოველი მატჩის წინ უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს.

- მომავალ მატჩებში, გიორგი ჭანტურია თუ დაგეხმარებათ, რომელსაც დისკვალიფიკაციის გამო საკლუბო დონეზე თამაში არ შეუძლია?

- ჭანტურია ჩვენთან ერთად იქნება და ითამაშებს. როგორც გვაქვს ინფორმაცია, მას ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში არ ეკრძალება.

- უახლოს მეტოქეები ლუქსემბურგის და სლოვაკეთი შესწავლილი გყავთ?

- ავსტრიაში ყოფნისას, ავსტრიისა და სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს დავესწარი. ინფორმაცია ჩვენი ჯგუფის მეტოქეზე გვაქვს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ყველა თამაშს სერიოზულად უნდა მიუდგეს.

- მომავალ შესარჩევ ციკლში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კონკრეტული მიზანი დაგისახათ?

- შარშან, გუნდი რომ ჩავიბარე, მის შემადგენლობაში 1990-1991 წლებში დაბადებული ფეხბურთელები თამაშობდნენ. მაშინვე, გეზი მომავალ თაობაზე ავიღეთ და 1992-1993 წლებში დაბდებული მოთამაშეები მოვიწვეთ. საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე 4 ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, რაც საკმარისი არაა, რომ გუნდი შეთამაშდეს. 22-კაციან სიაში 9 ფეხბურთელი 1992 წელსაა დაბადებული, 9 – 1993 წელს, 4- 1994 წელს. ლატვიაში ამხანაგურ თამაშზე ლაშა დვალი გამოვიძახეთ, მაგრამ ის ოპერაციის გასაკეთებლად ისრაელში მიდიოდა. ძალამიძის იმედიც გვაქვს, რომელიც ტრავმის გამო ჯერ ვერ თამაშობს. ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს ილურიძე. საერთო ჯამში, მთავარია, რომ ახალგაზრდული ნაკრებიდან ფეხბურთელები ეროვნულში მოხვდნენ.

- ევროპის ლიგაზე ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატების თამაშზე რას იტყვით?

- “დილაში” ილურიძემ და კობახიძემ ითამაშეს. “დინამოში” პაპავას არ უთამაშია. კარგია, რომ ასეთ დონეზე გამოცდილებას იღებენ. ასევე, კარგია, რომ საქართველოს ჩემპიონატის ისეთ გუნდებში გადავიდნენ, სადაც თამაშის საშუალება აქვთ. სათამაშო პრაქტიკა მთავარია.

გაგაცნობთ იმ 22 ფეხბურთელის სიას, რომლებსაც ჩივაძემ ლუქსემბურგთან და სლოვაკეთთან მატჩებისთვის უხმო.

მეკარეები: გიორგი ნადირაძე (“სპარტაკი”), კახა მეშველიანი (“ზესტაფონი”), გაბრიელ თებიძე (უგუნდო).

მცველები: არჩილ ტვილდიანი (“სიონი”), მამუკა კობახიძე, გიორგი გაგნიძე (ორივე “დილა”), სოლომონ კვირკველია (“რუბინი”, რუსეთი), თედო გრიგალაშვილი (“ზესტაფონი”), დავით უბილავა (“ტორპედო”).

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, ლაშა ჩაფიძე (ორივე “სპარტაკი”), გიორგი პაპავა  (“დინამო”), ლაშა პარუნაშვილი (“სიონი”), ვალერი ყაზაიშვილი (“ვიტესი”, ჰოლანდია), მერაბ გიგაური (“ტორპედო”), დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (ორივე “ჩიხურა”).

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (“ორჰუსი”, დანია), გიორგი ჭანტურია (“ვიტესი”, ჰოლანდია), ნიკა კაჭარავა (“რუბინი”), გიორგი ფანცულაია (“ტორპედო”).

21-წლამდელთა თავკაცი მომავალი შეხვედრებისთვის ჩამოთვლილთაგან 21 მოთამაშეს შეარჩევს.

საქართველოს ნაკრები მე-3 შესარჩევ ჯგუფშია ჰოლანდიასთან, შოტლანდიასთან, სლოვაკეთთან და ლუქსემბურგთან ერთად. ჩივაძის შეგირდები პირველ საშინაო მატჩში 10 ოქტომბერს ჰოლანდიასთან ჩაატარებენ, ხოლო 14 ოქტომბერს შოტლანდიას მიიღებენ.

მიმდინარე შესარჩევ ციკლში სლოვაკეთმა და შოტლანდიამ უკვე ითამაშეს. ორივე მათგანმა ლუქსემბურგის ნაკრები დაამარცხა. შოტლანდიელებმა მეტოქეს სახლში 3:0 აჯობეს, ხოლო სლოვაკებმა სტუმრად 7:1 გაიმარჯვეს.

ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სულ 10 ჯგუფია და პლეი ოფში ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა. პლეი ოფში იმ 7 ნაკრების ვინაობა გაირკვევა, რომლებიც 2015 წელს ჩეხეთში ევროპირველობაზე ითამაშებენ. მე-8 ნაკრები მასპინძელი ჩეხეთი იქნება, რომელიც შესარჩევში არ მონაწილეობს.


0.116018