18 წლის ქართველი მცველი ალეკო ჩაკვეტაძე საკმაო ხანს ვარჯიშობდა ბერძნულ პაოკ-ში, სადაც მწვრთნელ ჰუბ სტევენსს მოსწონდა და თავად ბერძნული პრესაც წერდა, რომ ქართველთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვეტილი იყო. ეს “მსოფლიო სპორტს” ფეხბურთელის აგენტმა გოგა გახოკიძემაც უთხრა. კონტრაქტი არ გაფორმდა და მიზეზი ისაა, რომ ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო...
ჩაკვეტაძე თბილისშია და “მსოფლიო სპორტს” ესაუბრა:
- 15 ნოემბერს წელის ტრავმა მივიღე და ერთი კვირაა, რაც მსუბუქად ვარჯიში დავიწყე. არადა, 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვეტილი იყო: ჩემთვის ბინას ეძებდა კლუბი, ინგლისურის მასწავლებელიც დაქირავებული ჰყავდათ. ძალიან მეწყინა, რომ პაოკ-მა ჩემი დატოვება გადაიფიქრა, მაგრამ ახალი წლიდან სხვა ვარიანტებს ველოდები.
- კონკრეტულად?
- გოგა გახოკიძემ მითხრა, რომ რომელიმე უცხოურ კლუბში წამიყვანს. ამ საკითხზე მუშაობს. ჯერ კონკრეტული არაფერი ვიცი.
- პაოკ-ი საბერძნეთში ამჟამად N 2 კლუბად ითვლება. 18 წლის ფეხბურთელს ასეთ ძლიერ გუნდში ვარჯიში არ გიჭირდა?
- სულ ძირითად გუნდში ვიყავი. თავიდან გამიჭირდა, ენის ბარიერიც იყო, შემდეგ კი თავად ფეხბურთელებმაც მაგრძნობინეს, რომ უცხო არ ვიყავი. თავისიანად მიმიღეს. უკვე აღარ მიჭირდა, ფიზიკურადაც მშვენივრად ვგრძნობდი თავს და ტრავმა რომ არა... პაოკ-ის 4 ფეხბურთელი საბერძნეთის ნაკრებშია, 3 კი ახალგაზრდულში. ასევე, ერთი კაცი სლოვენიის ნაკრებში თამაშობს, ერთიც რუმინეთში.
- დამეგობრება მოასწარით?
- ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. განსაკუთრებით კი გეორგიოს ცაველასთან, რომელიც ნაკრებშიც თამაშობს.
- პაოკ-ში ცენტრალურ მცველად მოგიაზრებდნენ?
- დიახ, თუმცა იყო საუბარი საყრდენ ნახევარმცველად თამაშზეც.
- პაოკ-ის ფანებზე ლეგენდები დადის. რას იტყვით?
- საოცრებაა. ასეთი ხმაურიანები თუ იყვნენ, ნამდვილად არ მეგონა. არა მხოლოდ საბერძნეთში, მთელ ევროპაში გამორჩეული ფანობა ჰყავთ.
- როგორც ვიცით, საქართველოში მწვრთნელ გუბაზ დოლიძესთან იზრდებოდით.
- დიახ. გუბაზ დოლიძე ჩემთვის ყველაფერია, მან აღმზარდა ფეხბურთელად. ახლაც მასთან ვივარჯიშებ. გუბაზი “დილა 2”-შია, რომელიც პირველ ლიგაში გამოდის. იქ ვივარჯიშებ, ოღონდ თამაში არ მომიწევს. აქამდე კი, “მეტალურგის” დუბლებსა და “ჩიხურას” დუბლებში ვთამაშობდი.
- საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ერთი მნიშვნელოვანი გოლი გაქვს გატანილი...
- დიახ, ესპანეთთან კასპიის თასის მატჩში. ვაგებდით და ბოლო წუთზე გავათანაბრე შორიდან დარტყმით.