ქუთაისში ,,დინამოს’’ სტადიონზე გამართულ შეხვედრას სტუმრებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვებით ისინი პრაქტიკულად უმაღლეს ლიგაში დარჩენას ინაღდებდნენ, ხოლო დამარცხების შემთხვევაში საქმეს ძალიან ირთულებდნენ. მათი ყოფნა-არ ყოფნის საკითხი თბილისის ,,ჯიქების’’ და ბათუმის ,,ბათუმის’’ შეხვედრის შედეგს უნდა გადაეწყვიტა. რაც შეეხება ქუთათურებს, მათთვის ამ მატჩის შედეგი აღარაფერს ცვლიდა. ისინი მე-5 ადგილს ვერაფრით ასცდებოდნენ, ამიტომ რიონისპირელებმა ბოლნისის ,,ყოჩებთან’’ გასამართი პლეი ოფის წინ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და გუნდის ძირითად ბირთვს დასვენების საშუალება მისცეს. მიუხედავად ამისა ქუთათურებმა ფეარ პლეის პრინციპი ბოლომდე დაიცვეს და მათთვის უმოტივაციო მატჩში მეტოქეს არაფერი დაუთმეს.
შეხვედრა თბილისელთა იერიშებით დაიწყო და ტაიმის ნახევარი მათი უპირატესობით წარიმართა. აშკარა იყო, რომ სტუმრებს გამარჯვების მოსაპოვებლად მეტი მოტივაცია ჰქონდათ. დედაქალაქელები ბევრს უტევდნენ და რამდენჯერმე ჩათვლის მოედანთან ახლოსაც იყვნენ, თუმცა მეტოქის ლელოში ბურთი ვერაფრით შეიტანეს.
მასპინძელთა პირველივე კონტრშეტევა კინაღამ შედეგიანი გამოდგა. მე-20 წუთზე ქუთათურებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს და ბოლო ფაზაში ბურთი ირემაძეს შეაყოლეს, რომელმაც ჩათვლის მოედნამდე ირბინა, მაგრამ უკანასკნელ წამს შეყოვნდა და თბილისელებმა სიტუაცია განმუხტეს, თუმცა დროებით, მასპინძელთა შეტევა ისევ გაგრძელდა და დედაქალაქელები საკუთარ ჩათვლის მოედანთან დაჯარიმდნენ. რიონისპირელებმა კარში დარტყმას და გარანტირებულ 3 ქულას ლელოზე თამაში არჩიეს და ბურთი აუტზე გადაიტანეს. მართალია, აუტი მოიგეს, მაგრამ ბურთი წინ გაუვარდათ და ანგარიშში დაწინაურების შანსიც დაიკარგა.
ხუთი წუთის შემდეგ მასპინძლებმა თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში კარში დარტყმა გადაწყვიტეს და სინაურიძის მცდელობის შემდეგ ანგარიში გახსნეს - 3:0.
33-ე წუთზე რიონისპირელთა მიძალებისას დედაქალაქელები კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ, თუმცა მასპინძლებმა ბურთი ამჯერადაც აუტში გადაიტანეს და საბოლოოდ სახეიროს ვერაფერს გამორჩნენ.
ტაიმის უკანასკნელი ხუთწუთეული თბილისელთა უპირატესობით წარიმართა. 36-ე წუთზე ,,აკადემიელთა“ შეტევისას ქუთათურები საკუთარ 22-იანში დაჯარიმდნენ. სტუმრებმა ბედის გამოცდა აღარ ისურვეს და მათიაშვილის ზუსტი დარტყმის შემდეგ თანაფარდობა აღადგინეს - 3:3.
ამის შემდეგ უკანასკნელ წუთებში მათიაშვილს კიდევ ორჯერ ჰქონდა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, მაგრამ ხელსაყრელი მდგომარეობიდან მისი დარტყმული საჯარიმოები ორივეჯერ არაზუსტი გამოდგა და ანგარიში უცვლელი დარჩა.
შეხვედრის მეორე ნახევარი ,,აიამ’’ ერთბაშად 7 ცვლილებით დაიწყო. ამან მასპინძელთათვის სასიკეთო შედეგი გამოიღო და თამაში მათი სრული უპირატესობით გაგრძელდა. 50-ე წუთზე ქუთათურებმა იერიში განავითარეს და მეტოქე ჩათვლის მოედანთან მიიმწყვდიეს. თბილისელები დაჯარიმდნენ. რიონისპირელებმა შერკინება მოითხოვეს და მძლავრი ბიძგით ლელოს დალაშქვრა სცადეს. დედაქალაქელები ისევ დაჯარიმდნენ. ქუთათურთა მესამე მცდელობისას ,,აკადემიელებმა“ მეტოქის მიძალებას ვეღარ გაუძლეს და შერკინება ჩააქციეს. არბიტრმა თამაში გააჩერა და საჯარიმო ლელო დააფიქსირა. მოედანზე ახლადშესულ ბაბუნაშვილს გარდასახვა არ გასჭირვებია - 10:3.
იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება, თბილისელებმა უკანმოუხედავად შეუტიეს, რამაც მათ დაცვაში ნაპრალები გააჩინა. ამით კარგად ისარგებლეს რიონისპირელებმა და ასევე შეცვლაზე შესულ ბექა ტორაძისა და ზურაბ ძნელაძის მცდელობის შემდეგ სამი წუთის ინტერვალში კიდევ ორი ლელო მიითვალეს. გარდასახვა ორივე შემთხვევაში ბაბუნაშვილმა ზუსტად შეასრულა - 24:3.
მატჩიც პრაქტიკულად აქ დამთავრდა, თუმცა შეხვედრის უკანასკნელ წუთზე სტუმრებმა ერთიც გაიბრძოლეს და ბოლო შეტევა წამოიწყეს, რასაც ბექა ტორაძის გასინბინება და საჯარიმო ლელო მოჰყვა. მათიაშვილმა ზუსტად შესრულებული გარდასახვით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 24:10.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ გამარჯვებული გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:
ბესო ხამაშურიძე (,,აია’’) - ,,ამ მატჩის შედეგს ჩვენთვის არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამიტომ ტრავმებს მოვერიდეთ და რამდენიმე მოთამაშე დავასვენეთ, თუმცა ვინც მოედანზე გამოვიდა ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვებაც მოვიპოვეთ.’’
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. XVIII რაუნდი.
27 აპრილი. კვირა. ქუთაისი. ,,დინამო“. 16:30 საათი. 800 მაყურებელი.
აია (ქუთაისი) - აკადემია (თბილისი) 24:10 (3:3)
აია: 15. მოდებაძე 14. კიკვაძე, 13. ძნელაძე, 12. ირემაძე, 11. აბრამიძე (ბ. ტორაძე), 10. სინაურიძე (ბაბუნაშვილი), 9. როხვაძე (თ. თუთბერიძე), 1. ულუმბელაშვილი (ლომსიანიძე), 2. მატკავა (გ. ტორაძე), 3. ტ. ჩხიკვაძე (სალდაძე), 4. ჯიმშიტაშვილი, 5. ჩიტეიშვილი (მარშანია), 6. რევიშვილი (კ), 7. დანგაძე, 8. ყურაშვილი (გიორგაძე);
3 ლელო: (საჯარიმო), ბ. ტორაძე, ძნელაძე;
3 გარდასახვა: ბაბუნაშვილი (3);
ჯარიმა: სინაურიძე;
სინბინი: ბ. ტორაძე;
მწვრთნელები : კობა გიორგაძე, ბესო ხამაშურიძე;
აკადემია: 15. მაკაროვი, 14. კალანდარაშვილი, 13. ტალახაძე, 12. წასიძე, 11. მათიაშვილი, 10. დავითაშვილი (ჩაბრაძე), 9. ქობილაშვილი (კ) (ჯ. ღამბაშიძე), 1. გ. ღამბაშიძე, 2. ალხაზიშვილი, 3. მაზმიშვილი (ფეიქრიშვილი), 4. გოგლიძე (ნებულიშვილი), 5. ზოიძე, 6. ნიბლაძე (მოსეშვილი), 7. შუბითიძე 8. გოგოლაძე;
ლელო: (საჯარიმო);
გარდასახვა: მათიაშვილი;
ჯარიმა: მათიაშვილი;
მწვრთნელი: პაატა ნარიმანაშვილი;
მთ. მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი;
თ/მ: ლუკა ქავთარაძე, ბესო ცქიფურიშვილი;
ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან
ავტორის ფოტოები