რაგბი

22:50 | 24.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

„აიამ“ ღირსეული რევანში აიღო

ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც მეს-3 ადგილზე მყოფმა „აიამ“ გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს თბილისის „ლელო“-ს უმასპინძლა. შეხვედრას ახალზელანდიელი არბიტრი რიჩარდ კელი მოემსახურა.
როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა.
თამაშის დღეს ქუთაისში გადაუღებლად წვიმდა. ატალახებულ მინდორზე არც ერთ მორაგბეს დაუზოგავს თავი. მათ თამაშში ყველაფერი ჩადეს და „დინამოს“ სტადიონზე მისულ მაყურებელს შესანიშნავი სანახაობა შესთავაზეს.
თამაში სტუმრებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-3 წუთზე ქუთათურთა 22-მეტრიან ხაზთან ახლოს ჯარიმის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს. ჭინჭარაულის დარტყმა ზუსტი გამოდგა - 0:3.
ამის შემდეგ სათამაშო უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ისინი დომინირებდნენ და 4 ლელოც მიითვალეს.
მე-8 წუთზე ქუთათურებმა მეტოქის აუტი მოიგეს და მძლავრი ბიძგით თბილისელები ჩათვლის მოედანზე შეათრიეს. საბოლოოდ ბურთი თხელიძემ დაამიწა. სინაურიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მასპინძლები დაწინაურდნენ - 7:3.
10 წუთის შემდეგ რიონისპირელებმა მეტოქე შერკინებაში დაჩაგრეს და იქიდან გამოტანილი ბურთი ბექა ყურაშვილმა ძელებს შორის შეიტანა. სინაურიძეს გარდასახვა არ გასჭირვებია - 14:3.
მე-20 წუთზე მასპინძელთა მგეზავმა ლელო თავადაც მიითვალა. ძნელაძის პასის შემდეგ მან მეტოქეს ხაზი გაუჭრა და ბურთიანად ჩათვლის მოედანში შეირბინა, თუმცა გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა - 19:3.
5 წუთის შემდეგ ქუთათურებმა სანიმუშო კომბინაცია გაითამაშეს. მოედნის სიღრმიდან შეტევა ძნელაძემ წამოიწყო, რომელიც ფრუიძემ გააგრძელა, საბოლოოდ კი გოშაძემ დააგვირგვინა. მან ბურთი ფეხით თბილისელთა ჩათვლის მოედანზე შეაგორა, შემდეგ მეტოქე სისწრაფეში დაჩაგრა და თავისიანები კიდევ უფრო დააწინაურა - 24:3. სინაურიძეს გარდასახვა ისევ გაუცუდდა.
იგრძნო რა დამარცხების საშიშროება, სტუმართა დამრიგებელმა შეცვლებს მიმართა. განსაკუთრებული აქტიურობით თამაშში ყიასაშვილი ჩაერთო. მისი რეიდების გაუვნებელყოფა მასპინძლებს ძალიან უჭირდათ. თბილისელთა მიძალებამ შედეგი ტაიმის უკანასკნელ წუთზე გამოიღო. მარცხენა ფრთაზე ზედიზედ განხორიელებული რამდენიმე იერიშის შემდეგ სტუმრებმა ბურთი მარჯვნივ გადაიტანეს, იქ უპირატესობა შექმნეს და... მასპინძლებმა გეგენავას შეჩერება ვეღარ მოახერხეს. ახალშემოსულმა ყიასაშვილმა რეალიზაცია ვერ გამოიყენა - 24:8.
მეორე ტაიმში წვიმა კიდევ უფრო გაძლიერდა და მოედანი ერთიანად ატალახდა. მორაგბეებს სწრაფი მოძრაობა უჭირდათ და აქცენტი ძალისმიერ ბრძოლაზე გადაიტანეს. თბილისელებს უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონდათ, ამიტომ შეხვედრის მეორე ნახევარი განუწყვეტლივ შეტევებში გაატარეს.
55-ე წუთზე შერკინებიდან ბურთის მოგების შემდეგ თბილისელები მეტოქეს მოლით მიაწვნენ. დიდი მცდელობის მიუხედავად, „აიამ“ მეტოქის მიძალებას ვერ გაუძლო და შეცვლაზე შემოსულმა ჭყოიძემ ბურთი ჩათვლის მოედანზე დაამიწა. ყიასაშვილს გარდასახვა ამჯერადაც გაუცუდდა.
5 წუთის შემდეგ ისევ სტუმრებმა იძალეს. რამდენიმეფაზიანი იერიშის შემდეგ მათ შეტევის მარცხენა ფრთაზე უპირატესობა შექმნეს და ასევე შეცვლაზე შემოსულმა ბელქანიამ ბურთი ალმის კიდესთან დაამიწა. ყიასაშვილმა რთული მდგომარეობიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და სხვაობა კიდევ უფრო შეამცირა - 24:20.
ამის შემდეგ ქუთათურებიც გამოცოცხლდნენ და რამდენიმე შეტევა განახორციელეს. თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე დედაქალაქელები საკუთარი 22-მეტრიანი ხაზის სიახლოვეს დაჯარიმდნენ. ხელსაყრელი მდგომარეობიდან სინაურიძის დარტყმული ძელმა აისხლიტა და ანგარიში უცვლელი დარჩა.
შეხვედრის უკანასკნელი წუთები თბილისელთა სრული უპირატესობით წარიმართა. მათ რამდენჯერმე ჯარიმის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს, მაგრამ რადგან ჩამორჩენა ოთხქულიანი გახლდათ, ყოველ ჯერზე ისინი ჯარიმის გათამაშებას ამჯობინებდნენ. საბოლოოდ ქუთათურებმა თავი მედგრად დაიცვეს და ახალზელანდიელი არბიტრის საფინალო სასტვენმა მასპინძელთა ძნელი გამარჯვება დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ „მსოფლიო სპორტმა“ ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:
ლევან მაისაშვილი (ლელო): „გადაუღებელმა წვიმამ მინდორი გააფუჭა და ამან შეხვედრის ხარისხზეც იმოქმედა. პირველ ტაიმში ფორტუნამ მასპინძლებს გაუღიმა, რაც ქუთაისლებმა სათავისოდ კარგად გამოიყენეს. მეორე ნახევარში დავლაგდით და თამაში ჩვენი უპირატესობით წარიმართა, თუმცა გამარჯვებისთვის დრო აღარ გვეყო. ისე, ერთიც უნდა აღვნიშნო, ახალზელანდიელმა მსაჯმა მატჩის ბოლოს ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, რითაც საბოლოოდ ჩვენ უფრო დავზარალდით“.
კობა გიორგაძე (აია): „დაძაბული თამაში გამოვიდა. ჩვენ გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა, მე-3 ადგილი რომ შეგვენარჩუნებინა და ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსით გვესარგებლა. ბიჭებმა მოედანზე თავი დადეს და გათამაშების ლიდერთან ღირსეული რევანშიც ავიღეთ.“
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი.  XIV რაუნდი.
24. თებერვალი. კვირა.
ქუთაისი. „დინამო“. 15:00 საათი. 500 მაყურებელი.
„აია“ (ქუთაისი) – „ლელო“ (თბილისი)  24:20  (24:8)
აია“: 15. ძნელაძე, 14. გოშაძე, 13. ფრუიძე, 12. კუხიანიძე, 11. სერგო კვერნაძე, 10. სინაურიძე, 9. როხვაძე, 1. ლომიძე (რატიაშვილი), 2. თხელიძე, 3. ულუმბელაშვილი (ლომიძე), 4. ჩიტეიშვილი, 5. ძაგნძე, 6. დგებუაძე (რევიშვილი), 7. შალამბერიძე (შაშიაშვილი), 8. ყურაშვილი (ლომთაძე);
4 ლელო: თხელიძე, ყურაშვილი, სინაურიძე, გოშაძე;
2 გარდასახვა: სინაურიძე (2);
მწვრთნელი : კობა გიორგაძე
ლელო“: 15. გეგენავა, 14. ზაალიშვილი (ყიასაშვილი), 13. ანდღულაძე, 12. ცერცვაძე, 11. ნიჟარაძე, 10. ჭინჭარაული, 9. კაჭარავა, 1. ვასილ კვერნაძე (პატარაია), 2. ხიდეშელი (ბელქანია), 3. სანიკიძე, 4. ჭეიშვილი, 5. ხორბალაძე, 6. მძინარიშვილი, 7. ბაჩო კოლელიშვილი (სურგულაძე),  8. ნიკოლეიშვილი (ჭყოიძე);
3 ლელო:  გეგენავა, ჭყოიძე, ბელქანია;
გარდასახვა:  ყიასაშვილი
ჯარიმა: ჭინჭარაული
მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი
მთ. მსაჯი:  რიჩარდ კელი (ახალი ზელანდია)
/მ:  სულხან ჩიხლაძე, ილია მჟავანაძე

ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან

ბადრი კეთილაძსის ფოტოები

0.143395