საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტურის საწყისი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდების ,,აიასა’’ და ,,ყოჩების’’ დაპირისპირებამ ყოველგვარი ინტრიგის გარეშე ჩაიარა. რიონისპირელებმა ყველა კომპონენტში დაჩაგრეს ბოლნისელი სტუმრები და საკმაოდ იოლი გამარჯვება მოიპოვეს.
,,აიამ’’ შეხვედრა საკმაოდ აქტიურად დაიწყო და პირველი წუთებიდანვე დაეუფლა როგორც ტერიტორიულ, ასევე სათამაშო უპირატესობას, რაც მალევე ანგარიშში აისახა. მე-5 წუთზე მასპინძლებმა ბოლნისელთა 5-მეტრიან ხაზთან აუტი მოიგეს და რამდენიმე ფაზიანი შეტევა განავითარეს, რომლის ბოლოს ყველაზე უკეთ გიორგი ფრუიძე გაისარჯა. მან მეტოქის დაცვა გაარღვია და ბურთი კარის ძელებს შორის დაამიწა. ხელსაყრელი მდგომარეობიდან გარდასახვის შესრულება სინაურიძეს არ გასჭირვებია - 7:0. ბოლნისელები მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადნენ და მათმა მგეზავმა სოხაძემ მოედნის ცენტრიდან ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 7:3.
მატჩის ასეთი სცენარით განვითარებას ქუთათურები არ შეეგუენ და ნახევარი საათის მიწურულს მორიგი გარდასახული ლელო მიითვალეს. საკუთარ 5-მეტრიან ხაზთან ,,ყოჩებმა’’ აუტი არასწორად მოაწოდეს და რეფერის გადაწყვეტილებით ბურთი მეტოქეს გადაეცა. რიონისპირელებმა შერკინება მოითხოვეს. ისინი ბოლნისელებს მძლავრად მიაწვნენ და მეტოქე ჩათვლის მოედანში საკმაოდ იოლად შეათრიეს. ლელო თავის ანგარიშზე ყურაშვილმა მიითვალა, ხოლო გარდასახვა ამჯერადაც სინაურიძემ შეასრულა - 14:3.
ამ მომენტში თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ,,ყოჩები’’ ქუთათურებს შერკინებაში ვერ უმკლავდებოდნენ. ეს სხვებზე ადრე მათმა დამრიგებელმა ალექსანდრე ესაკიამ იგრძნო და შერკინების პირველ ხაზში ორმაგ ცვლილებას მიმართა. ამ გადაწყვეტილებამ შედეგი ნაწილობრივ გამოიღო. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
შეხვედრის მეორე ნახევარი ისევ ,,აიას’’ უპირატესობით გაგრძელდა. ბოლნისელები მასპინძელთა მიძალებას ვეღარ უმკავდებოდნენ და შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ, რასაც რიონისპირელები სათავისოდ კარგად იყენებდნენ. 47-ე წუთზე ფრუიძემ მეტოქეს ხაზი გაუჭრა, თითქმის მთელი მოედანი გადასერა და ჩათვლის ხაზთან მისულმა უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელისკენ გადაცემა გააკეთა. ქუთათურები ალბათ ლელოს დადებდნენ, მაგრამ კომბინაციის დასრულებას ხელი წიკლაურმა შეუშალა. რეფერიმ თამაში გააჩერა, ,,ყოჩები’’ დააჯარიმა, ხოლო მეტოქის შეტევის განზრახ ჩაშლისთვის წიკლაური მოედნიდან 10 წუთით გააძევა. რიონისპირელებმა ბურთის აუტში გადატანას 100%-იანი 3 ქულის აღება არჩიეს. სინაურიძემ ზუსტი საჯარიმოთი ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა - 17:3.
ამის შემდეგ ფრუიძემ ერთხელ კიდევ გაიბრწყინა. მან თითქმის ანალოგიური რეიდი განახორციელა და ჩათვლის მოედნათან მისულმა ძნელაძეს სალელოე გადაცემა გაუკეთა. ქუთათურთა ფულბეკმა თანაგუნდელს ამაგი დაუფასა და ბურთი კარის ძელებს შორის დაამიწა. სინაურიძეს გარდასახვა არც ამჯერად გასჭირვებია - 24:3.
ამის შემდეგ ,,ყოჩებმა’’ ერთიც გაიბრძოლეს და მცირე ხნის განმავლობაში გარკვეული უპირატესობაც მოიპოვეს. მათ რამდენიმე ხელსაყრელი ჯარიმის დარტყმაზე უარი განაცხადეს და ლელოზე თამაში ამჯობინეს. ბოლნისელთა მიძალებამ შედეგი თამაშის დამთავრებამდე ათიოდე წუთით ადრე გამოიღო. ხიდაშელის მცდელობით ,,ყოჩებმა’’ ერთი ლელოს დადება მოახერხეს. გარდასახვა სოხაძემ ზუსტად შეასრულა - 24:10, თუმცა მალე ბოლნისელთა ჰუკერი ტრავმის გამო შესაცვლელი შეიქნა და ცუცქირიძეს თამაშში დაბრუნება ხელმეორედ მოუწია.
იგრძნეს რა პრემიალური ქულის დაკარგვის საშიშროებმა, მასპინძლები მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდნენ. ის, რაც ქუთათურებმა ბოლო ათ წუთში გვანახეს, შეიძლება დიდი რაგბის გაბრწყინება ეწოდოს. დროის ამ მონაკვეთში მათ ერთიმეორეზე უკეთესი კომბინაციები შემოგვთავაზეს და მეტოქეს სამი ლელო დაუდეს. პირველი ორი გარდასახვა სინაურიძემ შეასრულა, ხოლო მესამე მის შემცვლელად შემოსულმა ახალგაზრდა გიორგი ბაბუნაშვილმა, რომლისთვისაც ეს თამაში სადებიუტო გახლდათ უმაღლეს ლიგაში. ისე, თავისი ნაყოფიერი გარჯა არც ქუთათურთა მგეზავ გაგა სინაურიძეს უნდა დავუკარგოთ, რომელმაც მეტოქის კარისკენ დანიშნული ხუთი გარდასახვა და ერთი საჯრიმო 100%-იანი სიზუსტით შეასრულა.
არბიტრის საფინალო სასტვენმა ქუთათურთა პრემიალური ქულით გამარჯვება დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:
ბესო ხამაშურიძე (,,აია’’) - ,,მიუხედავად იმისა, რომ ტრამვებისა და 20 წლამდელთა ნაკრებში გამოძახების გამო, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა, ბიჭებმა ძალიან მოინდომეს და შედეგსაც მივაღწიეთ. დიდი მადლობა მათ ამისთვის. გუნდის თამაში დღითიდღე უმჯობესდება. იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მოვუმატებთ.’’
ალექსანდრე ესაკია (,,ყოჩები’’) - ,,პირველ რიგში ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას. დღეს ჩვენი დღე არ იყო. უამრავი შეცდომა დავუშვით. ასეთი რამ ხდება ხოლმე სპორტში. იმედი მაქვს მომავალში შეცდომებს გამოვასწორებთ და უკეთ ვითამაშებთ.’’
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. VI რაუნდი.
12 ოქტომბერი. შაბათი. ქუთაისი. ,,დინამო“. 16:00 საათი. 500 მაყურებელი.
,,აია“ (ქუთაისი) - ,,ყოჩები“ (ბოლნისი) 45:10 (14:3)
,,აია“: 15. ძნელაძე 14. შაშიაშვილი, 13. ფრუიძე, 12. ს. კვერნაძე, 11. აბრამიძე, 10. სინაურიძე (ბაბუნაშვილი), 9. როხვაძე, 1. რატიაშვილი, 2. მატკავა (სალდაძე), 3. ულუმბელაშვილი (ტ. ჩხიკვაძე), 4. შალამბერიძე, 5. ჩიტეიშვილი (ჯიმშიტაშვილი), 6. ცირეკიძე (კიკვაძე), 7. რევიშვილი (კ) (ძაგნიძე), 8. ყურაშვილი (არჩვაძე);
6 ლელო: ფრუიძე, ყურაშვილი, ძნელაძე, მატკავა, აბრამიძე, სალდაძე;
6 გარდასახვა: სინაურიძე (5), ბაბუნაშვილი;
ჯარიმა: სინაურიძე;
მწვრთნელები : კობა გიორგაძე, ბესო ხამაშურიძე;
,,ყოჩები“: 15. მახარაშვილი, 14. გოგოლაშვილი, 13. ხარშილაძე, 12. გაბუნია (ქუშაშვილი), 11. ჯაფარიძე (ხუციშვილი), 10. სოხაძე, 9. ბრეგაძე, 1. ცუცქირიძე (გოგიშვილი), 2. ხიდაშელი (ცუცქირიძე), 3. ჯინჭარაძე (შენგელია), 4. გრძელიშვილი (გოგიძე), 5. წიკლაური (ტვილდიანი), 6. გუგეშაშვილი, 7. ტყეშელიაძე, 8. ნ. ჩხიკვაძე (მალაღურაძე);
ლელო: ხიდაშელი;
გარდასახვა: სოხაძე;
ჯარიმა: სოხაძე;
სინბინი: წიკლაური;
მწვრთნელი: ალექსანდრე ესაკია;
მთ. მსაჯი: ნიკა ამაშუკელი
თ/მ: შოთა თევზაძე, საბა აბულაშვილი;