რაგბი

0:03 | 16.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“აია”: მარცხი ახალ სტადიონზე

ქუთაისურ სარაგბო თემს დიდი ხნის ოცნება აუხდა. ქუთაისს, ქალაქს რომლის სარაგბო კლუბს სსრკ-ის პერიოდში სამჯერ აქვს მოპოვებული დედამიწის მეექვსედის ჩემპიონის ტიტული, ორჯერ კი საკავშირო თასი, საკუთარი სტადიონი არ ჰქონდა. ბუნებრივია, ეს საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნიდა ქუთაისელ მორაგბეებს. დღეს,  ქუთაისში, ვაკისუბნის დასახლებაში, მშვენიერი სარაგბო სტადიონი გაიხსნა, რომელიც ამიერიდან “აიას” სათამაშო არენა იქნება.

გახსნის მატჩში “აიას” მეტოქე თბილისის “ჯიქი” იყო. თამაში თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, რომელშიც ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. მე-9 წუთზე რიონისპრელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც გიორგი აფციაურმა ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა – 3:0. ანგარიშში  დედაქალაქელები გააქტიურდნენ და ათიოდ წუთში რამაზ ხარაზიშვილმა ჯარიმითვე გაათანაბრა ანგარიში – 3:3.  საერთოდ, უნდა ვთქვათ, რომ ხარაზიშვილი შემდგომშიც შედეგიანად მოქმედებდა და საკუთარი გუნდის წარმატებაში ლომის წვლილიც შეიტანა. 

თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა. 27-ე წუთზე მასპნძლებმა მოწინააღმდეგის შეტევა ჩაჭრეს, რის შემდეგაც ჩინებულად ითამაშა გივი ლოსაბერიძემ, რომელმაც ფეხით კარგად შეუყოლა ბურთი კიკვიძეს. იოსებმა თბილისელების ხაზი გაჭრა და მარჯვენა კიდესთან დაამიწა – 8:3. გაშვებულ ლელოს აღმოსავლელებზე დამთრგუნველად არ უმოქმედია. ტაიმის მიწურულს თბილისელებმა კიდევ ერთხელ მოიპოვეს ჯარიმის დარტყმის უფლება და ხარაზიშვილმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა – 8:6.

შეხვედრის მეორე ნახევარში სტუმრებმა, ისევ ხარაზიშვილის ზუსტი საჯარიმოს წყალობით მოახერხეს დაწინაურება – 8:9, თუმცა “ჯიქის” მორაგბეთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. 54-ე წუთზე ქუთაისელთა მრავალფაზიანი შეტევა გელა შალამბერიძის ჩინებული ლელოთი დასრულდა. ქუთაისელთა ახალგაზრდა მორაგბემ ეფექტურ ნახტომში “დაალელოვა” მეტოქე, რასაც აფციაურის გარდასახვაც მოჰყვა და “აია” ისევ დაწინაურდა – 15:9.

ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ სათამაშო ინიციატივა სტუმრების ხელში გადავიდა, რომლებიც ახალგაზრდა ქუთაისელ მორაგბეებს პაექრობის დასკვნით ნაწილში ფიზიკური ძალის თვალსაზრისით აღემატებოდნენ. 61-ე და 65-ე წუთებზე ზედიზედ ორჯერ ხარაზიშვილმა ზუსტად შეასრულა საჯარიმო და ანგარიში გაათანაბრა – 15:15. შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა მამუკა ნინიძის მიერ 70-ე წუთზე გატანილი არეკნი. მამუკას თანაგუნდელებმა კარგად გაუთავისუფლეს სამოქმედო არეალი და თბილისელთა ათიანის დარტყმაც ზუსტი გამოდგა – 15:18. მასპინძლებს შეეძლოთ წაგებისაგან თავის გადარჩენა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა რეზო ჯინჭველაშვილმა ორი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა და “აიამ” ახალი სეზონის სასტარტო პაექრობა, ახალ სტადიონზე მარცხით დაიწყო. წაგების მიუხედავად, უნდა ვთქვათ, რომ ახალგაზრდა აიელებს ტრამვის გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდათ, თუმცა ახალგაზრდები, რომელთაგან ზოგიერთი პირველად გამოდის უფროს ასაკში, ნელ-ნელა გაივლიან ადაპტაციას და ღირსეულად დაიცავენ ლეგენდარული კლუბის სახელს.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი. I ტური

15 აგვისტო. 20:00. ქუთაისი. 3500 მაყურებელი

აია  (ქუთაიასი) – ჯიქი (თბილისი) - 15:18 (8:6)

აია: რატიაშვილი (სალდაძე, 56), გიორგი ტორაძე უმცროსი (მატკავა, 41), გიორგი ტორაძე უფროსი (ლომსიანიძე, 62), გიორგაძე, ჩიტეიშვილი (შაშიაშვილი, 56), დანგაძე, შალამბერიძე, ყურაშვილი, გივი ლოსაბერიძე (თუთბერიძე, 31), ბაბუნაშვილი (ჯინჭველაშვილი, 41), ბექა ტორაძე, დავით ლოსაბერიძე (სინაურიძე, 66), კიკვაძე, აბრამიძე, აფციაური (მარშანია, 70).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, კობა გიორგაძე

2 ლელო: კიკვიძე (27), შალამბერიძე (54)

გარდასახვა: აფციაური (54).

ჯარიმა: აფციაური  

ჯიქი: ოქრიაშვილი (კვერნაძე, 56), მამრიკიშვილი (ოქრომელიძე, 57), კაიკაციშვილი (რუხაძე, 57, კაიკაციშვილი, 77), გოგოლაძე, მჭედლიშვილი, შუბითიძე (კაპავაძე, 69), ტუჩაშვილი (სუხაშვილი, 57), შენგელია, ჯინჭარაული, ნინიძე, ხარაზიშვილი, ხუციშვილი (ჯინჯიხაძე, 66), დევსურიშვილი, ბიწაძე, სვანიძე (კიკნაძე, 37).

მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე

5 ჯარიმა: ხარაზიშვილი (5).

არეკნი: ნინიძე (69) 

თეგებიაიაჯიქი
0.134186