ფეხბურთი

20:09 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

აბრამიძემ “სიონს” პირველი ექვსეული დაუბევა

ბოლნისის “სიონმა” მეორე წრის ბოლოსწინა ტურში პირველ ექვსეულში მოხვედრა გაინაღდა. ქვემოქართლულ დერბიში ლადო ბურდულის შეგირდებმა სტუმრად რუსთავის “მეტალურგი” 2:0 დაამარცხეს, რაშიც ლომის წვლილი ვალერი აბრამიძემ დაიდო. ამპლუით ცენტრალურმა მცველმა, რომელსაც კარიერის განმავლობაში არცთუ ბევრი გოლი გაუტანია, რუსთავში დუბლი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ორივეჯერ მან გოლი სტანდარტული სიტუაციის გათამაშების შემდეგ მიითვალა და ორივე შემთხვევაში ასისტენტობა ალექსანდრე გოგობერიშვილმა გაუწია. სხვათა შორის, აბრამიძემ წინა ტურში ქუთაისის “ტორპედოსთან” საშინაო მატჩშიც (1:2) გაიტანა და მაშინაც მეტოქის კარი თავური დარტყმით აიღო.

ქუთაისელებთან მატჩთან შედარებით ბურდულმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა. დაცვის ცენტრში აბრამიძესთან ერთად განუგრავა და სვანიძე განამწესა. მარცხენა მცველად დავით იმედაშვილი დააყენა. მოედანზე პირველი წუთიდან იყო გიორგი ბიბილეიშვილი.

მატჩის საწყის 20 წუთში ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მასპინძლებს ჰქონდათ და ბესიკ ჩიმაკაძე ერთი მომენტიც რომ გამოეყენებინა, არავინ იცის საბოლოოდ რა ანგარიში დაფიქსირდებოდა. 

მე-9 წუთზე, მარცხენა ფლანგიდან გიორგი ქავთარაძის პასის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა კახა კაკაშვილმა მკერდით ბურთი ჩიმაკაძეს “დაუგდო”, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან “ცაციათი” კარს ააცილა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, კაკაშვილმა სტუმართა საჯარიმოს ფარგლებს გარედან დაარტყა და მირზა მერლანმა ბურთი ხელებში დააფიქსირა. მალევე, მარცხნიდან დავით საჯაიას პასის მერე, ჩიმაკაძემ ძალისმიერი ორთაბრძოლა აბრამიძეს მოუგო და ახლო მანძილიდან მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში დაარტყა – მერლანმა სტუმრები გოლის გაშვებისგან ნახტომში იხსნა.

36-ე წუთზე, თორნიკე აფციაურმა მარჯვენა ფლანგიდან თითქმის საჯარიმოს ხაზზე დანიშნული “სტანდარტული” შეასრულა და კოკა სეფიაშვილმა ბურთი ხელებში მეორე ცდით შეიმაგრა.

41-ე წუთზე, გოგობერშვილმა საჯარიმო დარტყმისას მარცხენა ფლანგიდან ბურთი “მეტალურგის” კართან ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა აბრამიძემ რუსთაველი მცველების უხეში შეცდომით ისარგებლა და თავით ანგარიში გახსნა. ამ ეპიზოდში ბურთი გვერდით ძელს მოხვდა და მასპინძლებს ვერ სეფიაშვილმა უშველა. 44-ე წუთზე, “სიონის” კონტრშეტევის დროს მარჯვენა ფრთიდან დაჩი ფოფხაძის გადაცემის მერე, შორეულ ძელთან მყოფმა გიორგი ბიბილეიშვილმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. სხვათა შორის, პირველი ტაიმის მიწურულს ბურდული გვერდითი მსაჯის ლევან ვარამიშვილი გადაწყვეტილებებზე ძალიან ემოციურად რეაგირებდა და მეოთხე მსაჯს ლევან კვარაცხელიას მისი დაწყნარება მოუწია.

მეორე ტაიმი მცირე ხნის დაწყებული იყო, რომ გოგობერიშვილმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი “მეტალურგის” საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი, აბრამიძემ მასპინძელ მცველებს კვლავ დაასწრო და თავით ზუსტად ითამაშა – 0:2. ამის შემდეგ, “სიონისთვის” ანგარიშის შენარჩუნება ტექნიკის საქმე იყო.

78-ე წუთზე, შეტევაში ჩართულმა მიხეილ მახვილაძემ შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და მერლანმა ბურთი ხელებში დაიჭირა. 76-ე წუთზე, მერაბ გიგაურმა საშუალო მანძილიდან შეუტია და ბურთი კარს ზემოდან გადაცდა. მე-80 წუთზე, მეტოქის კარის მიმართულებით გიორგი ჩირგაძე ურტყამდა, რომელსაც “სიონის” საჯარიმოში აბრამიძე და განუგრავა “ჩაუწვნენ”. ამ ეპიზოდში რუსთაველები მიუთითებდნენ, რომ აბრამიძემ ხელით ითამაშა, მაგრამ მსაჯს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

ლადო ბურდული: “მადლობა მინდა გადავუხადო ვარლამ კილასონიას და მის გუნდს. “მეტალურგი” ახალგაზრდული და მებრძოლი გუნდია. კარგი თამაში იყო. ვერავინ იტყოდა ვინ მოიგებდა. ერთი შეცდომა რომ დაგვეშვა ვერ მოვიგებდით. დაცვიდან ვითამაშეთ და თამაში კონტრშეტევებზე ავაგეთ. “მეტალურგს” მომდევნო თამაში “დინამოსთან” აქვს, ამიტომ, რუსთაველები ჩვენთან გამარჯვებას შეეცდებოდნენ. მინდა “სიონის” ყველა გულშემატკივარს პირველ ექვსეულში მოხვედრა მივულოცო”

ვარლამ კილასონია: “სიონს” მინდა გამარჯვება მივულოცო. ორგანიზებული თამაში აჩვენა, შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ შეცდომას ელოდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა არ მოინდომეს, ან თავდადება აკლადათ. გუნდი ბოლომდე ცდილობდა. ჩვენი შანსი ვერ გამოვიყენეთ. უნდა ბევრი ვიმუშავოთ, რომ ოსტატობა უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანოთ”.

მეტალურგი (რუსთავი) – სიონი (ბოლნისი) 0:2  (0:1)

9 მარტი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.

მეტალურგი: სეფიაშვილი, მახვილაძე (კ), ვარლამ გიორგის ძე კილასონია, დავით საჯაია (ოქროპირიძე, 81), ტვილდიანი, გიგაური, დობროვოლსკი, ქავთარაძე (ჩირგაძე, 46), სეთურიძე, კაკაშვილი (მიქაბერიძე, 46), ჩიმაკაძე.

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

სიონი: მერლანი, ფოფხაძე, განუგრავა, აბრამიძე, სვანიძე (კ), იმედაშვილი, გოგობერიშვილი, ცხადაია, ბიბილეიშვილი (უგულავა, 74), აფციაური (კანდელაკი, 82), კახელიშვილი (ზვიად ლობჟანიძე, 64).

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული.

გოლები: 0:1 აბრამიძე (41), 0:2 აბრამიძე (51).

გაფრთხილება: აფციაური (20), ქავთარაძე (34), განუგრავა (69), სეთურიძე (81), იმედაშვილი (90+1).

მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი.

0.262704