სხვა

14:20 | 23.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

აბრამაშვილმა სლალომში 22-ე შედეგი აჩვენა

21-22 თებერვალს, ზამთრის ოლიმპიური თამაშების მიწურულს, სოჭში მედლები ვაჟთა და ქალთა შორის სლალომში გათამაშდა. ქართველი სამთო-მოთხილამურეებიდან საუკეთესო შედეგი სლალომში იასონ აბრამაშვილმა აჩვენა, რომელმაც 117 მონაწილეს შორის 22-ე ადგილი დაიკავა (1:53.37), დისტანციის დასრულება კი მხოლოდ 43-მა მოთხილამურემ მოახერხა.

ოლიმპიური ჩემპიონი სლალომში ავსტრიელი მარიო მატი გახდა, ვერცხლის მედალი ასევე ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა მოიპოვა, ბრინჯაო კი ნორვეგიელმა ჰენრიკ კრისტოფერსენმა.

ნინო წიკლაურმა სლალომში იგივე ბედი გაიზიარა, რაც ჩვენმა ვაჟებმა გიგანტურ სლალომში და პირველივე სტარტზე დისტანციის დასრულება ვერ შეძლო, რაც ტურნირს ავტომატურად დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ გიგანტურ სლალომში წიკლაურმა 88 მონაწილეს შორის 49-ე ადგილი დაიკავა.

ალექსი ბენიაიძისთვის იღბლიანი არც სლალომში ასპარეზობა გამოდგა. ისევე როგორც გიგანტურში, ამჯერადაც მან ტრასის შუაწელში კარი გამოტოვა და შეჯიბრს გამოეთიშა. ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენისთვის ეს პირველი ოლიმპიური თამაშები იყო და დიდი გამოცდილების მომტანიც.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვებ-საიტის ცნობით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ზამთრის თამაშებზე სამთო-სათხილამურო სპორტში საუკეთესო შედეგი ზურაბ ჯიჯიშვილს ეკუთვნის, რომელიც 1994 წელს ლილეჰამერში მე-14 ადგილზე გავიდა.

www.msy.gov.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120374