ყოფილმა მცველმა, პორტუგალიელმა აბელ შავიერმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. მან პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე “ოლიანენსე” ჩაიბარა.
პორტუგალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 40 წლის აბელ შავიერი “ოლიანენსეს” 2014 წლის ზაფხულამდე უთავკაცებს.
საფეხბურთო კარიერის დროს, აბელ შავიერს არაერთ გუნდში უთამაშია. მათ შორისაა “ბენფიკა”, პსვ, “ევერტონი”, “ლივერპული”, “გალათასარაი” და “რომა”. 1993-2002 წლებში, შავიერმა, პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში, 20 თამაში ჩაატარა. მან გულშემატკივრებს თავი ექსტრავაგანტური ვარცხნილობითა და კიდევ იმით დაამახსოვრა, რომ ევრო 2000-ის ნახევარფინალში, საფრანგეთთან გამართულ მატჩში, საკუთარი კარის ხაზზე ხელით ითამაშა და ზინედინ ზიდანს ოქროს გოლის გატანის საშუალება მისცა.