კალათბურთი

19:37 | 14.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

A დივიზიონში გადასვლის შანსი დაიკარგა

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მატჩი წააგო და ვინაიდან კონკურენტებს საგრძნობლად ჩამორჩა, ელიტაში აღზევების შანსი დაკარგა.

ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე ტურნირზე, დავით უსტიაშვილის შეგირდები ამჯერად ბელარუსთან დამარცხდნენ – 63:82. თამაშის ბედი, ფაქტობრივად, მე-2 მეოთხედში გადაწყდა, რომლის მე-2 ნახევარშიც ქართველებმა მონაკვეთი 0:18 (!) დათმეს და ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხეს. ბელარუსებმა სწორედ მე-2 და მე-4 მეოთხედებში გაილაღეს, რომლებიც თითქმის იდენტური ანგარიშებით – 25:11 და 25:13 მოიგეს.

ქართველთა ძირითადი ცენტრის მერაბ მირზიაშვილის არყოფნის (მან პირველივე მატჩში ტრავმა მიიღო) ფონზე, მეტოქემ მოხსნებში 46:36 იმარჯვა, სროლებში კი ჩინებული პროცენტული მაჩვენებლები ჰქონდა – 32 62-დან (51.6%).

თავის მხრივ, საქართველოს ნაკრებმა 71-დან მხოლოდ 23 სროლა (32.4%) გამოიყენა. უკვე მერამდენედ ქართველი კალათბურთელები აქცენტს შორეულ ტყორცნებზე აკეთებდნენ, თუმცა, 33-დან მხოლოდ 10 სამქულიანი ჩააგდეს, ბელარუსებმა კი პერიმეტრიდან 15-დან 6 სროლა გამოიყენეს.

ქართველთაგან ტრადიციულად ბექა ბურჯანაძე გამოირჩა, რომელმაც მორიგი ორმაგი დუბლი (15 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა, თუმცა, მის გარჯას წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგანაც თამაშიდან 22-დან მხოლოდ 5 ბურთი (10-დან 2 ორქულიანი და 12-დან 3 სამქულიანი) ჩააგდო. 10 ქულა მიითვალა ირაკლი მიქელაძემ.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ოთხ შეხვედრაში ერთადერთი გამარჯვება აქვს, მომდევნო მატჩს კი 15 ივლისს ჰოლანდიელთა წინააღმდეგ ჩაატარებს. თამაში თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება. 

ევროპის ჩემპიონატი 20-წლამდე კალათბურთელთა შორის. B დივიზიონი. სარაევო (ბოსნია-ჰერცეგოვინა). B ჯგუფი. მე-2 ტური. 100 მაყურებელი

ბელარუსი – საქართველო 82:63 (17:19, 25:11, 15:20, 25:13)

საქართველო: ბოლქვაძე (24 წ. 8 ქ.), ლილუაშვილი (6 წ. 2 ქ.), ბურჯანაძე (38 წ. 15 ქ. 11 მ. 4 პ.), ტომარაძე (9 წ. 3 ქ.), გოგოძე (14 წ. 7 ქ. 4 მ.), მიქელაძე (34 წ. 10 ქ. 3 მ. 5 პ.), კვანტალიანი (14 წ. 2 ქ.), ცირეკიძე (28 წ. 8 ქ. 8 მ.), აბულაძე (26 წ. 8 ქ. 3 პ.), სანაძე (7 წ.).

მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი.

0.11758