პოლონეთის საჩოგბურთო ნაკრებმა პირველად მოახერხა ჰოფმანის თასის დაუფლება. შარშან პოლონელები ფინალში გავიდნენ, გადამწყვეტი მატჩი კი ფრანგებთან დათმეს. წლეულს დასავლეთსლავებმა გადამწყვეტი პაექრობა აშშ-ის ნაკრებს მოუგეს.
ავსტრალიის ქალაქ პერტში ჩატარებული ტურნირის ფინალის პირველ შეხვედრაში რეიტინგსიის მეხუთე ნომერმა აგნეშკა რადვანსკამ კლასიფიკაციის უპირობო ლიდერ სერენა უილიამსს 6:4, 6:7, 6:1 სძლია, მატჩის ანგარიში კი 29 წლის ჯონ იზნერმა (კლასიფიკაციაში მეთვრამეტეა) გაათანაბრა. ჯონმა რეიტინგის 43-ე ნომერს, 5 წლით უმცროს იეჟი იანოვიჩს 7:6, 6:4 მოუგო.
ფინალის გადამწყვეტი ორთაბრძოლა წყვილთა შორის ჩატარდა. რადვანსკასა და იანოვიჩის დუეტმა უილიამსისა და იზნერის ტანდემი 7:5, 6:3 დაამარცხა და პოლონეთს ჰოფმანის თასი მოუპოვა.
ჰოფმანის თასის წლევანდელი გათამაშების საპრიზო ფონდი მილიონი დოლარია.