ძიუდო

1:09 | 10.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა

გუშინ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მზადების ახლებური სისტემის შესახებ იმსჯელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაკრების წევრების მომზადებას ამ ოლიმპიადისთვის, ამიტომ ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა აღმასკომის წევრებს შესთავაზა ინდივიდუალურად მიუდგნენ იმ ძიუდოისტების მომზადებას, რომლებიც ოლიმპიური თამაშების მონაწილეებად მოიაზრებიან.

თითოეულ ასეთ სპორტსმენს უშუალოდ ეყოლება მწვრთნელი კურატორი, რომელიც ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად, სპორტსმენის შეხედულებების გათვალისწინებით, მომზადების გეგმას შეიმუშავებს და მას ფედერაციის აღმასკომთან შექმნილ სპეციალურ საბჭოს წარუდგნეს. ეს უკანასკნელი სახელოვანი მწვრთნელებითა და ტიტულოვანი სპორტსმენებით იქნება დაკომპლექტებული.

საბჭო საქმის კურსში იქნება თუ როგორ მიმდინარეობს თითოეული ძიუდოისტის მომზადების პროცესი და დაგეგმვის შედეგად, რომელ შეჯიბრში უნდა მიაღწიოს მან წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგს. თავის მხრივ, საბჭო რეკომენდაციებით დაეხმარება მწვრთნელებს. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ეროვნული ნაკრების მწვრთნელთა არსებულ კონტინგენტს დაემატება კიდევ ორი მწვრთნელი.

აღმასკომმა იმსჯელა ახალგაზრდული და კადეტთა ნაკრებების შესახებაც. საერთაშორისო კალენდრის მიხედვით, კადეტთა ნაკრები წლის პირველ ნახევარში, ფაქტობრივად, ასრულებდა სეზონს, ხოლო ახალგაზრდულ ნაკრებს სეზონის უმთავრესი შეჯიბრებები წლის მეორე ნახევარში ჰქონდა.

ამიტომ ორივე ნაკრების წევრთა უკეთ მომზადებისა და მათი დაოსტატების მიზნით, გადაწყდა ამ ნაკრებების გაერთიანება. ორივე ნაკრების მწვრთნელები ერთად იმუშავებენ და ამასთანავე იზრუნებენ, რომ 2016 წლის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა ძიუდოისტებს გაუიოლდეთ ასპარეზობა უფროსი ასაკის ძიუდოისტთა ტურნირებში.

აღმასკომმა ხმათა უმრავლესობით ნაკრების მზადების ახლებური სისტემა მოიწონა. ფედერაციის პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს უფლება მიეცა ერთი კვირის ვადაში დანიშნოს ეროვნული ნაკრების ორი ახალი მწვრთნელი და ამავე დროს, დაასახელოს ის მწვრთნელები, რომლებიც ახალგაზრდულ და კადეტთა ნაკრებებს გაუძღვებიან.

0.123483