ფეხბურთი

17:26 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

დარასელია ახალ გუნდს აყალიბებს

ქუთაისის “ტორპედო” 18 წლის მცველმა ზურაბ გელაშვილმა და 20 წლის ნახევარმცველმა თეიმურაზ მარკოზაშვილმა დატოვეს. ორივემ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში ქუთაისელთა რიგებში 9-9 მატჩი ჩაატარა. “ტორპედოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა კლუბის მიერ შეთავაზებული ახალი კონტრაქტის ხელმოწერა არ ისურვეს.

“ქუთაისის „ტორპედოს“ ბაზაზე სავარჯიშოდ და საცხოვრებლად თითქმის ყველა პირობაა შექმნილი. ამ ეტაპზე ბაზის კოსმეტიკური მხარეა დასახვეწი და ესეც გამოსწორდება. უკვე ორჯერადი ვარჯიშები დავიწყეთ და სანამ უცხოურ შეკრებაზე წავალთ, კვირაში 3-4-ჯერ მაინც ასეთი რეჟიმი გვექნება. როგორც იცით, ახალი გუნდის ჩამოყალიბების პროცესში ვართ და საჭიროა, ხშირად ვიყოთ ფეხბურთელებთან ახლოს. ერთმანეთს უნდა შევეჩვიოთ და ამიტომ, ყველა ღონეს ვიყენებთ საამისოდ. რაც უფრო მეტს ვივარჯიშებთ, მით უფრო კარგ შედეგებს ვაჩვენებთ. ჯერჯერობით ჩვენ არ ვგეგმავთ ამხანაგურ თამაშებს საქართველოში. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დავიმატოთ ფეხბურთელები “ტორპედოს” დუბლებიდან. ფაქტობრივად, ესეც ჩვენი გუნდია. უახლოეს მომავალში ძირითადად ორმხრივ თამაშებს ჩავატარებთ. აქ არიან პერსპექტიული ფეხბურთელები. მათაც ვავარჯიშებთ და დავაკვირდებით, რომ სტიმული ჰქონდეთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გარდა დუბლშემადგენლობისა, ჭაბუკთა გუნდებშიც არიან. მათ უნდა დაინახონ, რომ “ტორპედოს” დღევანდელი ხელმძღვანელობა ყველა მხარეს აქცევს ყურადღებას” – იუწყება “ტორპედოს” ვებგვერდი გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი დარასელიას სიტყვებს.

31 იანვარს “ტორპედო” 2-კვირიან შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ქუთაისელთა ერთ-ერთი მეტოქე უნგრეთის მოქმედი ჩემპიონი “დებრეცენია”, რომელთანაც “ტორპედო” 7 თებერვალს ისპარინგებს.

0.113139