ზაზა ფაჩულიას ბოლოდროინდელი დამაჯერებელი ასპარეზობა შეუმჩნეველი არც “მილუოკი ბაქსის” თავკაც ჯეისონ კიდს დარჩენია. ეს უკანასკნელი ქართველი ცენტრის გარჯით აქამდეც კმაყოფილი იყო, ამჯერად კი, ზაზა კიდევ ერთხელ შეაქო.
“ის ნამდვილი კაცია. ფაჩულია როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა ჩვენი გუნდის ლიდერია. ყოველთვის, როდესაც ამ ლიგაში სათამაშო წუთები გეძლევა, ყველაფერი უნდა აჩვენო, რაც შეგიძლია. ყველამ ვიცით, რომ Z-ს პასის მიცემა, სროლა და მოხსნა შეუძლია, წუთების მომატების შემდეგ კი, ის ლამის ყველა მატჩში ორმაგ დუბლს ასრულებს და ფარზეც შეუდარებლად იბრძვის”.
კიდი მართალია. ფაჩულია სასტარტო ხუთეულს 26 დეკემბერს დაუბრუნდა და 10 ქულასა და 10 მოხსნაზე მეტს თითქმის მუდმივად აგროვებს. სწორედ ზაზას და ჯონ ჰენსონის დამსახურებაა, რომ პირადი მიზეზების გამო უქმად მყოფი ლარი სანდერსის არყოფნაში, მილუოკელებს პრობლემები არ შექმნიათ. ბოლო თამაშებია, “ბაქსის” მაღლების წყვილის საერთო საშუალო მონაგარი 20.3 ქულა და 15.5 მოხსნაა.
“მეც ის ვიცი, რომ სანდერსი პირადი მიზეზების გამო ვერ თამაშობს, თუმცა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და მისთვის, კარი ყოველთვის ღიაა. ახლა, სეზონის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ვიმყოფებით და მიუხედავად სირთულეებისა, რაც შეიძლება მეტი მატჩი უნდა მოვიგოთ. “მილუოკის” სიძლიერე ისაა, რომ სასტარტო ხუთეულის წევრებს სათადარიგოები კარგად ცვლიან, ამდენად, კონკრეტულ მოთამაშეებზე დამოკიდებულნი ნაკლებად ვართ”, - განაცხადა ფაჩულიამ.