ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მორიგ მატჩში ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” გასვლით მატჩში “ფილადელფია” 20-ქულიანი სხვაობით 97:77 გაანადგურა. ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და “მილუოკელთა” რიგებში პარკეტზე ყველაზე მეტი დრო - 32 წუთი დაჰყო. ფაჩულიამ გუნდს 11 ქულა, 12 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე ), 7 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.
ქართველმა ცენტრმა 10-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და 1-დან ერთი საჯარიმო სროლა გამოიყენა. ზაზამ 5 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი 4-ჯერ დაკარგა. ფაჩულიას მოედანზე ყოფნის პერიოდში, “მილუოკიმ” მეტოქეს 17 ქულით მეტი ჩაუგდო.
ზაზას მხოლოდ 3 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე, ხოლო ორმაგი დუბლი მისთვის უკვე ჩვეულ ამბად იქცა. ჩვენებურმა მიმდინარე სეზონში მეექვსე ორმაგი დუბლი შეასრულა.
“მილუოკის” 19 მოგება და 18 წაგება დაუგროვდა. ჯეისონ კიდის შეგირდები აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს იკავებენ.