ჩოგბურთი

17:35 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

8 ქართველი WTA-ს რეიტინგში

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 3 ადგილი დაკარგა და 499 ქულით 128-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. ანა წლეულს კორტზე გასვლას აღარ აპირებს, ამდენად, მოწინავე ასეულში დასაბრუნებლად ახალი სეზონიდან იბრძოლებს.

სულ, განახლებულ კლასიფიკაციაში 8 ქართველი ჩოგბურთელია: 128 (125). ანა ტატიშვილი – 499 ქულა; 223 (224). სოფო შაფათავა – 262; 299 (281). ოქსანა კალაშნიკოვა – 160; 465 (464). მაკა ჩახნაშვილი – 74; 493 (523). ეკატერინე გორგოძე – 67; 722 (727). სოფო ქვაცაბაია – 28; 1196 (1195). თამარ ჭალაგანიძე – 3; 1204 (1203). მარიამ ბოლქვაძე – 3;

მიმდინარე კვირაში სოფო შაფათავა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება და 25-ათასიან ტურნირში მე-5 განთესვით ჩაებმება. ქართველის პირველი მეტოქე რუსი მარგარიტა ლაზარევა იქნება. წყვილებში მე-3 რეიტინგის მქონე შაფათავა და უკრაინელი ანასტასია ვასილიევა იმავე ლაზარევას და სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩს დაუპირისპირდებიან.

მანჩესტერის 10-ათასიან ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში მოსინჯავს ძალებს მარიამ ბოლქვაძე, ხოლო ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ეკატერინე გორგოძე, სოფო ქვაცაბაია და ანა ქადაგიძე ითამაშებენ. ანტალიაშივე, ვაჟთა 10-ათასიან ტურნირში იასპარეზებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

0.120827