ჭადრაკი

18:17 | 26.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

70-ე გაიხსნა

ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ქალ მოჭადრაკეთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატის კენჭისყრა შედგა, რომელსაც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი დაესწრნენ.

შეგახსენებთ, ტურნირში მონაწილეობს 12 მოჭადრაკე:

  1. სოფიკო გვეტაძე
  2. სოფიკო ხუხაშვილი
  3. მაკა ფურცელაძე
  4. ლიკა კობეშავიძე
  5. ლიკა ხურცილავა
  6. ნინო ხურციძე
  7. სოფიკო გურამიშვილი
  8. მერი არაბიძე
  9. სალომე მელია

10.  ანა კუჭავა

11.  მაია ლომინეიშვილი

12.  ნინო ბაციაშვილი

 

გია გიორგაძე: “ასეთი დიდი საპრიზო ფონდი, როგორიც ამ ჩემპიონატშია, არასოდეს ყოფილა. ეს საქართველოს სპორტის სამინისტროს დამსახურებაა. მინდა ასევე გაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისში ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ტურნირს ვუმასპინძლებთ. აქვე, მინდა მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე”.

ლევან ყიფიანი: “უპირველესად, გილოცავთ 26 მაისს. ჭადრაკი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული სახეობაა. ამ ცოტა ხნის წინ გაგვახარა ბელა ხოტენაშვილმა, რომელმაც გრან პრის ტურნირი მოიგო. ნონას მიერ აგიზგიზებული ალი ახალგაზრდებმა განაგრძეს. ვეცდებით, რომ გრან პრის ერთ-ერთი ეტაპი, რომელსაც 2014 წელს თბილისი უმასპინძლებს, კარგად ჩავატაროთ”.

ლერი ხაბელოვი: “გილოცავთ დღევანდელ დღეს. 70 წელია ტარდება საქართველოს ჩემპიონატი. ასეთი თარიღი სპორტის ბევრ სახეობას არ აქვს. მოხარული ვიქნები, თუ ჭადრაკი ოლიმპიური სახეობა გახდება”.

ნონა გაფრინდაშვილი: “გილოცავთ დღევანდელ დღეს. მთელი ჩემი ცხოვრება ჭადრაკს მივუძღვენი და არ მახსოვს, რომ საქართველოს ჭადრაკის გახსნის ცერემონიალს ასეთი თანამდებობის პირები დასწრებოდნენ”.

ამის შემდეგ შედგა კენჭისყრა. პირველ ტურში, რომელიც ხვალ 13.00 საათზე დაიწყება, მოჭადრაკეები შემდეგი თანმიმდევრობით დაწყვილდნენ: გვეტაძე-ბაციაშვილი, ხუხაშვილი-ლომინეიშვილი, ფურცელაძე-კუჭავა, კობეშავიძე-მელია, ხურცილავა-არაბიძე, ხურციძე-გურამიშვილი.

აღნიშნული ჩემპიონატი ერთ წრედ ჩატარდება. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ბერგერის კოეფიციენტს, მოგებების რაოდენობას და პირად შეხვედრაში ნაჩვენებ შედეგს მიენიჭება.

ჩემპიონი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

I-II ადგილებზე გასული მოჭადრაკეები, 2014 წლის ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე დაფინანსდებიან.

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები უკონკურსოდ დაიშვებიან საქართველოს ქალთა 71-ე ჩემპიონატზე და წარდგენილი იქნებიან სტიპენდიაზე.

საპრიზო ფონდი I-V ადგილზე გასული მოჭადრაკეებისთვის შემდეგი თანმიმდევრობით გადანაწილდება: I – 5000 ლარი, II – 4000, III – 3500, IV – 2000, V – 1500.

დასვენების დღე - 2 ივნისი

0.517506