რაგბი

15:52 | 21.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცას სერიებში დაბრუნების შანსი

 

იყო დრო, როდესაც საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა და მსოფლიო სერიებშიც რეგულარულად იღებდა მონაწილეობას, მაგრამ მერე და მერე უძლიერესი შემადგენლობის თავმოყრა რომ ვერ ხერხდებოდა, პოზიციებიც დაიკარგა. მიუხედავად ამისა, გადამწყვეტ მომენტში სოლიდური გუნდი მაინც რომ იკრიბებოდა, “ბორჯღალოსნებმა” 2001 წლიდან მოყოლებული აგერ უკვე მეოთხედ მოიპოვეს 7-კაცა მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლება და ამა წლის ივლისში მოსკოვში თამაში დაიბევეს.

ეს ჯერ კიდევ შარშან მოხდა და მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე 7-კაცა ნაკრებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს გადასაჭრელი. რაგბის ეს მიმართულება ზაფხულის ოლიმპიადის ერთ-ერთი სახეობა რომ გახდა (2016 წლიდან), მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ მას დიდი ყურადღება დაუთმო და მსოფლიო სერიების ჩატარების ფორმატმაც რეფორმები განიცადა. ყოველწლიურად დგინდება იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც სერიის ყველა ეტაპზე მონაწილეობის უფლებას იღებს და მათ ემატება სამი ნაკრები, რომლებიც ამ უფლების მისაღებად იბრძვიან. უფრო სწორად, კონტინენტის გამორჩეულ გუნდებს (გარდა იმ ნაკრებებისა, რომლებიც რეგულარულად მონაწილეობენ მსოფლიო სერიებში), ერთი კონკრეტული წლის სერიის ჯამში უარესი მაჩვენებლის მქონე ნაკრებები ემატებიან და ისინი მომავალ სერიებში მონაწილეობის უფლებისთვის იბრძვიან.

პირველი შესარჩევი ეტაპი ამა წლის 22-24 მარტს ჰონკონგში ტარდება და იქ საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული 7-კაცა რაგბის ტურნირი HSBC Hong Kong Sevens-ი, 1999 წლიდან იმართება და IRB-ის 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს. იქ ძირითადი ტურნირის გარდა, რომელშიც მონაწილეობას 7-კაცა რაგბის უძლიერესი ნაკრებები მიიღებენ (16 გუნდი), საკვალიფიკაციო ტურნირიც ჩატარდება და მასში მონაწილე 12 გუნდი სამ ჯგუფში იქნება გადანაწილებული.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში იაპონიის, ბრაზილიისა და იამაკის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. დანარჩენ შესარჩევ ჯგუფებში გუნდები ასე არიან გადანაწილებულნი - E ჯგუფი: ტაივანი, ტონგა, ტუნისი, ურუგვაი. G ჯგუფი: კუკის კუნძულები, მექსიკა, რუსეთი, ზიმბაბვე.

ჩვენი გუნდი პირველ მატჩს 22 მარტს, პარასკევს, თბილისის დროით 12:22 საათზე იამაიკასთან გამართავს. ეს ამ ტურნირის მეორე თამაში იქნება, გახსნითი შეხვედრა კი 22 წუთით ადრე ზიმბაბვესა და მექსიკის გუნდებს შორის გაიმართება, რაც ასევე შესარჩევი ეტაპის მატჩია. შაბათს, თბილისის დროით გამთენიის 05:22 საათზე ქართველთა მეტოქე ბრაზილიის ნაკრები იქნება. “ბორჯღალოსნებს” პულში დასკვნით შეხვედრა შაბათს, 23 მარტს, თბილისის დროით 14:10 საათზე იაპონიასთან უწევთ. აღსანიშნავია, ბრაზილიაში რაგბი მას შემდეგ განვითარდა, რაც ის ოლიმპიური სახეობა გახდა (2016 წელს ოლიმპიადას სწორედ ბრაზილია მასპინძლობს) და ორი ზელანდიელი მორაგბის ნატურალიზირებაც მოახდინა.

ჰონკონგის შესარჩევი ტურნირის ოთხი საუკეთესო გუნდი მომდევნო შესარჩევ ეტაპზე გადის, რომელიც ამა წლის მაისში ლონდონში გაიმართება (Marriott London Sevens). ლონდონის შვიდკაცაზე პირველი ეტაპის ოთხი საუკეთესო გუნდი და ჰონკონგის ნაკრები (რ5ომელიც შინაურ ეტაპზე მოწინავე 16 გუნდს შორისაა) IRB-ს მსოფლიო სერიის რეიტინგში ბოლო სამ ადგილზე მყოფ გუნდებს საგაისოდ სერიაში ადგილის დამკვიდრების მიზნით შეებრძოლებიან. რაც შეეხება ჰონკონგის შესარჩევ ეტაპს, იქ სამი ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო ნაკრები და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი, მეოთხედფინალში თამაშის უფლებას მიიღებს, ნახევარფინალებში გასული გუნდები კი, უკვე ლონდონის საგზურით იქნებიან დაჯილდოვებული, თუმცა, თასისთვის ბრძოლა მაინც ბოლომდე გაგრძელდება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ, ჰონკონგის ტურნირის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნაკრებში ეროვნული გუნდის მორაგბეებიც გამოიძახა. “ბორჯღალოსნები” ჰონკონგში 17 მარტს გაემგზავრნენ და მწვრთნელმა თან 3 ლეგიონერი და 9 ქართულ კლუბებში მოთამაშე მორაგბე იახლა. ლეგიონერები არიან ვიტო კოლელიშვილი “კლერმონიდან”, ალექსანდრე თოდუა “ალბიდან” და თედო ზიბზიბაძე “პერიგოდან”. 7-კაცა ნაკრებში ყველაზე მეტი, 3 წარმომადგენელი თბილისის “არმიას” ყავს, 2 მორაგბე ქუთაისი “აიადანაა”, ხოლო თითო-თითო მოთამაშე “არმაზიდან”, “ბათუმიდან”, “ლელოდან” და “ლოკომოტივიდანაა”. აქედან ორი - ირაკლი მაჩხანელი და ლაშა ხმალაძე ეროვნული გუნდის უცვლელი წევრები და 7-კაცაშიც გამოცდილი მორაგბეები არიან, რაც საბოლოო წარმატების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.

 

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ჰონკონგში ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: 1. ზურაბ ძნელაძე (“აია”, ქუთაისი), 2. ბახვა კობახიძე (“არმია”, თბილისი), 3. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი), 4. ირკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), 5. შავლეგ მახარაშვილი (“ბათუმი”, ბათუმი), 6. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), 7. ლევან გოგოლაშვილი (“არმია”, თბილისი), 8. ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), 9. ალექსანდრე თოდუა (“ალბი”, საფრანგეთი), 10. გიორგი ჯიმშელაძე (“არმია”, თბილისი), 11. გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი), 12. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი).

მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია

თეგებიშვიდკაცა
0.210235