საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, 2014 წლის ევროპის გრან პრის მეოთხე, დასკვნითი ეტაპის მეორე სათამაშო დღეს, ბუქარესტში მასპინძელი რუმინეთი 14:5 დაამარცხა და IX ადგილისთვის პორტუგალიას ეთამაშება.
ინგლისთან 0:22, ბელგიასთან 14:17 და უელსთან 5:38 მარცხის შემდეგ, კახა ალანიას შეგირდები ბოლო ადგილის კანდიდატებად იქცნენ, მაგრამ ერთი კვირის წინანდელი მანჩესტერული კრახისგან თავის დაღწევა მოხერხდა. IX ადგილის ნახევარფინალში, ქართველთა მეტოქე აქაც რუმინეთი იყო და მარცხი უფრო რეალური ჩანდა, რადგან მსაჯის სიმპატია, ამჯერად, აშკარად მასპინძელთა მხარეს იქნებოდა. ასეც მოხდა და რეფერიმ სანდრო ნიჟარაძე გაასინბინა, მაგრამ კაცნაკლულმა ქრთველებმა იქით შეძლეს ლელოს გატანა.
გიორგი ფრუიძე მარცხენა ფლანგზე რომ გაიქცა, ალამთან ლელოს უპრობლემოდ გაიტანდა, მაგრამ გარდასახვის 2 ქულას დახარბდა, ორი მდევარის გამოტოვებით ბახვა კობახიძეს უპასა და მანაც ბურთი ძელებსშუა დაამიწა, თუმცა რეფერიმ წინპასი დაფიქსირა და დაახლოებით 30-35 მეტრში ჯარიმის უფლება დაგვიბრუნა. ბურთის აუტზე გადატანას დერეფნის მოგება მოჰყვა, ირაკლი გეგენავამ მცველები ცრუმოძრაობით დააბნია, ხაზი გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო შავლეგ მახარაშვილმა გარდასახავა გამოიყენა.
მეორე ტაიმში უკვე რუმინეთი ჯარიმდებოდა ხშირად, მაგრამ რეფერის ჯიბეზე ხელის გავლება არც უფიქრია. მიუხედავად ამისა, კარის წინ ბურთის გათამაშების შემდეგ, ფრუიძემ ჯიქურ გაჭრა ხაზი და მეორე ლელო გაიტანა, რასაც მახარაშვილმა კვლავ ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთი რჩებოდა და რეფერიმ ახლა უკვე იოსებ კიკვაძე გაასინბინა. რუმინელებმა უპირატესობით სულ ბოლოს ისარგებლეს და ლელო გაიტანეს, მაგრამ სიჩქარეში ჯერ გარდასახვა გააფუჭეს, მერე ბურთი თამაშში ხეირინად ვერ შეიყვანეს და საქართველოს ნაკრებმაც, 14:5 მოგებით მე-9 ადგილისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე იტალიის მძლეველი პორტუგალია იქნება.
საქართველოს ნაკრები ბუქარესტის ტურნირზე: ზურაბ ძნელაძე, ალექსანდრე ნიჟარაძე, ალექსანდრე ხუციშვილი, ირაკლი გეგენავა, ბიძინა სამხარაძე, შავლეგ მახარაშვილი, ბახვა კობახიძე, რამაზ ხარაზიშვილი, იოსებ კიკვაძე, გიორგი ფრუიძე, გიორგი ჯიმშელაძე, ლევან გოგოლაშვილი.