საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები დამდეგ უქმეებზე მოსკოვში, “ლუჟნიკის” მომცრო არენაზე, ევროპის “გრან პრის” მეორე ეტაპზე იბურთავებს.
წელს “გრან პრი” 4-ეტაპად ტარდება. შარშან ორ-ეტაპად შეკვეცილ ტურნირზე მხოლოდ მერვე ადგილი დავიკავეთ და ვერ მოვხვდით მსოფლიო სერიის შესარჩევში (ჰონკონგი 2014), წელს კი, გუნდი იქ აუცილებლად უნდა მოხვდეს, რათა სერიაში გასვლით, 2016 წლის ბრაზილიის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის იბრძოლოს. მსოფლიო სერიის მიღმა დარჩენის შემთხვევაში, საკონტინენტთაშორისო შესარჩევი ეტაპით სამხრეთამერიკაში გამგზავრების შანსი მაინც დაგვრჩება, მაგრამ სერიაზე მიღებული გამოცდილება გუნდს ნებისმიერ შემთხვევაში წაადგება.
ევროპის “გრან პრის” პირველ ეტაპზე, სამი კვირის წინ, ლიონში (საფრანგეთი) სამი თამაში მოვიგეთ (იტალიასთან 24:12, გერმანიასთან 24:21, ინგლისთან 17:12), სამიც წავაგეთ (საფრანგეთთან 7:26, ბელგიასთან 12:14 და შოტლანდიასთან 15:21) და VI ადგილზე დავაფინიშეთ, წინა კვირაში კი, ჩვენი 7-კაცა რომში (იტალია) მოითელა:
16 გუნდში V-VIII ადგილები გაიყო - პულში 31:5 დაამარცხა რომის კლუბი “კაპიტოლინა” და 43:0 სახელდახელოდ შეკრებილი “იდუმალები” (კლანდესტინოს), მაგრამ 12:15 წააგო ბრაზილიასთან; თასის მეოთხედფინალში იტალიასთანაც დამარცხდა (0:12) და გავარდა.
ერთია მოსათელი ტურნირი და სულ სხვა ევრო-სერიის ეტაპი, რომელზეც ძველ “ბორჯღალოსნებს” - კახა ალანიას, პალიკო ჯიმშელაძეს, ზაზა ლეჟავასა და ნონო ანდღულაძეს შემადგენლობაც უკეთესი მიყავთ. გუნდი გაძლიერებულია გამოცდილი “ბორჯღალოსნებით” და მომართულია იმისათვის, რომ მოსკოვში ლიონის შედეგი გააუმჯობესოს.
“ლუჟნიკში” საქართველო შაბათს (28/06) პულში ეთამაშება ინგლისს (11:06 საათი, ჩვენი დროით), რუმინეთს (14:06) და საფრანგეთს (17:06). შეჯიბრი ახალი, ოლიმპიური სისტემით ტარდება: სამი 4-გუნდა პულიდან საკვირაოდ (29/06) შეირჩევა რვა უკეთესი: სამივე პირველი, სამივე მეორე და ორი უკეთესი მესამე. მეოთხედფინალი დილის ათზე დაიწყება, ნახევარფინალი თორმეტის ნახევარზე (11:28), ფინალური ბლოკი კი (6 მატჩი) 14:40-დან 17:30-მდე გასტანს.
პალიკო ჯიმშელაძე: “მოსამზადებელი ტურნირი რომში გავიარეთ. სამწუხაროდ, ტრავმებმა ჩვენი გეგმები არია და ტურნირზე ბოლოს სულაც ცხრა მოთამაშით დავრჩით. ახლა დაგვემატნენ 15-კაცა ნაკრების წევრები, ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებული. მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ მოედანზე ვვარჯიშობდით, სადაც მაქსიმალურ ყურადღებას სათამაშო სიტუაციებს ვაქცევდით, ტაქტიკას ვამუშავებდით და ვფიქრობთ, კარგი შედეგი გვექნება”.
კახა ალანია: “რთული ჯგუფი შეგვხვდა. გააჩნია მეტოქე გუნდები რა შემადგენლობით ჩამოვლენ. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ინგლისი საბრძოლო შემადგენლობით მოდის. ჯგუფში მხოლოდ რუმინეთია ისეთი, რომლზეც თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ უნდა მოვუგოთ. ჩვენ ყველა თამაშში ბოლომდე ვიბრძოლებთ. სისტემის ცვლის შემდეგ, მეოთხედფინალში გასვლის შანსი ყველას აქვს და მთავარი მეორე დღის პირველი თამაში იქნება”.
ზაზა ლეჟავა: “7-კაცა რაგბი ის თამაშია, რომელშიც შეიძლება ნებისმიერ გუნდს მოუგო და ასევე, ნებისმიერ მეტოქესთან დამარცხდე. ჩვენი საქმე სწორედ ისაა, რომ მოგებამ წაგებები გადაწონოს. ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბა, ბიჭები მოტივირებულები არიან, ზაფხულის ბოლო ეტაპია და წარმატებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ”.
საქართველოს შვიდკაცა მოსკოვის ეტაპზე: 1. ზურაბ ძნელაძე, 2. ლაშა მალაღურაძე, 3. ალექსი ხუციშვილი, 4. ალექსი ტუჩაშვილი, 5. მერაბ კვირიკაშვილი, 6. ბიძინა სამხარაძე, 7. შავლეგ მახარაშვილი, 8. რეზო გიგაური, 9. მერაბ შარიქაძე, 10. ირაკლი მაჩხანელი, 11. გიორგი ფრუიძე, 12. თედო ზიბზიბაძე.