დიდი ბრიტანეთის საბუკმეკერო კანტორებში თემურ ქეცბაიას “ნიუკასლის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შანსები 33/1-დან 10/1-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა chroniclelive.co.uk-ი იუწყება.
ქეცბაიამ “ნიუკასლში” მუშაობის სურვილი გასულ უქმეებზე გამოთქვა, როდესაც ალან პარდიუმ თანამდებობა დატოვა და ამის შემდეგ, მასზე არაერთი ფსონი გაკეთდა.
ბუკმეკერების ფავორიტად “დერბის” თავკაცი სტივ მაკლარენი რჩება 2/1-თან, ხოლო მეორე ადგილზე “ლიონის” მთავარი მწვრთნელი რემი გარდია – 6/1-თან.
გლენ ჰოდლის შანსიც 10/1 შეფასებული, ისევე როგორც “ნიუკასლის” დროებითი დამრიგებლის ჯონ კარვერის.
ტომას ტუხელის გამწვრთნელებაზე ფსონები 10/1-თანაა შეფასებული, კრისტოფ გალტიესკის კი – 12/1-თან. თუმცა, ფრანგული “სენტ-ეტიენის” დამრიგებელი სეზონის დასრულებამდე გუნდიდან წასვლას არ აპირებს.
ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის პიტერ ბერდსლის “ნიუკასლში” მუშაობის შანსი 33/1-თანაა. აქამდე, მას მწვრთნელად არსად უმუშავია.
chroniclelive.co.uk-ის სპორტის რედაქტორმა ლი რაიდერმა ინტერვიუში განაცხადა, რომ “ნიუკასლის” დამრიგებლის პოსტზე მისთვის ქეცბაიას კანდიდატურა სერიოზული არაა.
“ქეცბაია ჩემთვის სერიოზული კანდიდატი არაა. მას შეუძლია მუშაობის სურვილი გამოთქვას, მაგრამ არ მგონია დანიშნონ. გუნდს მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ჰყავს ჯონ კარვერის სახით და უმჯობესია კლუბის მესვეურები გალტიეს ან გარდის გათავისუფლებას დაელოდონ”, - თქვა რაიდერმა.