ავტორიტეტული რუსული გამოცემის “სპორტ-ექსპრესის” ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია მოსკოვის ცსკა-ს წევრობის პოტენციური კანდიდატია.
2014 წლის ერთ-ერთი აღმოჩენა ყაზანის “რუბინის” ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ჯერ კიდევ გასული სეზონის მეორე ნახევარში მოიპოვა და მისით რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო დაინტერესდა. თუმცა, კვირკველიას ნატურალიზაციის საკითხი მაშინვე დღის წესრიგიდან მოიხსნა. 2014-2015 წლების სეზონში კვირკველიამ პროგრესი გააგრძელა და ყაზანურ გუნდში 17-ივე მატჩი პირველიდან ბოლო წუთამდე ჩაატარა, საქართველოს ნაკრების სასტარტოში დამკვიდრდა და სამშობლოში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
“რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა რინატ ბილიალეტდინოვმა დეკემბერში განაცხადა, რომ მისი გუნდის ბევრი მოთამაშესთან დაკავშირებით, რომელთა შორის კვირკველიაცაა, ყაზანელებს კონკრეტული შეთავაზებები აქვთ. პოტენციურ მყიდველებს შორის ცსკა-აცაა. ბილიალეტდინოვის თქმით, ქართველ ფეხბურთელს მრავალი წლის განმავლობაში შეუძლია არმიელთა საკვანძო მცველი გახდეს.