ესპანურმა “მარკამ” ევროპულ კლუბებში მოასპარეზე სამხრეთამერიკელი ფეხბურთელებისგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის არგენტინას 6 წარმომადგენელი ჰყავს. სიმბოლურში 3 მოთამაშე ბრაზილიას ჰყავს, ხოლო ურუგვაის და ჩილეს - თითო-თითო.
კლუბებს შორის ლიდერი “ვალენსიაა”. “ლოს ჩემ” მადრიდის “რეალი” 2:1 დაამარცა და ვალენსიელთაგან “მარკამ” არგენტინელი ფეხბურთელები ნიკოლას ოტამენდი, ლუკას ორბანი და ენცო პერესი გამოარჩია. სიმბოლურში ასევე მოხვდა “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი ანხელ დი მარია. არგენტინელი ტრავმით გამოწვეული იძულებითი დასვენების პერიოდის შემდეგ “წითელი ეშმაკების” რიგებში დაბრუნდა და ასოციაციის თასზე “იოვილს” 90-ე წუთზე გოლი გაუტანა.
გასული უიქენდის სამხრეთამერიკელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება (4-3-3):
მეკარე: ჯერონიმო რული (“სოსიედადი”, არგენტინა)
მცველები: ხოსე ხიმენესი (მადრიდის “ატლეტიკო”, ურუგვაი), ნიკოლას ოტამენდი, ლუკას ორბანი (ორივე “ვალენსია”, არგენტინა), ფელიპე ლუისი (“ჩელსი”, ბრაზილია).
ნახევარმცველები: ენცო პერესი (“ვალენსია”, არგენტინა), ანხელ დი მარია (“მანჩესტერ იუნაიტედი”, არგენტინა), ფელიპე მელო (“გალათასარაი”, ბრაზილია).
თავდამსხმელები: ალექსის სანჩესი (ლონდონის “არსენალი”, ჩილე), ჟონათასი (“ელჩე”, ბრაზილია), ლეო ულოა (“ლესტერი”, არგენტინა).