კალათბურთი

13:36 | 6.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერით გაძლიერებული “ოლიმპი” მზადებას ლატვიაში გადის

საკალათბურთო კლუბი „ოლიმპი“ საშობაო-საახალწლო არდადეგებს ვარჯიშებითა და თამაშებით დატვირთულ რეჟიმში ატარებს. კლუბი 3 იანვარს ლატვიაში, ქალაქ ვალმეირაში გაემგზავრა. 9 დღიან შეკრებას, რომელიც 12 იანვარს დასრულდება, როგორც უმაღლესი ლიგის, ასევე 20 წლამდელების გუნდიც, ლატვიაში ატარებენ. ორივე გუნდი, ლატვიის ასაკობრივი და უმაღლესი ლიგის მოთამაშეებთან, 3-3 მატჩს ჩაატარებს. თამაშების გარდა, „ოლიმპი“ ინტენსიურ წვრთნას გაივლის და განახლებული ენერგიით ჩაებმება სუპერლიგის და 20 წლამდელთა ჩემპიონატების მეორე წრეში. ეს 9 დღიანი შეკრება გუნდისთვის დიდი გამოცდილებაა, რადგან შერჩეული სპარინგ-გუნდები ძლიერ ლატვიურ კოლექტივებს წარმოადგენენ.

„ოლიმპის“ რიგებში ცვლილებაა. უმაღლესი ლიგის გუნდი შეკრებაზე განახლებული შემადგენლობით მიდის. ახალი მოთამაშე, სერბი ლეგიონერი მარკო დუჟკოვიჩია, რომელიც ცენტრის პოზიციაზე ითამაშებს. მისი სიმაღლე 226 სმ-ია.

გუნდის მთავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანი ლატვიაში გამგზავრებამდე: „შეკრების მიზანია პროდუქტიულად გამოვიყენოთ საქართველოს ჩემპიონატში არსებული ინტერვალი. ამასთანავე, ჩვენი კალათბურთელებისთვის ეს იქნება ძალიან კარგი გამოცდილება. „ოლიმპი“ ახალგაზრდული გუნდია და საერთაშორისო დონის, თუნდაც ერთი თამაშის ჩატარება უკვე დიდი პლუსია. სუპერლიგის გუნდს ლატვიის უმაღლესი ლიგის 3 უძლიერეს გუნდთან, ჩვენს 20 წლამდელებს, რომელიც ამჟამად საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატში პირველ ადგილზე იმყოფებიან, თავიანთ თანატოლებთან ექნებათ ამხანაგური მატჩები. ამასთანავე, კალათბურთელები ერთთვიან შესვენებას ინტენსიურ ვარჯიშებს დაუთმობენ და მოდუნების დრო არ ექნებათ.

ნუგო აბულაძე გამგზავრებამდე: „ლატვიაში სპორტულ შეკრებაზე მივდივართ, სადაც გვექნება ყველაფერი ის, რაც გუნდის წარმატებისთვისაა საჭირო. ყველანი ენთუზიაზმით ვართ განწყობილნი და გვიხარია. ეს ჩვენთვის განსხვავებული გამოცდილება იქნება. ვფიქრობ, რომ ლატვიაში პირველი ლიგის გუნდებთან თამაშით მიღებული გამოცდილებით უფრო მომზადებულები ჩავებმებით ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატების მეორე წრეში. ჩვენი საახალწლო არდადეგები ლატვიის წამყვან უმაღლესი ლიგის და 20 წლამდელთა გუნდებთან თამაშითა და ინტენსიური წვრთნით დატვირთული იქნება“.

ამ განცხადებების შემდეგ, "ოლიმპმა" 2 მატჩი ჩაატარა. პირველი შეხვედრა ვალმეირას პირველი დივიზიონის გუნდთან, რომელსაც სამი ლეგიონერი ჰყავს, (2 ამერიკელი და ერთი ლიტველი), გაიმართა. მიუხედავად ვალმეირას გუნდის 80:74 გამარჯვებისა, "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი, გია კაზანჯიანი, შეხვედრით კმაყოფილია, რადგან "ოლიმპის" ძირითადმა გუნდმა, ლატვიის უმაღლესი ლიგის გუნდს თანაბარი კონკურენცია გაუწია, თამაში ქულა-ქულაზე მიდიოდა და კარგი საკალათბურთო სანახაობა გამოვიდა.

"ოლიმპის" ძირითად გუნდს შემდეგი მატჩი 8 იანვარს აქვს ელგავას გუნდთან ექნება, 10 იანვარს კი კაზანჯიანის გუნდი "ვია ვალმეირა გლასს" დაუპირისპირდება.

5 იანვარს, "ოლიმპის" 20-წლამდელები რიგის ვეფ-ის ახალგაზრდებს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ჩვენების გამარჯვებით, 66:62 დასრულდა.

0.124282